როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი შვილი მხატვარია და როგორ დავეხმაროთ მას ამ ნიჭის გამოვლენაში
ადამიანი შემოქმედებითი არსებაა. ზოგი პატარაობიდანვე ავლენს ამა თუ იმ უნარს, ზოგი – გვიან. ზოგს კი დრო სჭირდება, რომ პოტენციური ნიჭი განივითაროს.
საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზად ხატვა ითვლება. რასაც ბავშვი ხშირად გაუთვითცნობიერებლად ხატავს, მისი სულის მდგომარეობად ითვლება და ფსიქოლოგებისთვის ბევრ რამეს ჰფენს ნათელს.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს, თუ მას ხატვის ნიჭი აქვს და როგორ ამოვიცნოთ ნახატით, უჭირს თუ არა ბავშვს რამე? - ამ და სხვა კითხვებზე Etaloni.ge-ს ცნობილმა მხატვრებმა, რუსუდან ფეტვიაშვილმა და ზაალ სულაკაურმა უპასუხეს.რუსუდან ფეტვიაშვილი:
-ყველა ბავშვს უყვარს ხატვა. ზოგი შეიძლება ნაკლებად ნიჭიერი იყოს, ზოგი მეტად, მაგრამ მაინც ყველა ხატავს. ამიტომ, ყველა მშობელს ვურჩევ, ბავშვს სახლში მუდამ ჰქონდეს ქაღალდი, ფანქარი თუ ფლომასტერი, რადგან ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, გამოსახოს ის, რაც უნდა.
– როგორ და რა ასაკში შეიძლება შეამჩნიოს მშობელმა, რომ ბავშვს ხატვის ნიჭი აქვს? – ვფიქრობ, ყველა პატარა კარგად ხატავს. უბრალოდ, ზოგს მეტი ფანტაზია აქვს, ზოგს – ნაკლები, ზოგს კი – მეტი გამომსახველობითი ნიჭი. მნიშვნელოვანია, ბავშვმა ზუსტად ის გადმოიტანოს ფურცელზე, რასაც თვითონ ფიქრობს და განიცდის. ნახატების საშუალებით შენ შეგიძლია წაიკითხო, ბავშვს რა უჭირს, რა უხარია, რამ დათრგუნა და რა პრობლემა აქვს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ყველა ბავშვს მიეცეს ხატვის საშუალება. ნახატების მეშვეობით შეიძლება ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაგება.
– ნახატის მიხედვით თავად ხვდებით, ბავშვს რა უჭირს?
– დიახ, ვხვდები. ერთი ნახატი დამამახსოვრდა განსაკუთრებით. ბავშვმა დახატა ადამიანის მხოლოდ ტანი. არც თავი ჰქონდა და არც ფეხები. ამ ნახატმა შემზარა. ბავშვი გაუცნობიერებლად აკეთებს ამ ყველაფერს და ეს იყო მესიჯი, რომ შველა სჭირდებოდა. მშობელს ვუთხარი, აუცილებლად მიეყვანა ფსიქოლოგთან. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ძალიან უჭირდა და ფსიქოლოგმა მოაგვარა პრობლემა. ბავშვი ხანდახან თავის თავს ხატავს განზე მდგომს. ამით ამბობს, რომ ამ სამყაროში მარტო გრძნობს თავს. სხვადასხვა მესიჯებია და ამას ყურადღების მიქცევა უნდა.
– როგორ განვავითაროთ ბავშვში ხატვის ნიჭი, რა მივცეთ დასახატად – ფანქარი, აკვარელი?...
– მე აკვარელიც მქონდა თავიდანვე, მაგრამ არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც პირველივე ჯერზე აკვარელი და წყალი მივცეთ. ფერადი ფანქრები დასაწყისისთვის სრულიად საკმარისია. თუ მერე უფრო მეტი მოუნდა, თვითონ მოითხოვს. აკვარელი წყალში იხსნება და სვრის ყველაფერს. კი ირეცხება ადვილად, რადგან მსუბუქი საღებავია, მაგრამ ალბათ ყველა მშობელს არ შეუძლია ამის ატანა. იქიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, თუ რამდენი თავისუფლების მიცემა შეუძლია მშობელს შვილისთვის. თუ ამ აურზაურს ვერ ავიტანთ, ფერადი ფანქრები მივცეთ. არ უნდა დაგვეზაროს, ფანქრები გავუთალოთ. შავი ფანქრით ხატოს ხაზებში და მერე გააფერადოს.
