„ჩემი მოსწავლეები ყოველთვის სიურპრიზების მოლოდინში არიან“ - მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ნომინირებული ნინო გურეშიძე
12-07-2018
პედიატრობა უნდოდა, პატარები ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა. ბავშვობის ოცნება ვერ აისრულა, მაგრამ ისევ ბავშვთა გარემოცვაში, მასწავლებლობაში იპოვა საყვარელი საქმე და საკუთარი თავი.

ექიმობაზე გული არ წყდება. ამბობს, რომ მოსწავლის სულიერ სიჯანსაღეზე ზრუნვა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. 

30 წელზე მეტია, რაც მასწავლებელია. მისი პედაგოგიური საქმიანობა არასდროს ყოფილა ჩარჩოებში მოქცეული და ყოველთვის სწავლების გამრავალფეროვნებას ცდილობდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო გურეშიძე დღეს უკვე „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეა“ ნომინირებული და ემოციებსა და განვლილ წლებს Etaloni.ge - სთან ერთად იხსენებს:

- სკოლის დირექტორისა და თანამშრომლების თხოვნით გავგზავნე აპლიკაცია. მიუხედავად მრავალი ტრენინგისა და წარმატებული პროექტისა, ვფიქრობდი, რომ სოფლის მცირეკონტიგენტიანი სკოლის მასწავლებელს, რომელსაც სულ 4 მოსწავლე ჰყავს, კონკურსში ნაკლები შანსი ჰქონდა. მაგრამ გამაოცა ჟიურის ობიეტურობამ და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ხარისხი რაოდენობაზე არაა დამოკიდებული. ბედნიერი ვარ, რომ დაფასდა ჩემი თავდაუზოგავი შრომა და ამდენ, მართლაც, გამორჩეულ პედაგოგს შორის, მე მოვხვდი საუკეთესო ათეულში. მადლობელი ვარ ჩემი სკოლის, პედაგოგებისა და დირექტორის, ქალბატონი იზოლდასი, რომელიც დიდი მოტივატორია ჩემთვის. იმდენად სასიამოვნოა ბავშვებთან ურთიერთობა და მათგან მიღებული პოზიტიური ენერგია, რომ სიხარულითა და ენერგიით ვივსები და ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე მდგარს მათი სიყვარული მაძლებინებს. 

- თავად თქვენთვის როგორია მასწავლებელი, რომელმაც განსაკუთრებით დაგამახსოვრათ თავი...

- ადამიანი პიროვნებად სასკოლო ასაკში ყალიბდება და მისი სულისა და აზროვნების ფორმირებაში მასწავლებელი დიდ როლს ასრულებს. უამრავი კარგი მასწავლებელი მყავდა. ახლა, როდესაც თავად პედაგოგი ვარ და სხვადასხვა გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ, ხშირად მახსენდება ჩემი ქართული ენის მასწავლებელი ანიკო ბარბაქაძე, რომელიც ჩვენი კლასის ხელმძღვანელი იყო და ყოველთვის ზრუნავდა სასწავლო ყოველდღიურობის გალამაზებაზე, ჩვენში ღირებულებებისა და მორალის ჩამოყალიბებაზე. ხშირად მახსენდება მისი სიტყვები და დარიგება. დღეს მე ვცდილობ, ვიყო ანიკოსნაირი მასწავლებელი და რაც მთავარია, აღმზრდელი ჩემი მოსწავლეებისთვის.

რას თვლით თქვენი, როგორც მასწავლებლის მთავარ მიღწევად?

მართალია, მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და მხოლოდ 4 მოსწავლე მყავს, მაგრამ თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, ყველას თავისი უნარი და შესაძლებლობა აქვს. თუ მასწავლებელი ბავშვის მონაცემებს არ გაითვალისწინებ და ყველას ერთნაირად მიუდგები, შედეგზე ვერ გახვალ. გავაცნობიერე, რომ დიფერენცირებული მიდგომები იყო წარმატების წინაპირობა და აქტიურად ვიმუშავე ამ მხრივ. მერწმუნეთ, ამ გზით ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა. ბავშვის დაბალი შედეგები მასწავლებლის მუშაობის სისუსტის შედეგია, ანუ პრობლემის სათავე მასწავლებელმა ყოველთვის საკუთარ თავში უნდა ეძიოს.

- 2003 წლიდან აქტიურად მონაწილეობთ მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-პროგრამებში. პირველივე წლიდან ჩაერთეთ დაწყებითი განათლების პროექტში G-PRIED, სადაც თქვენი მთავარი მიმართულება დიფერენცირებული მიდგომები და გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული სწავლებაა. რა კონკრეტულ მიდგომებს იყენებთ სწავლებაში?

- ჩემი მოსწავლეები ყოველთვის არიან სიურპრიზებისა და სიახლის მოლოდინში, მათ არასდროს იციან რას შევთავაზებ გაკვეთილზე. იმისათვის რომ სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ყოფილიყო, გავაკეთე თვალსაჩინო პოსტერები, შევქმენი ქარგები, რომელის სხვადასხვა თემატიკას მრავალფეროვნად მოერგება. მაგალითად, პერსონაჟი რას გრძნობს და რას ფიქრობს ბავშვმა თავად უნდა გამოიცნოს, მთავარი სათქმელი ტექსტში უნდა მოიძიოს. ვეკითხები, როგორ გააგრძელებდა ამ ამბავს, რას დაუკავშირებდა თავისი რეალური ცხოვრებიდან. გაკვეთილზე ვადგენთ წინადადებებს, იმპროვიზებულად განვავრცობთ სათქმელს. ამ მიდგომებით მოსწავლეები ლექსიკურ მარაგს იმდიდრებენ, ფაქტების დაკავშირება-შეპირისპირებასა და აზროვნებას სწავლობენ.

ნინო გურეშიძის მოსწავლეების შედეგებით იმდენად დაინტერესდნენ, რომ პროექტის ფარგლებში, მათემატიკის მიმართულებით განათლების ექსპერტმა გიორგი ნოზაძემ სასწავლო ფილმი გადაიღო.

საპილოტე რეჟიმში ჩატარებული გარე შეფასებისას, ნინო მასწავლებლის მოსწავლეების ცოდნის დონითა და აზროვნებით ექსპერტები განსაკუთრებით კმაყოფილნი დარჩნენ. პედაგოგმა გარე შეფასების პირველ ეტაპზე უმაღლესი ქულა დაიმსახურა.

როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში „მასწავლებლის ეროვნიული ჯილდოს მოპოვება?

- ჩემთვის მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში მოხვედრა უკვე დიდი მიღწევა და სტიმულია. პროექტის ფარგლებში მრავალი ლამაზი დღე გველოდება წინ. მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო სპეციალისტებთან, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მოგვიწევს და ჩვენი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება. 

რას გვეტყვით სამომავლო გეგმების შესახებ...

სასერთიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე. სექტემბრიდან წამყვანი მასწავლებლის პოზიციაზე ვიქნები. აუცილებლად ვიბრძოლებ, რომ მენტორი მასწავლებელი გავხდე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ნაშრომები სკოლასა და საგანმანათლებლო სივრცეს გამოადგეს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203