საქართველოს პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ სკოლა ისე დაამთავრა, 5-იანზე ნაკლები ნიშანი არასოდეს მიუღია. რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ბავშვობაშიც იდეების მოზღვავებით გამოირჩეოდა. ფრიადოსანი გოგონა თანაკლასელებს თვალებს დაუბრიალებდა და ისე მიჰყავდა შატალოზე...
გუგული მაღრაძემ სკოლა ზესტაფონში დაამთავრა. ახლაც ახსოვს ქართულის მასწავლებელი, რომელმაც თავისუფლად აზროვნება ასწავლა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში კომუნისტური წყობა ბატონობდა.
გუგული მაღრაძე Etaloni.ge-ს თავის ბავშვობაზე ესაუბრა.
- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. სკოლაც მიყვარდა და სწავლაც. მამაჩემი „ზესტაფონმშენის“ მთავარი ინჟინერი იყო და 12 წელი ამ ქალაქში ვცხოვრობდით. სკოლაში სწავლაც ზესტაფონში მომიწია. ჯერ რკინიგზის მე-16 და შემდეგ ზესტაფონის მე-4 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. შესანიშნავი პედაგოგები მყავდა და სკოლამ იმდენი ცოდნა მომცა, რომ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად არც ერთ საგანში არ მოვმზადებულვარ. თან, უმაღლესი ნიშნები მივიღე. სკოლის პარალელურად იმდენ რამეზე დავდიოდი...როცა სკოლას ვამთავრებდი, ერთს უთხრეს ჩემზე, მედალოსანიაო და გაიკვირვა, კი მაგრამ, უამრავ წრეზე დადის და როგორ ასწრებსო. ძალიან აქტიური და ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი. თამამად შემეძლო ჩემი აზრების გამოთქმა. ერთხელ, სასწავლო ნაწილმა მითხრა, შენი ჭირიმე, დერეფანში ნუ საუბრობ ასეთ რამეებზე, რაიმე სახლაფორთო არ გაგვიჩინოო.
- რას ამბობდით ასეთს?
- რაღაცას ვაკრიტიკებდი. ხან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ვაკრიტიკებდი, ხან - განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს და მაშინ, გასული საუკუნის 70-იან წლებში, რაიმე კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა, არც ისე ადვილი იყო.
მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი, თეატრალურ დასში ვთამაშობდი, ხელბურთსაც ვთამაშობდი... ზესტაფონი მაშინ ძალიან პროგრესული ქალაქი იყო. იქ გახლდათ ფეროშენადნობთა ქარხანა, სადაც მუშაობდა უამრავი მაღალი დონის სპეციელისტი და განათლება ზოგს უცხოეთში და ზოგს რუსეთში ჰქონდა მიღებული. ვხუმრობ ხოლმე, ერთ კვადრატულ მეტრზე 10-15 უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი მოდიოდა-მეთქი. დედას და მამას ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მესმოდა, რას საუბრობდნენ ლიტერატურაზე, ფილმებზე... ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში 15-16 წლის გოგონები რომ სჭირდებოდათ, მე მათამაშებდნენ. ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე ვუკრავდი, სპორტზე დავდიოდი. ასე რომ, სისხლსავსე ცხოვრება მქონდა. იმ გარემომ კი, რომელშიც გავიზარდე, ბევრი რამ მომცა.
- კითხვა გიყვარდათ?