– რისი ხატვა უნდა ვასწავლოთ თავდაპირველად?
– პირველ რიგში, ბავშვს სრული თავისუფლება უნდა მისცეთ და არ უნდა ჩაერიოთ. არ უნდა მიუთითოთ, რა დახატოს. არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ, „ეს რა დაგიხატავს“. შენიშვნის მიცემა უნდა გამორიცხოთ. იმიტომ ვერ ხატავს უკეთ, რომ არ შეუძლია. თუ მივცემთ საშუალებას, თვითოვნე დახვეწს. 9–10–11 წლის ასაკში, თუ ბავშვმა გადაწყვიტა, რომ უნდა ხატვა, მერე უნდა მიიყვანოთ მასწავლებელთან. დასაწყისში კი არანაირი ჩარევა არ შეიძლება. შეცდომაზეც არ უნდა მივუთითოთ. როგორც უნდა, ისე უნდა დახატოს. მაქსიმუმ, უნდა შევუქოთ ნახატი და მეტი არაფერი. მერე, თუ ბავშვი ნიჭიერია, აკვარელს და გუაშსაც სწრაფად დაეუფლება. ფუნჯს აუცილებლად წვრილი წვერი უნდა ჰქონდეს, რომ კარგად გამოსახოს ის, რაც სჭირდება. ჩემს ბავშვობაში საშინელი ფუნჯები იყო – გაფარჩხული.
– პირველად რითი დახატეთ?
– შავი ფანქრით. 6 წლამდე მხოლოდ ფანქარში ვხატავდი. მერე – ფლომასტერებით. მერე, 11–12 წლის ასაკში ტუშით, აკვარელით... ჩემი მშობლები არასოდეს ერეოდნენ, რას ვხატავდი. მხოლოდ და მხოლოდ მასალებს მაწვდიდნენ და ყველაზე საუკეთესო საშუალება განვითარებისა ის არის, რომ არ მიშლიდნენ ხელს, არ ერეოდნენ ჩემს შინაგან სამყაროში და მე როგორც აღვიქვამდი ამ სამყაროს, რისი დახატვაც მინდოდა, იმას ვხატავდი. ბავშვს უნდა მოუყვე მითები, ლეგენდები, საინტერესო ამბები, სულიერად უნდა გაზარდო!...
ზაალ სულაკაური: - ბავშვს თუ სულ ხატვის სურვილი აქვს, ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ მომავალში მხატვარი გამოვა. თუ გინდათ, ბავშვი ამ მხრივ განვითარდეს, მცნება, „მიეცი ნიჭსა გზა ფართო“ უნდა გამოვიყენოთ და ეს იცით რაში უნდა გამოიხატებოდეს? მშობლებმა არასოდეს უნდა მოაკლონ ბავშვს სამხატვრო ინვენტარი, რაც, სამწუხაროდ, ძვირი სიამოვნებაა. ბავშვმა არასოდეს უნდა თქვას, ხატვა მინდა და როგორ დავხატოო. თვითნასწავლიაო, რომ ამბობენ ხოლმე, რას ნიშნავს, ვერ ვიგებ. ნებისმიერს სჭირდება პედაგოგის თუ დიდი მხატვრის ზემოქმედება. რემბრანტის, რაფაელის თუ სხვების ნაწარმოებების რომ უყურებ, გემოვნება ნელ-ნელა გიყალიბდება და ბევრ რამეს სწავლობ. ნიჭი არაფერია, თუ ბევრი არ იმუშავე. რაფაელმა თქვა, ხატვა რომ ისწავლო, ამისათვის საჭიროა 1% ნიჭი და 99% მონდომებაო. შესაბამისად, თუ არ მოინდომე, კაპიკია იმ ნიჭის ფასი. ხელოვნება ასეა – თუ არ იშრომე, არაფერი გამოვა. მხატვრობა არ არის გართობა. დღე და ღამე უნდა გაასწორო, რომ რამე გამოგივიდეს.საწყის ეტაპზე ბავშვს სჭირდება თავისუფლება. აუცილებლად ბევრი უნდა ხატოს. 12–14 წლიდან უკვე უნდა დაიწყოს სწავლა ხატვის კანონების, ზომების, აგება და ა. შ. ამის სწავლის გარეშე, მე ნიჭი მაქვს და დავხატავ ჩემით აკვარელში შავ კვადრატს და დავჯღაბნი ან დავაწვეთებო, რომ ამბობენ ხოლმე, მათ მინდა ვუთხრა, რომ ასე არ ხდება. ხატვა უნდა ისწავლო და მერე დაიწყო ექსპერიმენტები. თუმცა, არსებობს განსაკუთრებული ნიჭი. რომ ნახოთ, 7 თუ 8 წლის ასაკის პიკასოს ნახატები, შეიძლება გადაირიოთ, იმდენად ძლიერია. წლების წინ გავიცანი 10 წლის ქართველი ბიჭი, ლევან სონღულაშვილი, რომელზეც მაშინვე ვთქვი, დიდი მხატვარი გახდება-მეთქი და მართლაც, ახლა ამერიკის აკადემიაში სწავლობს, სოთბის აუქციონზე ყიდის ნახატებს და აგიჟებს ქვეყანას. ეს ნიჭიერება უნდა დაინახო და გზა ფართო მისცე. აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბავშვი ხატვაზე. თუ მხატვარი არ გახდება, გემოვნება ჩამოუყალიბდება და კარგი, კეთილი ადამიანიც გახდება.
