რა სიახლეებით შეხვდებიან ახალ სასწავლო წელს და როგორ ატარებენ თავისუფალ დროს სკოლის დირექტორები
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლის პროცესი შეჩერებულია, თუმცა სექტემბრისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ზაფხულის მიუხედავად, დირექტორებს თავისუფალი დრო ნაკლებად რჩებათ.
Etaloni.ge დაინტერესდა, რა სიახლეებით ხვდებიან ახალ სასწავლო წელს სკოლები და ამავდროულად, ახერხებენ თუ არა დირექტორები საკუთარ თავსაც დაუთმონ დრო.
ბათუმის N17 სკოლა, ირინე ვადაჭკორია (დირექტორი): ინფრასტრუქტურის განხრით მნიშვნელოვანი სიახლეები არ გვექნება, რადგან ერთი წლის წინ ჩვენი სკოლა კაპიტალურად გარემონტდა. ახალი, დიდი სპორტული დარბაზი გვაქვს, ასევე - ღია მოედანი. აქტიურად ფუნქციონირებს ბიბლიოთეკაც. ყველა მე-6 კლასში ახალი უფასო სახელმძღვანელო შემოდის.
რაც შეეხება თავისუფალ დროს, ჯერ ვერ ვისვენებ. წყალტუბოში ლიდერობის ტრენინგები მიმდინარეობს და მივლინებით იქ მიწევს წასვლა. თუ მოხერხდა აგვისტოში, იქნებ ორ კვირით მოვახერხო დასვენება.
ბათუმის N10 სკოლა, დავით ეცადეიშვილი (დირექტორი): მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა გვექნება, ასევე, 11 მასწავლებელი სტატუსს აიმაღლებს და უფროსი მასწავლებელი გახდება.
თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მრჩება. ძირითადად, ზაფხულშიც ვმუშაობთ. როცა ვახერხებ, დასვენებას ისევ ქალაქში ვცდილობ.
მარტვილი, ონოღიას საჯარო სკოლა, ემზარ შანგუა (დირექტორი): ჩვენ სკოლას სულ მცირე ოთხი სერტიფიცირებული მასწავლებელი დაემატება. ასევე, „ეტალონს“ გვიან შევუერთდით, შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან ამ პროექტში სრულყოფილად ჩავერთვებით.
სამწუხაროდ, ამ ფონზე არდადეგები არ გვაქვს; დატვირთულები ვართ და თავისუფალი დრო არ გვრჩება.
მარტვილის N1 საჯარო სკოლა, ალექსანდრე კვესელია (დირექტორი): ჩვენ სკოლაში მასწავლებლები ყოველწლიურად გადამზადდებიან. რამე ისეთი სიახლეს ვერ გეტყვით, რაც წინა წელს არ გვქონია...
თავისუფალი დრო რეალურად არ მრჩება. ტრენინგებს ვესწრებით და მთელ ზაფხულს სკოლაში ვატარებთ.
მარტვილის N2 საჯარო სკოლა, მამუკა თვალაძე (დირექტორი): ახლა დამთავრდა სასწავლო წელი და ბევრ სიახლეს ვგეგმავთ, თუმცა ახლა ვერ ვკონკრეტდები...
თავისუფალი პერიოდი არ მაქვს. ტრენინგებიდან გუშინ დავბრუნდი და შვებულება ოქტომბრის თვიდან მეწყება. შემოდგომით კი დასვენებას მაინც ვერ ვახერხებთ.
მარტვილი, აბედათის სკოლა, ანზორ ზარქუა (დირექტორი): სიახლეები, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ამას, ალბათ, მატერიალური ბაზა და კადრების პროფესიონალიზმი გვიკარნახებს. დიდი სურვილი მაქვს საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს ნებისმიერ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში ახერხებდნენ ჩარიცხვას.
გუშინ დავბრუნდი ტრენინგიდან. დასვენებას ვერ ვახერხებ. თავისუფალი დრო არ მაქვს.
მარტვილი, გურძემის სკოლა, ჯამბულ ცაგურია (დირექტორი): სკოლაში რემონტს ჩავატარებთ და სასწავლო წელს განახლებული ინტერიერით შევხვდებით. მასწავლებლები ტრენინგებზე დადიან და ემზადებიან. ახალი სახელმძღვანელოებიც გვექნება.
რაც შეეხება თავისუფალ პერიოდს, იმდენად ბევრი საქმე გვაქვს, რომ დასვენებას ვერ ვახერხებთ.
