სკოლებში ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დისციპლინისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვაა, მთავარი პასუხისმგებელი პირი კი სკოლის დირექტორია, რომელსაც წესრიგის უზრუნველყოფა და ამ მნიშვნელოვან საკითხთან გამკლავება უწევს.
Etaloni.ge დაინტერესდა, თუ რა მიდგომებით ახერხებენ დირექტორები სკოლაში დისციპლინის დამყარებას. სკოლის წარმატებული მენეჯერები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ:
ღვითორის საჯარო სკოლის დირექტორი სოზარ კუპატაძე:
„სულ 46 მოსწავლე გვყავს, ჩვენთან მანდატურები არ არიან, მასწავლებლები მოსწავლეებთან მეგობრული საუბრითა და ახსნით ვცდილობთ დისციპლინის დამყარებას. ერთი პატარა ოჯახი ვართ, ამ მხრივ სკოლაში პრობლემები არ გვაქვს.“
წასრის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ხახიშვილი:
„პედაგოგები მოსწავლეებთან და მშობლებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ აზრებსა და შეხედულებებს და შეთანხმებულად, ურთიერთპატივისცემით ვცდილობთ დისციპლინის დაცვას.“
ხალიფაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გურული:
„29 წლიანი მასწავლებლობის სტაჟი მაქვს და როგორ მოსწავლეს არ შევხვედრივარ, მაგრამ წესრიგის დასამყარებლად არასდროს მიგვიმართავს განსაკუთრებულად სადამსჯელო და მითუმეტეს, ძალადობრივი ფორმებისთვის. სასკოლო საზოგადოების, ანუ მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგის, აქტიური თანამშრომლობით ყველა პრობლემას ვწყვეტთ.“
ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე სარალიძე:
„ჩემს პრაქტიკაში არ შემხვედრია მოსწავლე, რომელთანაც მეგობრული მიდგომა არ ჭრის. საუბრითა და ურთიერთთანამშრომლობით ყველაფრის მოგვარება შეიძლება.“
მეჩხეთურის საჯარო სკოლის დირექტორი კლიმენტი ტაბატაძე:
„მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს, სულ 19 მოსწავლით. დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს გვქონია და თუ მაინც წამოიჭრება ხოლმე გარკვეული საკითხი, ყოველთვის საუბრით ვცდილობთ მის გადაწყვეტას.“
სკინდორის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბიწაძე:
„სკოლაში მანდატური არ გვყავს, არც კამერებია დამონტაჟებული. სიმშვიდის დაცვაზე მორიგე მასწავლებლები ზრუნავენ, დარღვევებს დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის და განიხილავს. მკაცრად კონტროლდება სკოლაში გარე პირთა შემოსვლა. პედაგოგებს მჭიდრო კავშირი გვაქვს მშობლებთან და ყოველთვის ვიცით თუნდაც, იმ დღეს სკოლა რატომ გააცდინა ბავშვმა. მოსწავლეებს დიდი პატივისცემა აქვთ სკოლის მიმართ, დისციპლინის მხრივ განსაკუთრებული პრობლემები არასდროს შემქმნია.“
ნიგოზეთის საჯარო სკოლის დირექტორი მერი პაპიძე:
„სკოლაში წესრიგთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემები არასდროს გვქონია, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, სამოქალაქო განათლების ფარგლებში, მოსწავლეებთან აქტიურად ვატარებთ კითხვა-პასუხის საღამოებს, ვაკეთებთ კედლის გაზეთს თამბაქოსა და ნარკომანიაზე, ასევე - სხვა აქტუალურ თემებზე. მუდმივად ვთანამშრომლობთ მშობლებთან და მოსწავლეებთან. მათთან ინდივიდუალური გასაუბრებით ყოველთვის გართულებების გარეშე ვახერხებთ პრობლემის გადაჭრას.“
ტვიშის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან ლაკვეხელიანი:
„ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად სკოლის შინაგანაწესს ვადგენთ. ყველამ წინასწარ იცის თავისი უფლება-მოვალეობები და ურთიერთშეთანხმებით ვცდილობთ ამ წესების დაცვას. სკოლის ადმინისტრაცია, დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო მუდმივად თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებსა და დებულების დაცვას. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სულ 15 მოსწავლე გვყავს და ამ მხრივ პრობლემები არ შეგვქმნია. სანიმუშო ბავშვები მყავს.“
ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი მურთაზ ლარცულიანი:
