„მასწავლებლები ფრთხილები უნდა იყვნენ, მომავალ თაობასთან აქვთ შეხება და სად ამოყოფს თავს მოზარდობაში მიყენებული ჭრილობები, არავინ არ იცის“
ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი, დათო ევგენიძე ძალიან ცელქი ბავშვი ყოფილა. გაკვეთილის ახსნისას მასწავლებლები გვერდით იყენებდნენ ხოლმე, რომ მათთვის ხელი არ შეეშალა. ამბობს, რომ სკოლაში ხშირად ჩხუბობდა.
დათო ევგენიძემ Etaloni.ge-სთან ბავშვობისდროინდელი ამბები გაიხსენა და თავისი უმცროსი შვილის, 11 წლის ნიკოლოზის სასკოლო ცხოვრებაზე ისაუბრა.- თბილისის პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. კლასში ყველაზე პატარა ვიყავი. იმ პერიოდში, ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, თვეებიც კი მნიშვნელოვანია და მე, მინიმუმ ერთი წლით პატარა ვიყავი ყველაზე. საბავშვო ბაღში ყველას ვერეოდი და სკოლაში რომ მივედი, პირიქით მოხდა - ყველა მერეოდა. მერე, ერთმა ჩემმა ნათლიამ მითხრა, თუ გჩაგრავენ, ადექი და ყველაზე დიდი და ღონიერი ვინც არის, იმას პირდაპირ ცხვირში დაარტყიო. დავუჯერე და დავარტყი ცხვირში. სისხლი წამოუვიდა და
ძალიან შევწუხდი. ეს ჩემთვის პირველი ტრავმა იყო სკოლაში, თუმცა, აშკარად შეჩერდა ჩემი ჩაგვრა. პატივისცემა დაიმსახურა ამ ჩემმა საქციელმა. ბოლოს, დავძმაკაცდი კიდეც კლასის ყოჩთან.
კლასში 42 ბავშვი ვიყავით, აქედან - 31 ბიჭი. ამ 31 ბიჭიდან 30-ს ერთი გოგო გვიყვარდა და ოცდამეთერთმეტეს _ დღევანდელი საზოგადოებრივი არხის დირექტორს, ვასიკო მაღლაფერიძეს უყვარდა სხვა. ჩვენ გვიყვარდა დავით სოკოლოვის შვილი, ნინო სოკოლოვა. ნინო ძალიან ლამაზი იყო და მხოლოდ ჩვენს კლასელებს კი არა, პარალელურ კლასელებსაც უყვარდათ. მაშინ იცით როგორი ჭკვიანური აზრი მომივიდა თავში?! ნინო ხუთოსანი იყო. დედაჩემს ვთხოვე, ნინოსთან ერთად მატარე გაკვეთილების მოსამზადებლად და ყველაფერს ვისწავლი-მეთქი. დედაჩემს გაუკვირდა, რატომ გადავირიე სწავლაზე და ნინოს დედას სთხოვა, ერთად იმეცადინონო, მეგობრობდნენ ჩვენი მშობლები. მთელი კლასის ბიჭები ჭკუიდან გადავიდნენ. მე რუსთაველზე ვცხოვრობდი და ნინო - გრიბოედოვზე. გულზე სკდებოდნენ ბიჭები, მე რომ ნინოს სახლში ავდიოდი...
- ნინომ ვინ აირჩია ბოლოს?
- ჩვენმა პარალელურმაკლასელმა, ჩემმა მეგობარმა გია გოგორიშვილმა წაგვართვა ყველას. დაამთავრა თუ არა სკოლა, ნინო გიას მას გაჰყვა ცოლად. სკოლის პერიოდშივე გია უყვარდა. ჩვენ, 30 ბიჭს, სულ ტყუილად გვიყვარდა.
- ცელქი ბავშვი იყავით?
- კი, ძალიან ცელქი ვიყავი, მაგრამ უზრდელი არასოდეს ვყოფილვარ. მასწავლებლები გაკვეთილის ახსნისას გვერდით მიყენებდნენ ხოლმე, რომ მათთვის ხელი არ შემეშალა. დედაჩემი ქიმიის კათედრაზე პროფესორი იყო. ხშირად მივდიოდი მასთან და მაინტერესებდა ქიმიური პროცესები. მაგნიუმი და მარგანეცი ერთად რომ აურიო, ფეიერვერკს იღებ. დედაჩემის ლაბორატორიიდან ჩუმად ავიღე ეს ორი ნივთიერება და სკოლაში წავიღე - მინდოდა, ფეიერვერკი გამეკეთებინა ქიმიის გაკვეთილზე. ონკანში ჩავდე. დოზირება შემეშალა და ისე აფეთქდა, ძლივს გადავრჩით. ნიჟარას სიღრმე რომ არ ჰქონოდა, არ ვიცი, რა მოხდებოდა. დედამ საშინლად დამსაჯა.