- ძალიან ბევრს და ძალიან სწრაფად ვკითხულობდი. მე-5-მე-6 კლასში მაინ რიდი თუ დიუმა უკვე მოთავებული მქონდა და გადასული ვიყავი ჩერნიშევსკიზე, გერცენზე და ა. შ. არა მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობდი. ფეროშენადნობთა ქარხანას ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა, სადაც ორი რუსი ეროვნების ქალი მუშაობდა და იქიდან მუდმივად გამომქონდა წიგნები. სახლშიც ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. ახლაც დიდი ბიბლიოთეკა მაქვს და ყველაფერი წაკითხული მაქვს. ჩემი შვილიშვილები მეკითხებიან ხოლმე, ეს თუ გაქვს წაკითხულიო, კი-მეთქი, რომ ვეუბნები ყველაფერზე, ბავშვები გიჟდებიან, როგორ შეიძლება ამდენი რამ გქონდეს წაკითხულიო. ახლაც ძალიან მიყვარს კითხვა, როცა ამის დრო და შესაძლებლობა მაქვს. ბაღის ასაკიდან დაწყებული, ყველაფერი მაინტერესებდა და ძალიან აქტიური ვიყავი... ეს აქტიურობა დღემდე გამომყვა. მიკვირს ხოლმე ადამიანების, რომლებსაც მხოლოდ თავიანთი პროფესიული ამბები აინტერესებთ. მე ყველაფერი მაინტერსებს - რა ხდება ქვეყანაზე. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ მქონდა განცდა, პოლიტიკაში მოსვლით რაღაცების შეცვლას შევძლებდი. ეს მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა და ნაწილობრივ - არა. ყოველ შემთხვევაში, მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩემგან ინიცირებული რამდენიმე კანონია ისეთი, რომელიც ძალიან გამოადგა საზოგადოებას - ოჯახური ძალადობისა და თამბაქოს შესახებ კანონები. ამ ორივე კანონის წვლილი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ეს ძალიან მეამაყება.
- ჩხუბები და ბულინგი სკოლაში თქვენ დროსაც იყო?
- რაღაც გარჩევები, ცხადია, ხდებოდა, მაგრამ ის სისასტიკე, რომელიც ახლა ვლინდება, მაშინ არ იყო. მშობლებიც უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი ბავშვის აღზრდის საქმეში. მასწავლებლები სახლშიც დადიოდნენ და ამოწმებდნენ, ბავშვები როგორ პირობებში ცხოვრობდნენ. ისე, ერთხელ მე შემომელახა ჩემი კლასელი ბიჭი. დერეფანში ბავშვებს აჯახებდა ერთმანეთზე. ვუთხარი გაჩერდი-მეთქი, მაგრამ მაინც გააგრძელა. გავუქანე და მუშტი მოვარტყი ცხვირში. ახლა ის ბიჭი ზესტაფონში ცხოვრობს, პროფილაქტიკა აქვს და სულ მოკითხვებს მითვლის. ქუთაისში რომ მივდიოდი, ერთი-ორჯერ შემხვდა დიდი მოკითხვებით.
- კლასელებთან ურთიერთობა დღემდე გაქვთ?
- ზოგი სად არის, ზოგი სად... რამდენიმე კლასელთან მაქვს ახლო ურთიერთობა.
- რომელი საგნის მასწავლებელი გახსოვთ?
- ქართულს გვასწავლიდა ფატი დადიანი - მწერალ ჭოლა ლომთათიძის დისშვილი იყო, ძალიან კარგი სპეციალისტი და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი. ჩვენც თავისუფალ აზროვნებას გვაჩვევდა. იმ პერიოდში ეს გამონაკლისი იყო. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, დავწერე თემა „დიდი ხანია, გულს ირაკლისას, გადუწყვეტია ბედი ქართლისა“. ეს ეხებოდა ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას რუსეთთან ხელშეკრულების დადების თაობაზე. ეს თემა რომ წაიკითხეს, გამომიძახეს კომისიის თავმჯდომარესთან - აქ ისეთი აზრებია, შეუძლებელია თვითონ დაეწერა, ალბათ შპარგალკა მიაწოდეს და გადაწერაო. ამ დროს, ამ საკითხზე დიდი დისკუსიები გვქონდა ხოლმე ჩვენს პედაგოგთან, ფატი დადიანთან. კომისიაზე რომ გამომიძახეს, სხვა საკითხებზეც ბევრი ვისაუბრე, დაიჯერეს, რომ ჩემი დაწერილი იყო და ფრიადი დამიწერეს.
- ორიანი თუ მიგიღიათ სკოლაში სწავლისას?
- ორიანი კი არა, ოთხიანიც არასოდეს მიმიღია. მხოლოდ ყოფაქცევაში დამიწერეს ერთხელ დაბალი ნიშანი, რადგან შატალოზე წავიყვანე მთელი კლასი.
- თქვენ წაიყვანეთ?
- დიახ, ბიჭებს, რომლებიც არ აპირებდნენ წამოსვლას, ისე დავუბრიალე თვალები, ვერ გაბედეს უარი ეთქვათ.
- ატერორებდით კლასელებს?
- მთლად არ ვატერორებდი, მაგრამ გავლენები და ავტორიტეტი კი მქონდა.
