ხიდრის საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი გაიმართა
01-08-2018
ხიდრის საჯარო სკოლა მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.
ორი წლის მანძილზე, ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებელი სკოლის მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 23-26 ივლისს სკოლაში ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი გაიმართა.
მას ხელმძღვანელობდნენ ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები: მზია ბერაძე და ხათუნა ბერაძე, მშვიდობის კორპუსის მოხალისე-მასწავლებელ რეიჩელ ლენგსტონთან ერთად.
ბანაკი ოთხ დღიანი იყო, რომელიც დატვირთულ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას მოიცავდა.
საზაფხულო ბანაკის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ინგლისურ ენაზე წარიმართა და იგი ხიდრის საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებისათვის იყო განკუთვნილი.
ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის ლექსიკური მარაგის გაუმჯობესება, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდში მუშაობის უნარების განვითარება და ცხელი ზაფხულის ერთი კვირის შინაარსიანად გატარება.
ოთხ გუნდად დაყოფილი მონაწილეები სხვადასხვა სახალისო აქტივობებით იყვნენ დაკავებული. პირველი და მეორე დღე ჰუმანიტარულ საკითხებს ეხებოდა, ხოლო მესამე და მეოთხე დღე საბუნებისმეტყველო საგნებს მიეძღვნა. შედეგად, მონაწილეებს განუვითარდათ ჰუმანიტარული და STEM საკითხების ეფექტური პრეზენტირებისათვის საჭირო უნარები.
სკოლის ისტორიაში ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი პირვლად გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა მონაწილეების მხრიდან.
საბოლოო ჯამში, საზაფხულო ბანაკის დაგეგმვისას დასახული მიზნები მიღწეულია.
„დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ ბანაკში მონაწილეობით მიღებულმა სიამოვნებამ მოლოდინს გადააჭარბა. მათი აზრით, უცხო ენის სწავლა არაფორმალურ გარემოში გაცილებით მარტივია, რადგან უცხო ენაზე საუბრის კომპლექსი ნაკლებია და მეტად ხდება კონცენტრაცია დავალების შესრულებაზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
საზაფხულო ბანაკი ხიდრის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ყველა საჭირო რესურსი ადმინისტრაციამ უზრუნველყო და ბოლოს, ბანაკის მონაწილეები ექსკურსიაზე წავიდნენ.