„სოფლის მცირეკონტიგენტიან სკოლებში დისციპლინის დარღვევის პრობლემები ნაკლებად გვხვდება. აქ გადამწყვეტ როლს გარემო და ურთიერთთანამშრომლობა ასრულებს. სკოლა ყოველთვის დიდი ყურადღებითა და გაგებით ეკიდება მოსწავლეების სიცელქეს. ჩვენც ვიყავით ბავშვები და ეს გზა გამოგვივლია, მთავარია, სიცელქე რთულ ფორმებში არ გადაიზარდოს. ამისათვის ვართ ჩვენ აქ, ბავშვებთან სწორი საუბრითა და მეგობრული მიდგომით ყველა პრობლემის გადაჭრა შეიძლება. სწორი მიდგომა ვახსენე და აქვე ვიტყვი, რომ სკოლებში ფსიქოლოგების აქტიურ მუშაობას ვისურვებდი.“
ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი რამიზ რამაზანოვი:
„სკოლაში დისციპლინა რომ იყოს, სწორად უნდა გადანაწილდეს მოვალეობები. დირექტორმა, სასწავლო ნაწილმა და პედაგოგებმა ზუსტად უნდა იცოდნენ თავიანთი საქმე. შემუშავებული გვაქვს წესდება, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებმა თავიანთი უფლება-მოვალეობები იციან.“
ლაილაშის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე გიორგობიანი:
„წესრიგს სკოლის შინაგანაწესი და დისციპლინური კომიტეტის მუშაობა უზრუნველყოფს. ყოველთვის დიდი ყურადღებით ვეკიდებით და დროულად ვრეაგირებთ არსებულ პრობლემებზე. მოსწავლეთა საკითხის ირგვლივ ინფორმირებულობით, მშობელთა კრებებითა და ურთიერთთანამშრომლობით ვახერხებთ საკითხის გადაწყვეტას.“
ფოთის N6 საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ პაჭკორია:
„სკოლაში წამი არ უნდა გაგექცეს თვალთახედვიდან, საჭიროა მუდმივი მონიტორინგი. უნდა მოწმდებოდეს გაკვეთილებზე დაგვიანება, სკოლაში უცხო პირთა შემოსვლა, შესვენებაზე ბავშვების ქცევები, მიფარებული ადგილები... ჩვენთან მანდატურები არიან და კამერებიცაა დამონტაჟებული, მაგრამ საკუთარი მოსწავლეების ქმედებებზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კლასის დამრიგებლებს ეკისრებათ. რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობას, წესების დარღვევის შემთხვევაში, დასჯა და მუქარა მხოლოდ ერთი-ორი დღე თუ გაჭრის, ყველაზე ეფექტური ინდივიდუალური გასაუბრებაა, მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მის პიროვნებას პატივისცემით ეპყრობიან და ამავდროულად, დარღვეულ ქცევაზე სერიოზულად მიუთითებენ.“
ლეძაძამეს საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ხურცილავა:
„ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული დისციპლინური დარღვევები არ ხდება, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით მუდმივად ვმუშაობთ სადამრიგებლო ინსტიტუტის გამყარებაზე, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართვასა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე. მაღალ კლასებში ყველაზე ეფექტური ახალგაზრდებთან ინდივიდუალური გასაუბრებაა.“
უშაფათის საჯარო სკოლის დირექტორი პაატა გაბელია:
„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და წესრიგის კუთხით ყველაფერი ნორმაშია. ერთი ოჯახივით ვართ და ურთიერთთანამშრომლობითა და პატივისცემით ყოველთვის ვახერხებთ არსებული პრობლემების მოგვარებას.“
გურიფულის საჯარო სკოლის დირექტორი გრიგოლ იობაძე:
„მთავარია, მასწავლებელს გიყვარდეს ბავშვი და ის ყოველთვის გამოგყვება... უპირველესად, პატივი უნდა ვცეთ ბავშვს, როგორც ინდივიდსა და პიროვნებას. მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების თანამონაწილეობით სკოლის შინაგანაწესს ვადგენთ და ერთობლივად ვცდილობთ მის დაცვას. მასწავლებლების ქმედებები და კოლეგიალური ურთიერთობა სამაგალითო უნდა იყოს მოსწავლეთათვის. სკოლაში ყველა პატივს უნდა სცემდეს ერთმანეთს, მოსწავლეები რეალური მაგალითებით სწავლობენ ქცევას და არა - დაწერილი წესებით.“
ჭაგნის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა შენგელია:
„28 მოსწავლე გვყავს სკოლაში, დისციპლინის მხრივ იდეალურადაა საქმე. მცირედი პრობლემების დროს მეგობრული მიდგომებითა და ინდივიდუალური საუბრებით ვახერხებთ მის გადაწყვეტას.“