მარტვილი, თამაკონის სკოლა, აზა გადელია (დირექტორი): ვგეგმავთ არაფორმალური განათლება გავაძლიეროთ სკოლაში და მოსწავლეებს დამატებითი სერვისი შევთავაზოთ, რომელიც ფასიან წრეს მოიცავს. ახლა სკოლაში „მხიარული სპორტი“ მიმდინარეობს და ის სექტემბრის თვიდან ისევ განახლდება.
თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება. ახლა შეფასების ჯგუფის წევრები ვმუშაობთ, მასწავლებლებს პროფესიული საქაღალდე უნდა შევუფასოთ და ისინი სტატუსის მისანიჭებლად წარვადგინოთ. მთელი ზაფხული ეს გველის. ცოტა ხნის წინ კი ტრენინგზე ვიყავი.
მარტვილი, დიდი ჭყონის N2 სკოლა, ოლეგ გულორდავა (დირექტორი): სკოლის რემონტი დაგეგმილი გვაქვს დაგეგმილი; ახალი სასწავლო წლიდან სხვადასხვა პროექტშიც ჩავერთვებით.
დასვენებას ვერ ვახერხებ, თუმცა თავისუფალი დრო თუ გამომიჩნდა, რა თქმა უნდა, მოგზაურობა მირჩევნია, საქართველოში ბევრი ლამაზი ადგილი გვაქვს.
მარნეული N5 საჯარო სკოლა, ლელა ხარშილაძე (დირექტორი): ყველაზე მთავარი არის ის, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, მილენიუმის ფარგლებში, ჩვენი სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლიდან მაღალი სტანდარტების სკოლაში შევალთ, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება.
მე, პირადად, საერთოდ ნაკლებად ვისვენებ და წელს - მითუმეტეს.
გარდაბანი, ახალსოფელი, კახაბერ კახაბერაშვილი (დირექტორი): ჯერ ჩამოყალიბებულნი არ ვართ სიახლეებთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და სექტემბრიდან გარკვეული ცვლილებები გვექნება.
რაც შეეხება თავისუფალ დროს, ეს ფაქტობრივად არ მაქვს; ამავდროულად, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, დასვენებას ვერ ვახერხებ.
მარტვილი, ვედიდკარის საჯარო სკოლა, მარინა მსხალაია (დირექტორი): მუშაობას ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით ვიწყებთ. ახლა ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, მასწავლებლები გადამზადებას გაივლიან და ახალი მიდგომებით დაიწყებენ სწავლას.
მთელი ზაფხული სამსახურში ვიქნები და ვიმუშავებ.
მარნეული, შულავერის N1 საჯარო სკოლა, შალვა ფუტკარაძე (დირექტორი): ახლა დავიწყეთ სკოლის გარემონტებაზე მუშაობა. ვამზადებთ ბიბლიოთეკას, ვაკეთებთ სპორტულ დარბაზს და კლასებს ვაწყობთ.
თავისუფალი დრო არ მრჩება. მერე იქნებ მოვახერხო ბათუმში ერთი კვირით წასვლა და დასვენება.
მარნეული, მარადისის საჯარო სკოლა, რუსლან ბოლქვაძე (დირექტორი): სკოლაში რემონტი ჩატარდება. ამჯერად სველი წერტილები მოწესრიგდება. თავისუფალი დრო, სამწუხაროდ, არ მრჩება.
მარტვილი, ლეცავეს საჯარო სკოლა, გულნაზ ცაავა (დირექტორი): ტექნიკური ბაზის განახლებას ვგეგმავთ. კერძოდ, პროექტორი და ხმის გამაძლიერებელი, ე.წ. დინამიკები არ გვაქვს და უნდა შევიძინოთ. გვინდა, ჩვენი სახსრებით სააქტო დარბაზი მოვაწყოთ.
რაც შეეხება დასვენებას, აგვისტოსკენ იქნებ ერთი კვირით ზღვაზეც წავიდე.
მარნეული, წერაქვის საჯარო სკოლა, სალომე მაყაშვილი (დირექტორი): სავარაუდოდ, სექტემბრიდან სერტიფიცირებული მასწავლებლები დაგვემატებიან. სკოლა უკვე გარემონტებულია. შესაძლებელია ბიბლიოთეკაც მოვაწყოთ.
რაც შეეხება თავისუფალი დროს, ჯერ არ მაქვს და იმედია, აგვისტოში მოვახერხებ დასვენებას.