ბზვანის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ადამიანი აღუზრდია
26-07-2018
ვანის, ბზვანის საჯარო სკოლა თავისი ისტორიული წარსულით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო, - ამის შესახებ სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს. მისვე თქმით, სკოლას არაერთი წარმატებული ადამიანი აღუზრდია.
„საგანმანათლებლო დაწესებულებას 60 წლის მანძილზე ვერა ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობდა. მან უამრავი ქარცეცხლი გამოიარა და სიცოცხლის ბოლომდე მუხლჩაუხრელად ემსახურა სკოლას. მის საქმეს უკვე 7 წელია აგრძელებს მისი ყოფილი მოსწავლე ნარგიზა ტყეშელაშვილი, რომელმაც სკოლაში მოსვლის დღიდან მიზნად დაისახა სკოლის ტრადიციის გაგრძელება.
სკოლა 4-5 ათეული წლის წინ მრავალრიცხოვანი მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული, 7 წლის წინ 120 მოსწავლე ირიცხებოდა, ამჯერად 80- მდე მოსწავლეა. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე, ახალი ინვენტარით, ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. სკოლას ემსახურება 25 კვალიფიცირებული მასწავლებელი, მათ შორის 5 სერთიფიცირებულია.
სკოლაში აქტიურად ტარდება სასკოლო ღონისძიებები, მოსწავლეები სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობენ. მიმდინარე წელს სკოლის „ეკო“ გუნდმა „ბიომ“ მოიპოვა ფინალის საგზური საქართველოს პარლამენტში, საზაფხულო საგზურები დუშეთში. სკოლაში საგნების შესაბამისად სასწავლო ექსკურსიები ეწყობა, იმართება საახალწლო, სარვამარტო ღონისძიებები და გამოფენები.
სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ მშობლები, პერიოდულად ტარდება მშობელთა გამოკითხვები, შედეგად სკოლა მშობელთა სურვილებსა და მოსაზრებებს ითვალისწინებს და მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნავს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.