საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, პოეტმა, პროზაიკოსმა და ესეისტმა გიორგი კეკელიძემ Etaloni.ge-ს საკუთარი ფავორიტი წიგნები ჩამოუთვალა და ბავშვებს ურჩია, აუცილებლად შეაღონ იმ დიდი მისტიკური სამყაროს კარი, წიგნების სამყარო რომ ჰქვია.
გიორგის აზრით, მნიშვნელოვანია, მშობელმა და მასწავლებელმა აუცილებლად მიუთითოს ბავშვს კითხვისკენ.
- გიორგი, ჩამოგვითვალეთ ხუთი წიგნი, რომლებმაც თქვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა და ბავშვებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ.
- მარკ ტვენის „ჰეკლებრი ფინი“, უილიამ ფოლკნერის „აბესალომ, აბესალომ“, ჰერმან მელვილის „მობი დიკი“, ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
– რა ემოცია დაგიტოვათ თითოეულმა?
–
მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინი“, ეს არის წიგნი გზაზე და ადამიანზე, წასვლისა და არდაბრუნების მითოლოგემაზე, მთელი რიგი ავანტიურისტული ჟონგლიორობით, რაც დიდად მხიბლავს.
- იულიამ ფოლკნერის „აბესალომ , აბესალომ“ ბოლომდე ამოუცნობი წიგნია მარტოობაზე და მარტოობასთან ბრძოლაზე, დიადი მისტიკაა.
- ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ – მეორე დიდი წიგნი გზაზე, ინტერტექსტებით და მითოსით დატვირთული, თავისუფლების მანიფესტი.
- ვაჟა–ფშაველა „ალუდა ქეთელაური“ – მომავლის წიგნი და მომავლის პერსონაჟი, ყველაზე დიდი პოემა სიმართლეზე და სამართალზე.
- შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – ადამიანზე, სიყვარულზე და ღმერთზე დაწერილი უმასშტაბურესი ტრაქტატი და ჩვენი სამუდამო სიამაყე.
– ასაკობრივად თუ დავყოფთ, ეს და სხვა რომელი წიგნები უნდა წაიკითხონ ბავშვებმა - დაწყებითი კლასის მოსწავლეებს რას ურჩევდით, შუა კლასებს და ასევე დამამთავრებლებს?
– აუცილებლად უნდა დავიწყოთ ზღაპრებით. იქ დიდი ცოდნა და დაშიფრული გზავნილებია, შემდეგ უკვე საყმაწვილო ლიტერატურა, ჩემი ხუთეული, გარდა ჰეკლბერისა, უფრო უფროსს ასაკს გულისხმობს, ჰეკის ამბები სადღაც მეხუთე კლასშიც შეგვიძილია „გავსინჯოთ“.
წიგნის კითხვა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, როცა კითხვა შეგვიძლია. მანამდე წაკითხვითაც შეიძლება ამ კარის შეღება. ეს მისტიკური აქტია. წიგნების მთავარი სარგებელი მაინც ის არის, რომ იქ ყველაფერი მომხდარია და შენ შეგიძლია დიდი სიხარულისას ან მწუხარებისას, სოლომონის ბეჭედივით „გადმოაბრუნო“ წაკითხული და დარწმუნებით თქვა „ესეც გაივლის“.
– როგორია წიგნების სამყარო და რას ურჩევთ ბავშვებს? უფროსებმა როგორ უნდა შეაყვარონ ბავშვებს კითხვა და თქვენი მაგალითიც რომ გაიხსენოთ...
– ძნელია წიგნების ხელოვნურად შეყვარება ვინმესთვის ან დაძალებით დამეგობრება ტექსტთან. აი, მათკენ მითითება კი აუცილებელი რამეა და ასევე – მათი შემჩნევა და სხვათათვის შემჩნევინება. მერე, შეუყვარდება თუ არა, არავინ იცის. ოჯახს და სკოლის დაწყებით კლასებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამისთვის კი ლიტერატურის მომზადებული მასწავლებლები გვჭირდება. მე უფრო ოჯახმა მიბიძგა კითხვისკენ, თან მაშინ ძალიან ცოტა ალტერნატივა გვქონდა, ახლა ამ მხრივ მეტი საცდურია და მეტი დაკვირვება გვჭირდება.