- როგორ გსჯიდნენ?
- ყველაზე მეტი დასჯა ის იყო, რომ ხმას არ მცემდა დიდხანს. მე ვერ ვსჯიდი ჩემს შვილებს. დასჯა არ მუშაობს, ჯობია, აუხსნა, თორემ, ბავშვს პროტესტი უფრო უღვივდება ასეთ დროს.
- მუსიკით როდის დაინტერესდით?
- ბავშვობიდან მუსიკოსი ვიყავი. სკოლაში ძალიან საყვარელი დირექტორი გვყავდა, გვარად კიკვაძე. მესამე კლასში ვიყავი, მას რომ სიმღერა მივუძღვენი იუბილეზე. სკოლაში რომ კონცერტები იმართებოდა, მაშინაც ვმონაწილეობდი. სკოლის პერიოდში უკვე ტელევიზორში გამოვდიოდი და ეს მეხმარებოდა, რომ მასწავლებლები ჩემ მიმართ ლმობიერები ყოფილიყვნენ. იცოდნენ, რომ მუსიკოსი გავხდებოდი და აღარ მაძალებდნენ, მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის სწავლას.
ძალიან კარგი კლასი მყავდა და დღემდე მეგობრები ვართ. რეჟისორი დათო ჯანელიძე ჩემი კლასელია. ნუცა ჯანელიძე ჩვენი პიონერთა ხელმძღვანელი იყო და ის გვამღერებდა ხოლმე კონცერტებზე. ჩემი და მღეროდა, მე ვუკრავდი... სამწუხაროდ, აღარ არის ჩემი და, ძალიან ადრე გარდაიცვალა. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს დაიღუპა ზღვაზე...
ჩემი სკოლის პერიოდს უკავშირდება მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, თამრიკო ჭოხონელიძე, ქეთი ფირცხალავა... „მზიურის“ ბავშვებს ვუწერდი ხოლმე სიმღერებს და კონცერტებსაც ვაწყობდით. 14 წლის ასაკში პირველი საავტორო კონცერტი გავაკეთე მსახიობთა სახლში და 21 ნაწარმოები გავიტანე. გუგული თორაძესა და მორის ფოცხიშვილს მიჰყავდათ საღამო.
მე-9 კლასიდან სხვაგან გადავედი. კონსერვატორიაში რომ ჩამებარებინა, აუცილებლად მუსიკალურ სკოლაში უნდა მესწავლა, როგორც ტექნიკურ სასწავლებელში. გადავედი მუსიკალურ ნიჭიერთა ათწლედში და იქ კლასში ვიყავით 3 ბიჭი და 20 გოგო. 20-ვე გოგონა ძალიან ლამაზი იყო და საერთოდ შემეცვალა ცხოვრება. მე ორ კლასში ერთდროულად ვსწავლობდი, რადგან მე-9-ში უნდა მესწავლა მუსიკალური საგნის გამო და მე-10 კლასს პარალელურად გავდიოდი. ერთ ჩემს კლასში სწავლობდნენ ეკა მამალაძე და ლიკა ქავჟარაძე და მეორეში - ლალი ბეგიშვილი, მარიკა მანაგაძე, ნონა ბოჭორიშვილი. ჯამში, სულ 30 კლასელი გოგო მყავდა.
სწორედ მაშინ შემეცვალა ცხოვრების წესი. პირველ სკოლაში უფრო მეტს ვჩხუბობდი. 47-ე სკოლასთან გვქონდა ხოლმე დაპირისპირება. მაშინ სკოლა სკოლას ეჩხუბებოდა. თუმცა, ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ ყველა ერთად მივდიოდით, ლიმონათს ვსვამდით და ხინკალს ვჭამდით. ერთმანეთს არ ვიმეტებდით არც სასიკვდილოდ და არც დასაჭრელად. ჩვეულებრივი, ბავშვური ჩხუბები გვქონდა და მერე მეგობრებად ვრჩებოდით. ახლა რაც ხდება, წარმოუდგენელია. საიდან გაჩნდა ამდენი ბოროტება, აგრესია და დაუნდობლობა...
