„ვარჯიშობენ, ხალისობენ, საცეკვაო ილეთებს ასრულებენ და ბედნიერები შედიან გაკვეთილზე“ - ინტერვიუ ირლანდიური განათლების სისტემის თავისებურებებზე
28-07-2018
ქართველი ადვოკატის, ელზა ჯმუხაძის შვილები და შვილიშვილები უკვე წლებია ირლანდიაში ცხოვრობენ. იქაურ სკოლაში მისი ოთხი შვილიშვილი დადის. ელზა ჯმუხაძე შვილიშვილებს ზაფხულის დასაწყისში სტუმრობს ხოლმე. ეს ის დროა, როცა იქ სკოლის არდადეგები ჯერ არ არის დაწყებული. ბებია ბავშვების ცხოვრებაში აქტიურად ებმება და ბევრ საინტერესოსაც იგებს იქაურ განათლების სისტემაზე.

ელზა ჯმუხაძემ Etaloni.ge-ს ირლანდიური სკოლების შესახებ მოუყვა.

- ირლანდიაში, ბავშვი სანამ სკოლაში სწავლას დაიწყებს, მიჰყავთ ინფანტჯგუფებში, ანუ სკოლამდელ ჯგუფში. ამის მერე გადადიან საბაზისო სკოლაში, სადაც 12 წელი სწავლობენ. ჩვენ რომ უნივერსიტეტებს ვეძახით, იქ კოლეჯები ჰქვია. ყველგან ერთი სისტემით მიდის სწავლება. არის სასწავლებელი, რომელსაც ძალიან საინტერესო ტრადიციები აქვს. თავის დროზე, საცხოვრებელი კორპუსებიც ააშენეს, რომ ვინც იქ ისწავლიდა, იქვე ეცხოვრა. ახლა ეს კორპუსები გადაქცეულია ერთგვარ სასტუმროდ საპატიო სტუმრებისთვის. ასეთი საპატიო სტუმრები კი ძალიან ბევრი ჰყავს დუბლინის უნივერსიტეტს იმ ხალხის სახით, ვინც იქ სწავლობდა. ბევრი ცნობილი პიროვნებაა ასეთი და მათ შორის ბილ კლინტონი, ბუტროს გალი. ყველა მათი კურსდამთავრებული ცდილობს, რაღაცით შეეწიოს ამ სასწავლებელს. დუბლინის უნივრესიტეტს აქვს უნიკალური ბიბლიოთეკა და ყველა მისი კურსდამთავრებული თავის მოვალეობად თვლის, ერთი წიგნი მაინც, რაიმე უნიკალური გამოცემა შესწიროს ამ ბიბლიოთეკას. მუზეუმივით არის ეს ბიბლიოთეკა და ტურისტებისთვის სანახავ ადგილთა სიაშიც შედის. ამ სასწავლებელს აქვს ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, სადაც ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტები, რომლებმაც აქ ისწავლეს, მიდიან და დროს ატარებენ.

დუბლინის უნივერსიტეტში ერთგვარი ტრადიციაა, რომ კვირაში ერთ დღეს ერთად სადილობენ სტუდენტები და ლექტორები და ამ სადილის დროს სალაპარაკო ენა გახლავთ ლათინური. მოგეხსენებათ, ლათინური მკვდარი ენა და დღეს ამ ენაზე აღარავინ საუბრობს, მაგრამ ვიცით, რომ სამეცნიერო საფუძვლები, ტერმინოლოგია და ა. შ. ამ ენას ემყარება და, აქედან გამომდინარე, ტრადიციას ინახავენ და ყველა, ვინც ამ სასწავლებელს ამთავრებს, ლათინურ ენაზე საუბრობს.

– რაც შეეხება სკოლებს, რა ტრადიციები აქვთ?

– სკოლებში აშკარად თვალშისაცემი ის არის, რომ არ არსებობს სკოლა თუ სასწავლებელი, რომელიც არ ატარებს წმინდანის სახელს. კათოლიკეები არიან და ყველა სკოლის ეზოში აუცილებლად არის ეკლესია. სერიოზულად უდგებიან რელიგიას. ბავშვები პირველ ზიარებას იღებენ 8 წლის ასაკში და ძალიან დიდი მონდომებით ემზადებიან ამ დღისთვის. ბავშვებს უკერავენ სპეციალურ ტანსაცმელს და ეს დღე მათთვის დიდი ზეიმია.