- კლასელები გიჯერებდნენ, როგორც ფრიადოსან მოსწავლეს?
- მხოლოდ ფრიადოსნობა არ იყო გადამწყვეტი. საკმაოდ სამართლიანი ვიყავი, ვიღაცებს ვესარჩლებოდი და არავის ვაძლევდი სხვისი დაჩაგვრის საშუალებას. შემეძლო ჩემი აზრი გამომეხატა და პირდაპირ მეთქვა მასწავლებლისთვის, რასაც ვფიქრობდი. ეს ყველაფერი ავტორიტეტს მიწევდა. შატალოზე მივდიოდით, მაგალითად, მაშინ, როცა იყო საინტერესო საფეხბურთო მატჩი. ადგილობრივი გუნდი, ზესტაფონის „მეტალურგი“ პირველ ლიგაში თანამშობდა და მთელ საქართველოში პოპულარული იყო. როცა ეს გუნდი გადამწყვეტ თამაშს თამაშობდა, და როცა გვინდოდა ყველა დავსწრებოდით და ეს ემთხვეოდა გაკვეთილების დროს, მაშინ მივდიოდით შატალოზე, თორემ ამას ხშირი ხასიათი კი არ ჰქონდა.
- ახლაც უკრავთ?
- ვიოლინოზე ვეღარ ვუკრავ. ფორტეპიანო აგარაკზე, კიკეთში მაქვს ატანილი და ხანდახან გავიხსენებ ხოლმე რაღაცებს. თუმცა, სხვებს რომ ვუსმენ, ჩემი დაკრული აღარ მომწონს.
- დღევანდელი განათლების სისტემა თუ მოგწონთ?
- განათლების სისტემა უნდა ასახავდეს და შეესაბამებოდეს რეალობას. გერმანული კლასიკური განათლება, რასაც ეყრდნობოდა საბჭოთა განათლების სისტემა, ორიენტირებული იყო ცოდნის, როგორც ზოგადი, ისე პროფესიული განათლების მიღებაზე. ნაკლებად იყო ორიენტირებული პიროვნების სხვადასხვა უნარების ფორმირებაზე და არ უწყობდა ხელს პიროვნება ისე ჩამოყალიბებულიყო, რომ ადაპტაცია შესძლებოდა ცვალებად პირობებთან. საბჭოთა სინამდვილე იყო ისეთი, რომ ბევრი ცვლილება არ ხდებოდა ადამიანთა ცხოვრებაში, დაწერილი წესით მიდიოდა ყველაფერი და ამიტომ, მთავარი აქცენტი ცოდნის მიღებაზე იყო გადატანილი. თანამედროვე მოთხოვნა სხვაგვარია. ბავშვს, ცოდნის დაგროვება, როგორც მარაგი, აღარ სჭირდება, რადგან ტექნოლოგიური საშუალებებია, შევა ინტერნეტში და უცბად ნახავს ინფორმაციას. ახლა მთავარია, ბავშვმა უნარ-ჩვევები განავითაროს, რომ მას შეეძლოს მოიძიოს ის მასალა, რაც სჭირდება, შეეძლოს ახალ სიტუაციასთან შეგუება, იყოს უფრო ნოვატორული, შემოქმედებითი. ეს ყველაფერი განათლების სისტემაში გაცნობიერებული კი აქვთ, მაგრამ იმპლემენტაციას ვერ ახდენენ. ამ ყველაფერს ცოტა სხვა ტიპის პედაგოგები სჭირდება. ასე რომ, განათლების ძველი სისტემა მაშინდელ ცხოვრებაზე იყო მორგებული. ახლა მეტი თავისუფლებაა. შენ თვითონ უნდა მოიპოვო შენი ადგილი, აჩვენო შენი უნარები... რაც მთავარია, სიტუაციები ძალიან სწრაფად იცვლება და ის, რაც სამი წლის წინ მიღწევა იყო, ახლა უკვე ძველია. ამიტომ, რაიმეს დამახსოვრებაზე კი არ უნდა იყოს გაკეთებული აქცენტი განათლების სისტემაში, არამედ - უნარების გამომუშავებაზე, რაც ადამიანს მისცემს საშუალებას, შეცვლილ სიტუაციას მაქსიმალურად შეეგუოს, ადაპტაცია მოახდინოს.