- თავი რომ დაიმკვიდრო და არ დაგჩაგრონ, შენც უნდა დაარტყა - თქვენი მაგალითიც ხომ ასეთია? (იღიმის)
- აუცილებელი არ იყო ალბათ ის დარტყმა, თვითონ დალაგდებოდა ყველაფერი. ფროიდის, იუნგის და სხვა ფსიქოლოგების ნაშრომები წაკითხული მაქვს და ვიცი, რომ ეს ისეთი ასაკია, როდესაც სიკეთესა და სისასტიკეს შორის განსხვავებას ვერ ხედავ. მე-2 და მე-3 კლასში ღონით რომ გერევა, ეს რაღაცამ უნდა დააკავოს. ეს უნდა იყოს, მაგალითად, დიპლომატია, რაც პატარა ბავშვს ამ დროს არ აქვს, ან მასწავლებელმა უნდა გააკონტროლოს. მე კი ძალა გამოვაჩინე და დავანახე, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, არ დავუთმობდი. რამდენიმე კვირა კი დავდიოდი დაჩაგრული.
- რომელიმე საგანი გიყვარდათ გამორჩეულად?
- ისტორია მიყვარდა, რადგან ფანტასტიკური მასწავლებელი მყავდა - ლევან არაბული. მიყვარდა ფიზიკაც, რადგან ასევე ფანტასტიკური მასწავლებელი, ლეილა კუხალაშვილი გვასწავლიდა და თან, ჩვენი კლასის დამრიგებელი იყო. პედაგოგს შეუძლია საგანი შეგაყვაროს. მასწავლებელი ფსიქოთერაპევტიც უნდა იყოს. დინა გეგენავამ შემაყვარა ქართული ენა და ლიტერატურა. მუსიკალურ ათწლედში ფიზიკას შოთა მაღლაკელიძე მასწავლიდა, რომელსაც საოცარი იუმორი ჰქონდა და მისი გაკვეთილი ნამდვილი დღესასწაული იყო ხოლმე. ჩემმა მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ მოსკოვის კონსერვატორიაში ვაპირებდი ჩაბარებას და ყველამ მომიმატა ნიშანი თავის საგანში.
- მოსკოვში სწავლა როგორ გახსენდებათ?
- მოსკოვის კონსერვატორია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იყო. დღეს მთელი მსოფლიოს კონსერვატორიები მათ მიერ დაწერილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ, რითიც მე მასწავლიდნენ. მათ შექმნეს მსოფილოს კლასიკური მუსიკალური კულტურა.
მოსკოვში ბებია გამომყვა და იქ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. წარმოიდგინეთ, 5 000 სტუდენტი ერთ საერთო საცხოვრებელში - ნამდვილი დღესასწაული იყო! რუსი გოგონებიც ცხოვრობდნენ იქ და უცხოელებიც. მაშინ გავიცანი ჩემი პირველი შვილის დედა, პარიზში რომ მყავს. ცოტა ხანს თბილისშიც ცხოვრობდა ჩემი შვილი, ის იმდროინდელი პერიოდის საჩუქარია. დედა ფრანგი ჰყავს. საბჭოთა კავშირის დროს, როც შეუძლებელი იყო საფრანგეთში ჩასვლა, მე მაინც ვახერხებდი და ვნახულოდი შვილს.
- წიგნების კითხვა გიყვარდათ?
- წიგნების კითხვა შემაყვარა ბებიამ, რომელიც ცოცხალი ბიბლიოთეკა იყო. ბავშვობიდან დამაწყებინა სერიოზული ლიტერატურის კითხვა. დიდ ტომებს მაკითხებდა თავიდანვე. ისე შემიყვარდა კითხვა, რომ მთელი ღამე ვკითხულობდი.
- რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენს ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა?
- მაშინ ყველა იმდროინდელი ბიჭისთვის მნიშვნელოვანი იყო ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ და ჩემს მენტალიტეტზეც მოახდინა ზეგავლენა. ასევე, მაშინ ყველა დარტანიანი ვიყავით. იმ პერიოდში არ იყო ინტერნეტი, „ჰარი პოტერი“ და სხვა მსგავსი ფილმები. ბავშვი ცდილობს, თავისი გმირი იპოვოს. დასავლური კინოთი განებივრებულები არ ვიყავით და ან ბაში-აჩუკი უნდა ყოფილიყავი, ან დარტანიანი. მე ვდარტანიანობდი.
- დღევანდელი განათლების სისტემა მოგწონთ?
