ხელფასები, ინფრასტრუქტურა, პატივისცემა ...- რას ელიან სკოლების დირექტორები განათლების ახალი მინისტრისგან
20-07-2018
მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც გაერთიანებული სამინისტროების-განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა, საკუთარი ხედვა უკვე წარმოადგინა. უწყების ხელმძღვანელი სისტემურ რეფორმებს აანონსებს, რომელთა შორისაც შედის საქართველოს, როგორც განათლების ექსპორტის ქვეყნად ჩამოყალიბება, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ეროვნული ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა და ასევე, სკოლის მასალების გაციფრულება. 

საინტერესოა, როგორ აფასებენ საჯარო სკოლის დირექტორები მიხეილ ბატიაშვილის პროგრამას და რას ელიან ახალი მინისტრისგან. ამ თემაზე სასაუბროდ Etaloni.ge მათ დაუკავშირდა. 


ნატო გორგილაძე, ტაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი: „ახალი მინისტრის პროგრამა ძალიან კარგ მოლოდინს მიჩენს. თუ ეს ყველაფერი შესრულდა, მხოლოდ მივესალმები. ყველაფერი მოიცვა, რაც გვაინტერესებდა-სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.“

ზვიად ველიაძე, წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი: „გელა ჩარკვიანის სიტყვებია: „თუ ხშირად ცვლი, გრანდიოზული ცვლილებებისთვის ვერ მოიცლი“. სწორედ ამიტომ, მინისტრების ასეთი ხშირი ცვლა ბევრს ვერაფერს ვერ მოიტანს. სავარაუდოდ, ნაწილობრივ განახლდება ამ სფეროში მიმდინარე პროცესები და მნიშვნელოვანი სიახლეების დიდი იმედი არ მაქვს. ვისურვებდი, განათლების სფეროში რეფორმებთან დაკავშირებული პროექტების ავტორთა ვინაობა ღია იყოს, ამავე დროს, ამ პროცესში დიდი მეცნიერები უნდა იყვნენ ჩართულნი.“  

იზოლდა ფხაკაძე, გეგუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: „პირველ რიგში ხელფასების ზრდას ველი. ასევე-ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას რეგიონების სკოლებში. სასურველია, მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ სოფლის სკოლებს და ამაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც იგულისხმება. ჩვენთან 2007 წელს რომ შემოვიდა კომპიუტერები, იმის მერე არ გამოცვლილა.“ 

ილია ბოლქვაძე, თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი: „განათლების სისტემის კარგ მუშაობას ველი. რაც პროგრამაში წერია, თუ შეასრულებს ბატონი მინისტრი, ცუდი არ იქნება. მან აღნიშნა, რომ მასწავლებლებს ხელფასი გაეზრდებათ, თუმცა არ ვიცი, აქ სკოლის ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალიც თუ იგულისხმება.“

ქეთევან როყუა, გუმბრინის საჯარო სკოლის დირექტორი:
 „ძირეულ რეფორმებს არ ველი, რადგან გაგრძელდება ის რეფორმები, რაც უკვე დაწყებულია და ეს ბუნებრივია. თუმცა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა სასიკეთოდ შეიძლება რაღაცები შეიცვალოს.“

ზაზა პიტავა, მარანის საჯარო სკოლის დირექტორი: „მომეწონა მინისტრის მიერ წარმოადგენილი პროგრამა. ინოვაციებს ველი. პირველ რიგში მსურს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა, მოტივაციის ამაღლებისთვის.“

თემურ დავითაძე, ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი: „ყოველივე საუკეთესოს ველი. კონკრეტულად კი, მიხეილ ბატიაშვილი აღიარებული კვალიფიციური სპეციალისტია, რომელიც, ალბათ, დასახულ რეფორმებს ბოლომდე მიიყვანს. მან თავის მოხსენებაში, ჩემი აზრით, ძალიან სწორად მიუთითა, რომ განათლების ხუთივე საფეხურზე ერთნაირად უნდა იყოს დაცული ნიუანსები, ანუ საჭიროა საერთო კონცეფცია.“

დარიკო გორდულაძე, საწულუკიძეოს საჯარო სკოლის დირექტორი: „ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს. ახალ მინისტრს დიდი სიხარულით შევხვდი. შემოთავაზებული პროგრამა მომწონს.“ 