– თქვენზე რომელმა მხატვარმა მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება? – მე რემბრანტმა მასწავლა ხატვა. მწერლის ოჯახში ვარ გაზრდილი და ჩემს სახლში ბევრი მხატვარი იკრიბებოდა. ედმონდ კალანდაძე დღემდე არ იშლება ჩემი მეხსიერებიდან, რადგან მისი ნახატი კედელზე მეკიდა. დიდი მხატვრების ნახატები სულ იყო ჩემს სახლში. რომ ათვალიერებ დიდი მხატვრების ნამუშევრებს, შენი ნაწილივით ხდება და მშობლებს ვურჩევ, იმის გარდა, რომ საღებავები და სხვა ინვენტარები დაუხვავონ ბავშვებს სახლში, ასევე, აუცილებლად დაუხვავონ დიდი მხატვრების შემოქმედება. როცა ხატავ და გინდა, დიდი მხატვარი გახდე, აუცილებლად უნდა იცოდე, ვინ იყვნენ დიდი მხატვრები და ვის რა გაუკეთებია, აუცილებლად უნდა გვქონდეს ხელოვნების ისტორიაზე წარმოდგენა.
– რა დახატეთ პირველად?– ერთი წლის ვიყავი, სამი პორტრეტი რომ დავხატე. მერე, პიონერთა სასახლეში დავდიოდი ხატვაზე, მერე უნივერსიტეტში, – იქაც იყო ხატვის წრე. ყველა ბავშვს აქვს სურვილი ის დახატოს, რასაც ხედავს. ნებისმიერი ბავშვის ნახატით ვხვდები, სად ცხოვრობს, როგორია მისი ოჯახური გარემო, რა ტკივილი და სევდა აქვს – ყველაფერი ჩანს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ – თუ, მაგალითად, ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს, ან ვერ ლაპარაკობს, თუ სხვა პრობლემა აქვს, ამ ყველაფერს არჩენს და ყველაზე დიდი წამალი ხატვაა. პირადად მინახავს, როგორ ეშველა ბავშვის ამა თუ იმ დაავადებას ხატვით.
– რას ხატავს სევდიანი ბავშვი?
– ხატავს შავი ფერებით, ან ფერადი ფანქრებით, მაგრამ თემატიკაა მძიმე. ნებისმიერი ბავშვის ნახატი ამბობს სათქმელს, რადგან იქ დებენ სულს და გულს, განწყობას. ხანდახან ფერითაც ხვდები, საით მიდის, რა უხარია, რა სწყინს ან რა აწუხებს. მაშინვე ვხვდები, რომ ამ ბავშვის მამა ბოროტია, ან – ძალიან მაგარი ტიპი. ზოგი მწერლობით ამბობს სათქმელს, ზოგი მუსიკით. მე არც მხატვრობის გარეშე შემიძლია არსებობა, არც მუსიკის და არც წიგნის. ხატვა ყველაზე დიდ ენერგიას მაძლევს. როგორც ჰაერი, საკვები და წყალი სჭირდება ორგანიზმს, ისე სჭირდება ხოლმე ჩემს სულს თუნდაც ერთი მოსმა ფანქრისა თუ ფუნჯისა. ცაცია ვარ და ერთხელ მარცხენა ხელი მოვიტეხე. მარჯვენა ხელით მაინც ვჯღაბნიდი, ისე ყოფნა არ შემეძლო. რომც დავბრმავდე, მაინც დავხატავ!