- ჩემი უმცროსი შვილი 11 წლისაა. გლობალიზაციამ მოიტანა სკოლის რეკონსტრუქცია. უფრო გლობალური რაღაცები გახდა მნიშვნელოვანი და არა პიროვნება. ჩვენი მასწავლებლები ყველა ბავშვის შინაგან სამყაროს იცნობდნენ. დღეს კი ასე აღარ არის. ჩემი შვილი ინდივიდუალური პიროვნებაა, მუსიკალური ნიჭი აქვს... ჩემი პროფესიის გამო, სხვა ქვეყნებშიც მიწევდა ცხოვრება და თავიდან მისთვის რუსული იყო მთავარი ენა. აქ რომ ჩამოვიყვანე, სპეციალურად შევიყვანე ცოტა მარტივ სკოლაში, რომ ქართული ენა ესწავლა. მერე კერძო სკოლაში გადავიყვანე, მაგრამ არ გაამართლა, რადგან სოციუმი არ იყო - სულ 11 ბავშვი იყო კლასში. მნიშვნელოვანია, კლასში ბევრი ბავშვი იყოს, იქ ყალიბდება მეგობრობა, ძმაკაცობა... ახლა სკოლაში ბევრნი არიან, მაგრამ ვერ დაეწია მათ პროგრამას, რადგან ერთი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი. თავმოყვარე ბავშვია და თუ გაკვეთილი არ აქვს მომზადებული სათანადოდ, ურჩევნია, გაიპაროს, რომ არ შერცხვეს. ამას მასწავლებლები ვერ ხვდებიან. მე ხომ ვიცნობ ჩემს შვილს და ისინი მიზეზს არ ეძიებიან.
მახსენდება, როგორ მიწევდა ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელი ანგარიშს, რომ მე ვაგრძელებდი სწავლას, როგორც მუსიკოსი, ბავშვობიდან აღიარებული ვიყავი ამ სფეროში, მითმობდნენ, რომ მაგალითად, ქიმია სათანადოდ არ ვიცოდი. დღეს კი ბავშვში ინდივიდუალიზმს არ ეძებენ. ეს კი ისეთი ასაკია, რომ შეიძლება მოუშუშებელი ტრამვა მიაყენო. მასწავლებლობა არ არის მხოლოდ საგნის სწავლება, ფაქიზები და ფრთხილები უნდა იყვნენ და ფსიქოლოგიური ტესტიც უნდა გაიარონ. მომავალ თაობასთან აქვთ შეხება და სად ამოყოფს თავს მოზარდობაში მიყენებული ჭრილობები, კაციშვილმა არ იცის. ჩვენს დროს მასწავლებლების პირადი არჩევანი იყო, ბავშვების გულში ჩაეხედათ და ეგრძნოთ, ვის რა პრობლემა აქვს და ვის როგორ უნდა მოექცნენ. ამას კი ჩემი შვილის შემთხვევაში ვერ ვხედავ.
- თავად თუ გაქვთ პედაგოგიური გამოცდილება?
- ასპირანტურაში რომ ვსწავლობდი, თან მუსიკალურ სკოლაში ვასწავლიდი. მერე ესპანეთში, კონსერვატორიაშიც ვასწავლიდი. თბილისში კი, თეატრალურ სარდაფში მქონდა თავისუფალი ლექციები პარასკეობით, სადაც ბევრი ბავშვი მოდიოდა მოსასმენად. ეს იყო თავისუფალი საუბრები, რითაც ბავშვს ხელოვნებას შეაყვარებ. გვქონდა ჩვენებები მუსიკისა და კინოს სფეროში, ვაცნობდი მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ისტორიებს ვუყვებოდი... ვსაუბრობდით სიკვდილზე, სიცოცხლეზე, ღმერთზე... მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი იყო დასწრება, დღემდე ყველასთან ვმეგობრობ და ყველა ვიცი, ვინ რითი ცოცხლობს, ვინ ვინ არის და ვისთან რაზე უნდა მელაპარაკა. ესაა პედაგოგობა. 32 ადამიანს ერთნაირად კი არა, 32-ივეს ინდივიდუალურად უნდა მოექცე, უნდა გაიგო, რატომ აქვს ამა თუ იმ ბავშვს პრობლემა. მე კი არ ვამართლებ ჩემი შვილის საქციელს, არამედ მოვითხოვ სკოლისგან, რომ მიზეზებში გაერკვნენ და ის მიზეზი აღმოფხვრან, და არა კონკრეტული ქმედება.