ლალი ხაფთანი, ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ველი, რომ მასწავლებელს ძველი პატივისცემა დაუბრუნდეს. ამჟამად მასწავლებელი ყველაზე მეტად დაჩაგრულ და სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება. თუ ეს არ შეიცვლება, მხოლოდ რეფორმებით სისტემას არ ეშველება. ადრე მასწავლებელი სამაგალითო და მისაბაძი იყო. კურსდამთავრებულებიდან თითქმის არავინ იტყვის, რომ მასწავლებლობა სურს. ამ პროფესიამ დაკარგა ფასი. ძალიან კომპეტენტური, განათლებული კადრია უმრავლესობა. დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ იქნებ ისეთი ღონისძიებები გატარდეს, რომ მასწავლებელს სკოლაში მიუხაროდეს. აბიტურიენტებისთვის კი ისეთივე პრესტიჟული იყოს ეს პროფესია, როგორც-ჟურნალისტიკა, ან იურიდიული სფეროა.“
 
ეკა ღოღობერიძე, ნიკორწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი: „მიხეილ ბატიაშვილისგან რეფორმებს ველით. გვსურს ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელფასების ზრდა. შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი პროგრამა მომწონს. განსაკუთრებით კი სასკოლო მასალების გაციფრულების ინიციატივას მივესალმები.“ 

ქეთინო ხევსურიშვილი, მიქელიანის (გრემისხევის) საჯარო სკოლის დირექტორი: „მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროგრამიდან ყველაფერი მომეწონა. ძალიან კარგია ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სასკოლო მასალების ნაწილი გაციფრულდება.“

მევლუდ ბარდაველიძე, ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: „ვისურვებდი, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნონ. სკოლების მატერიალურ-ტექნიკურად აღჭურვაც მნივნელოვანია და ბოლოს-ანაზღაურების საკითხიც გადასახედია.“

დარეჯან ჭარბაძე, ტოლის საჯარო სკოლის დირექტორი: „ველით სიკეთეს. განსაკუთრებით მომეწონა უსაფრთხო სკოლის შესახებ ინიციატივა - პირველ რიგში ეს თემაა მთავარი. ასევე, ბულინგის დაძლევა დიდ სკოლებში. ვისურვებდი, მინისტრმა ამას დიდი ყურადღება მიაქციოს.“ 

ფრიდონ ლეკიშვილი, ჭყვიშის საჯარო სკოლის დირექტორი: „პირველ რიგში, ველი იმას, რომ მცირე ზომის ახალი სკოლა აგვიშენდება, რადგან ჩვენი სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია.“

გულიკო ფირცხალავა, დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი: „ყველაფერს კარგს ველი. კონკრეტულად, მასწავლებლების სერთიფიცირების სქემაში უფრო აქტიურად ჩართვას. ასევე, რაც პედაგოგებისგან მესმის - ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.“ 

რამინ ბერიძე, რაქვთის საჯარო სკოლის დირექტორი: „სიახლეებს ველი. კარგია, რომ ახალმა მინისტრმა პედაგოგებისთვის ხელფასების მატება გააჟღერა. ასევე, მომწონს სკოლებში ციფრული ტექნოლოგიების შემოტანის ინიციატივა.“

ჯემალ კეპულაძე, ოფშკვითის საჯარო სკოლის დირექტორი: „ახალი მინისტრისგან ყველაფერს დადებითს და კარგს ველი.“

ეკა ედიბერიძე, ცხრაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი: „მინისტრისგან ინოვაციების მოლოდინი ნამდვილად მაქვს. ვისურვებდი, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების გაცნობისა და შერჩევის საშუალება ყველა მასწავლებელს ჰქონდეს. სამომავლოდ კი, მასწავლებლებს დატრენინგება სჭირდებათ; ასევე-სკოლის ინფრასტრუქტურას მიხედვა. სასურველია პრიორიტეტები განისაზღვროს და აღარ ხდებოდეს ისე, რომ ერთ სკოლას მილიონჯერ უტარდებოდეს რემონტი და მეორეს-არც ერთხელ.“ 

ზაალ სხილაძე, ალავერდის საჯარო სკოლის დირექტორი: „ხუთი საკლასო ოთახი გასაკეთებელი დამრჩა და თუ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მოგვეხმარებიან, კარგი იქნება.“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203