ჩემი შვილიშვილები მართლმადიდებლები არიან. დუბლინში  მართლმადიდებლური ტაძარიც არის, სადაც მამა დავით ორეგანი წირავს. მამა დავითი ირლანდიელია. პროფესიით თეოლოგია და თეოლოგიის შესწავლის მერე მივიდა დასკვნამდე, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა. იმ ტაძარში ქართველი მოძღვარიც არის. როცა მთელი კლასი ეზიარება კათოლიკურ ეკლესიაში, ჩვენს ბავშვებს არავინ აძალებს, რომ მათთან ერთად ეზიაროს. ასეთ დროს, მშობლები და მასწავლებლები ყველანაირად ცდილობენ, ბავშვმა თავი დისკრიმინებულად არ იგრძნოს. ამ დღეს, სხვა აღმსარებლობის ბავშვს ათავისუფლებენ სკოლიდან და მშობლებს მიჰყავთ სადმე ექსკურსიაზე, რომ ლამაზი დღე მოუწყონ მათაც. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ეკლესიაა და წმინდანის სახელს ატარებს სკოლა, იქ ვერ ნახავთ ისეთ დეტალს, რაც სხვა აღმსარებლობის ბავშვს დაამცირებს ან უხერხულად აგრძნობინებს თავს. ირლანდიელებს ბევრი ეროვნული გმირი ჰყავთ. ძალიან მებრძოლი ხალხია, მაგრამ ამაზე ხაზგასმა არ ხდება სკოლებში – ჩვენ ვართ და ჩვენი სამშობლოო, ვერ გაიგონებთ. ჩემს შვილიშვილებთან ერთად უამრავი ეროვნების ბავშვი სწავლობს. თუ რომელიმე ერის ტრადიციაა, რომ მათ ბავშვს თავზე რაღაც უნდა ეფაროს, არ აფარიათ. იქ ყველა ბავშვი სპეციალური ფორმით დადის სკოლაში. ირლანდიელ ბავშვებსაც არ შეუძლიათ თავიანთი ეროვნული ტანსაცმლით სკოლაში სიარული.

არ გამოარჩევენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს და, მაგალითად, როცა რაიმე სპექტაკლს დგამენ კლასში, ყველა ბავშვი თანაბრად მონაწილეობს. კატეგორიულად აკრძალულია ისეთი ფოტოს გამოქვეყნება, მაგალითად, შენს „ფეისბუქში“, თუ ამ ფოტოზე შენი შვილის გარდა, სხვა ბავშვიც ჩანს. მშობლის ნებართვის გარეშე, სხვა ბავშვის ფოტოს თუ ვიდეოს ვერსად ატვირთავ. ღონისძიებაზე დიდი ასოებით არის ხოლმე ამის შესახებ გაფრთხილება გამოკრული. მაგალითად, თუ შენი ბავშვი დადის ცურვაზე, მას იქ ფოტოს ვერ გადაუღებ. ბავშვი ამ დროს შიშველია და მისი უფლებები არ უნდა დაირღვეს. ძალიან არის ხაზგასმული და დაცული ბავშვის უფლებები.

დილით, სწავლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ყველა ბავშვი სკოლის ეზოში იყრის თავს, ირთვება მუსიკა. ყველა მასწავლებელი გამოდის და ბავშვებთან ერთად ვარჯიშობს. წვიმაა, ქარია თუ მზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვარჯიშობენ, ხალისობენ, საცეკვაო ილეთებს ასრულებენ და ბედნიერები შედიან გაკვეთილზე. ბავშვები აუცილებლად დადიან რომელიმე სპორტზე. სკოლაში ყველამ უნდა წაიღოს ლანჩბოქსი და ბოთლი წყლით, რომ სკოლაში ფულის აღებ-მიცემობა არ გაიმართოს. ბუფეტები არ არის სკოლებში. ბავშვს ლანჩბოქსში უნდა ედოს სენდვიჩი და ხილი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შოკოლადის, სხვა ტკბილეულის, ან გაზიანი სასმლის წაღება. ექსკურსიაზე ბავშვები მშობლების გარეშე დაჰყავთ და მაშინაც, მშობელი ბავშვს ლანჩბოქსით ატანს იმას, რასაც თავის შვილს აჭმევს.

შარშან სკოლაში ბავშვებს დაავალეს წარმოედგინათ ის ქვეყანა, საიდანაც იყვნენ. ჩემმა შვილიშვილმა ხევსურული კაბა ჩაიცვა. ამ ფორმით მერე ქუჩაშიც გამოვიდა. ყველა ეფერებოდა და ბედნიერი იყო. სკოლაში მე წავყევი და მივიტანეთ ჩურჩხელა, ტყლაპი და სხვა ქართული ტკბილეული. ყველაფერს უნდა ეწეროს, რა არის და რა შემადგენლობა აქვს, რომ სხვა ბავშვმა არ შეჭამოს ისეთი რამ, რაც, მაგალითად, ალერგიას გამოიწვევს. ჩემმა შვილიშვილმა წარმოადგინა ჩვენი ქვეყანა – სად მდებარეობს, როგორია, რა წარსული აქვს და ა. შ. ამ ყველაფერში ეხმარებოდა ერთი თავისი ირლანდიელი მეგობარი. რადგან მარტო ის იყო კლასში ქართველი, უთხრეს, რომ მარტო ვერ შეძლებდა და ირლანდიელი ბავშვი დაეხმარა.

