ხალას საჯარო სკოლაში ზურაბ გორგილაძის პოეზიის საღამო გაიმართა
31-07-2018
სეიდ გვარიშვილის სახელობის ხალას საჯარო სკოლამ „ზურაბობა“ აღნიშნა. 

როგორც სკოლის დირექცია განმარტავს, დღესასწაული ქართველ პოეტ ზურაბ გორგილაძეს ეძღვნება, რომელიც ქობულეთის რაიონის ტრადიციად იქცა. 

აღნიშნულის შესახებ სკოლის დირექციის მხრიდან გამოგზავნილ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

„სიტყვის ბატონი და სიტყვის მონა“ - ზურაბ გორგილაძე (დაიბადა 1937 წლის 5 მაისს სოფელ გორგაძეებში, ქობულეთის რაიონი) ქართველ პოეტთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტია, რომელმაც პოეზიაში აჭარული კუთხური დიალექტის ხიბლი წარმოაჩინა. მისი პოეზიის მთავარი თემატიკა სამშობლოს სიყვარულია, თანამემამულეთა სულიერი ტკივილი და გაუცხოება, რაც წარსულმა დაგვიტოვა, ასევე-სიყვარული ქალისადმი. 

ზურაბ გორგილაძემ დაწყებითი განათლება სოფელ გორგაძეების დაწყებით სკოლაში მიიღო, ხოლო საშუალო სკოლა სოფელ ხალაში დაამთავრა. ზურაბ გორგილაძის პოეზიამ განსაკუთრებული აღიარება მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა. ლექსი „ჩაუმქრალი სანთლები“ აჭარის სიმბოლოდ იქცა. 5 მაისის, როგორც დღესასწაული „ზურაბობის“ აღნიშვნა, ქობულეთის რაიონში ტრადიციად იქცა. სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც ხალას კულტურის სახლში ზურაბ გორგილაძის პოეზიისადმი მიძღვნილი საღამო მოაწყვეს. ღონისძიება ხალას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ქეთო ბაჟუნაიშვილმა და მარინა კახიძემ მოამზადეს. საღამო მე-12 კლასის მოსწავლე ინგა ლორთქიფანიძეს მიჰყავდა. ლექსები წაიკითხეს: ლიკა ცეცხლაძემ, მარიკა ლორთქიფანიძემ, დავით ლამპარაძემ, ნინი აბაშიძემ, სალომე ჯიჯავაძემ, სალომე დავითაძემ, მალხაზ კონცელიძემ, ნათია ხალვაშმა, ლიზი ხალვაშმა, ხატია ქარცივაძემ და ანანო ლამპარაძემ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პოეტის მეუღლე ლეილა დავითაძე, შვილი თათია გორგილაძე და ფატი გორგილაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ფატი ხალვაში და კობა ნაკაიძე, ქობულეთის რესურცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე, ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. 

მოსწავლეების მიერ ემოციურად წაკითხულმა ლექსებმა სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ზურაბ გორგილაძის ოჯახის წევრებმა ცრემლის გარეშე ვერ შესძლეს მოსწავლეების მოსმენა. საღამო ხალას საჯარო სკოლასთან არსებულმა სანიმუშო სახალხო საბავშვო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მაჭახელამ“ (ხელმძღვანელი ზვიად მალაყმაძე) და სოფელ ხალას კულტურის სახლთან არსებულმა ხალხური სიმღერის ანსამბლმა (ხელმძღვანელი სოფო გორგილაძე) გაალამაზეს.  

დასასრულს, მოწვეული სტუმრები სიტყვით გამოვიდნენ და ხალას საჯარო სკოლის მოსწავლეებს დასამახსოვრებელი საღამოს მოწყობისათვის მადლობა გადაუხადეს.“-ნათქვამია სკოლის დირექციის მიერ გამოგზავნილ ტექსტში. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203