მულახის საჯარო სკოლის ინტელექტუალურმა გუნდმა კონკურსში წარმატებებს მიაღწია
16-07-2018
მესტიის მეორე საჯარო სკოლაში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში „რა,სად,როდის?“ მულახის საჯარო სკოლის გუნდმა (შემადგენლობა: იაგო ჯაჭვლიანი, მაია გუჯეჯიანი, ვერიკო ქურდიანი, მარიამ მარგიანი, მარიამ დევდარიანი, მაკა ქურდიანი) დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ოქტომბერში დედაქალაქში გამართულ „რა?სად?როდის?“ ფინალურ შეხვედრაზე მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლებს წარადგენს.
სასწავლო წლის მიწურულს კი დაბა მესტიაში უპრეცედენტო და ორიგინალური სამაგიდო თამაში გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა წახალისებისა და ცოდნის გამყარების შესანიშნავი გზა აღმოჩნდა.
„ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშები“ მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის პედაგოგ ეკა წულუკიძის ორგანიზებით გაიმართა, ხოლო თამაშს თავად „ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშების“ შემქმნელი ლევან გელაშვილი უძღვებოდა.
მოსწავლეებისთვის ამ დღემ უჩვეულოდ სახალისო და საინტერესო გარემოში ჩაიარა.
კონკურსში მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე ადგილი დაიკავეს.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები „ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშების“ ავტორისგან სამაგიდო თამაშებით და სერტიფიკატებით დასაჩუქრდნენ.