ბავშვის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას მასწავლებელი მშობელს წერილით აცნობებს. კონვერტში ჩადებენ და ისე ატანენ ბავშვს, რომ თვითონაც არ წაიკითხოს. სახლიდან ხელმოწერილი ფურცელი უნდა მიუტანოს მასწავლებელს, რომ მშობელს გადასცა და მან ეს ინფორმაცია ნახა. თუ ბავშვს რომელიმე საგანში ჩამორჩენა აქვს, ან რაიმე პრობლემა გაუჩნდება, ყველაფერს ასეთ კონფიდენციალურ წერილში წერენ.

სკოლებში არის გახანგრძლივებული ჯგუფები. თუ სოციალურად დაუცველი ხარ, სახელმწიფო იხდის ამის ფულს. თუ მუშაობ – შენ. სკოლები უფასოა. 

ყველგან ნიშანია, რომ აქ ბავშვები არიან და ხვდები, რომ სკოლაა იქვე. სკოლასთან, გადასასვლელ გზაზე არიან ე.წ. ლოლიპოპ–ლედები, ქალები, რომლებსაც აცვიათ ფოსფორისფერი გრძელი ჟილეტები და ხელში ჯოხზე დამაგრებული მრგვალი ნიშანი, რომელსაც „სტოპ“ აწერია. როგორც კი სკოლიდან გამოდიან ბავშვები, ლოლიპოპ–ლედი დადგება შუა გზაზე და აჩერებს მოძრაობას. სანამ ყველა ბავშვი არ გადავა, მანქანა არ იძვრება. ეს ქალები უხელფასოდ მუშაობენ, მოხალისეების სამუშაო ჰქვია. ეს ისინი არიან, ვინც ან ეს სკოლა დაამთავრა, სადაც დგება, ან რომელიმე ბავშვის მშობელია, ან უბრალოდ დრო აქვს. ამაში ფულს არავინ ითხოვს, მთავარია, ბავშვები იყვნენ დაცული. ბავშვებს ასწავლიან, როგორ მოიქცნენ ხანძრის თუ სხვა სტიქიური მოვლენის დროს. ყველგან გამოკრულია უსაფრთხოების წესები, რაც უზრუნველყოფს, რომ არ დაიბნენ. ყველა ბავშვს, რომელიც შორი გზიდან დადის სკოლაში, აცვია ფოსფორისფერი ჟილეტი, რათა ჩანდეს, რომ ბავშვი მოდის. ჟილეტი აუცილებლად უნდა ედოს ჩანთაში და თუ მოუწია ქუჩაში გასვლა, აუცილებლად უნდა ჩაიცვას.

– საგნების სწავლება რა წესით ხდება?

– გაკვეთილები ისეა განაწილებული, რომ ბავშვს არ მობეზრდეს სწავლა და სკოლაში სიარული. წიგნები, ჩვენი სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, ადაპტირებულია ბავშვის გონებასთან. ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მაღალ კლასებში აირჩიონ ის საგნები, რაც უყვართ და აინტერესებთ და სულაც არ არის აუცილებელი, ყველაფერი ისწავლონ.

– ანუ თუ რომელიმე საგნის სწავლა არ მინდა, არ ვისწავლი?

– დიახ. მე-8, მე-9 კლასიდან შეგიძლია ორიენტირდე იმ საგნებზე, რაც გინდა და მხოლოდ ისინი ისწავლო. ჩემი შვილიშვილები იქ ბევრად კარგ განათლებას იღებენ, ვიდრე საქართველოში მიიღებდნენ და ამ განათლებას ისე იღებენ, რომ დაძაბულები არ არიან და სკოლა არ ეზიზღებათ მძიმე და საშინელი პროგრამის გამო. სკოლაში აქვთ მაქსიმალური დატვირთვა და არა სახლში.

– როგორია სოციალური დახმარება?

– საკმაოდ ღირსეული. საქართველოში რომ იყოს ასეთი დახმარება, ვინც მუშაობს, ისინიც თავს დაანებებდნენ სამსახურს, მაგრამ იქ თავმოყვარე ადამიანს რცხვენია დახმარებაზე არსებობა, როცა აქვს შესაძლებლობა იმუშაოს და 3-4-ჯერ იმაზე მეტი გამოიმუშაოს. სოციალური დახმარებით კარგად გამოკვებილი, კარგად ჩაცმული იქნები და კარგ ბინაშიც იცხოვრებ, მაგრამ ამის იქით აღარაფერი გექნება. სამოგზაუროდ გინდა წასვლა, კარგი მანქანა გინდა, კონცერტზე წასვლა გინდა, არაფერი გექნება. შეიძლება პრეზიდენტის შვილს შეხვდეთ, რომელიც ბარში მიმტანად მუშაობს. ლექტორები ვიცი, რომლებიც დილის 6 საათზე მიდიან სასწავლებელში, დამლაგებლის ფუნქციას ითავსებენ. ალაგებს დილის 6 საათზე, 9–ზე გამოიცვლის და ლექციას წაიკითხავს. ერთმა მათგანმა მითხრა, დილით არ მეძინება და ტყუილად ხომ არ ვიქნებიო. დამლაგებლობით 400–500 ევროს შოულობს თვეში. ანუ სოციალური დახმარება იქ კი კარგია, მაგრამ ამით გახარებული არავინაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203