ხოჯორნის საჯარო სკოლის გუნდმა „ხოჯორნელმა ვარსკვლავებმა“ საინტერესო ღონისძიება ჩაატარა
02-08-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლასთან არსებულმა საზაფხულო სკოლა „ხოჯორნელმა ვარსკვლავებმა“ „ვილა ხოჟორნიდან“ სკოლის კლუბში გადმოინაცვლეს და მაყურებლებისა და სტუმრების წინაშე შემაჯამებელი ღონისძიებით წარსდგნენ.
ღონისძიებისთვის ცაგერიდან სპეციალურად ჩამოვიდა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მუსიკის კონსულტანტ-მასწავლებელი იზა ხეცურიანი-ჩაკვეტაძე, რომელმაც „ვარსკვლავებთან“ ერთად მაყურებელი საკუთარი შესრულებით დაატკბო.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ენისადმი არაქართულენოვანი სკოლების და მოსახლეობის დადებით დამოკიდებულებას და ინტერესს მიესალმებიან და ყველა საინტერესო წამოწყებას ყოველთვის მხარში დაუდგებიან.
სკოლის დირექტორმა რიმა გარიბიანმა მოწვეულ სტუმრებს, მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელს ლალი მარგიანს მადლობა გადაუხადა.
დასასრულს, სკოლის ყველა მონაწილეს და იზა ხეცურიანსაც მათივე ხელმძღვანელის მიერ შექმნილი სიგელები გადაეცათ. სიგელები აგრეთვე ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთის სკოლის მასწავლებელს თეა ტალახაძეს და მის მოსწავლეებს გაეგზავნებათ, რომლებიც ხოჯორნს სამი დღით სტუმრობდნენ და „ხოჯორნელ ვარსკვლავებს“ ფერადი დღეები აჩუქეს.