„ის მიდგომები რაც დღეს არის, ჩემი სკოლის პერიოდში გვაკლდა“ - დირექტორები სკოლის პერიოდს იხსენებენ
02-08-2018

სკოლის დირექტორი მენეჯერთან ერთად, მოსწავლის დამრიგებელი და წინამძღოლია. როგორი მოსწავლეები იყვნენ თავად სკოლის ხელმძღვანელები.


Etaloni.ge-სთან დირექტორები სკოლის პერიოდს იხსენებენ. 

ყულევის საჯარო სკოლის დირექტორი ხატია ოჩიგავა:

„მაინცდამაინც ცელქი არ ვიყავი. უფრო მეტად ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, ქართული, ბიოლოგია, ჩემი უსაყვარლესი მასწავლებლები იყვნენ - ნანული სიჭინავა და ლამზირა ქირია. ქალბატონი ლამზირა გეოგრაფიას მასწავლიდა, დღეს იმავე სკოლის დირექტორი ვარ, რომელი სკოლაც დავამთავრე. ჩემს მასწავლებლებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათაც ძალიან უხარიათ, რომ მე გავხდი ამ სკოლის დირექტორი“.

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი:

„სკოლაში საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი, მაღალ ნიშნებზე ვსწავლობდი, მაგრამ მშობლებიცა და მასწავლებლებიც ჩემით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ იყვნენ, ამბობდნენ, ნიჭიერი მეტად არის, ვიდრე ბეჯითიო. განსაკუთრებით მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები - ქართული ენა და ლიტერატურა, რისი სპეციალისტიც ვარ და გერმანული. ასევე კარგად ვსწავლობდი ისტორიას, იმდენად კარგად, რომ მე-4 კლასის მოსწავლე პედაგოგს მე-7 კლასელებთან შევყავდი. საყვარელ პედაგოგებს რაც შეეხება, სწორედ ამ საგნების მასწავლებლებს გამოვყოფდი, ქართულის მასწავლებელს ლენა ჩაჩხიანს, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტი იყო, სათნო, ლამაზი ქალი. დიდ ყურადღებას აქცევდა ქართული ენის გრამატიკის სწავლებას და ვემადლიერები, ბაზისი ნამდვილად შემიქმნა, თუმცა კალიგრაფიისთვის ფრიადს მამადლიდა. გერმანულს დარახველიძის ანსამბლის მოცეკვავე ქალბატონი თამილა მახარობლიძე მასწავლიდა, გარეგნულად მომხიბვლელი,  უფაქიზესი სულის ქალბატონი, ძალიან მიყვარდა. გამოვარჩევდი ასევე ამავე საგნის მასწავლებელს მზისადარ ჯიქიას, ისტორიის პედაგოგ ჯუსტან ხეცურიანს, ძალიან საყვარელი პიროვნება იყო, რომელიც თავადვე ამბობდა პედაგოგი საგანს ან შეგაყვარებს ან შეგაძულებსო და მართლაც, ისტორია მთელ კლასს შეგვაყვარა. რა თქმა უნდა, იყვნენ სხვა კარგი მასწავლებლებიც, აღვნიშნავდი დაწყებითი კლასების პედაგოგ ციალა გოდერიძეს, მეტყველებას და დეკლამაციას დიდ ყურადღებას აქცევდა და დღემდე მადლიერი ვარ ამისთვის. მხატვრულად კარგად ვკითხულობდი და აქტიურად ვმონაწილეობდი პოეზიის საღამოებსა თუ ლიტერატურულ ღონისძიებებში. გამოვყოფდი ასევე პირველ მასწავლებელ თამარ ლარცულიანს, ასე ამბობდა, ექვსიანები რომ იწერებოდეს, დავუწერო. მყავდა ასევე კარგი დამრიგებელი მე-5 -მე-8 კლასებში ბორის მიქაძე, მოსიყვარულე და თბილი, ჩემი მერცხლებიო,- ასე გვეძახოდა. ასევე მე-9-მე-10 კლასების დამრიგებელი კუკური ხეცურიანი, მომთხოვნი, მაგრამ თბილი და მზრუნველი. 

რაც შეეხება მეგობრებს, კარგი კლასი გვყავდა, 15 გოგონა და 15 ბიჭი ვიყავით. დღემდე შემომრჩა მერხის მეგობარი. სკოლის პერიოდს სიყვარულით ვიხსენებ, კლასელები დღემდე ვმეგობრობთ“.

მახაშის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ სილაგაძე:

„კარგი მოსწავლე ვიყავი, ჩემი საყვარელი საგანები კი ისტორია და ლიტერატურა იყო, საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი. ძალიან მიყვარდა სპორტი, ყოფილი სპორტსმენი ვარ, ჭიდაობას და კრივს მივსდევდი, შემდეგ ინსტიტუტში ფრენბურთელი ვიყავი, დღესაც მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ კარგად ვთამაშობ ფრენბურთს, კიდევ პოეზია მიყვარს, საყვარელი პედაგოგი იყო ფაცო ქარსელაძე, რომელიც ქიმიას მასწავლიდა“. 

ნასპერის საჯარო სკოლის დირექტორი მელორ ახვლედიანი:

„გამორჩეული სკოლის დირექტორი მყავდა, ბატონი ტრისტან გუგავა, შესანიშნავი კაცი, სამაგალითო დირექტორი. საგნებიდან ძალიან მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, რომელსაც ქალბატონი ლეილა ფრუიძე მასწავლიდა. თითქმის ყველა საგანი მიყვარდა - ბიოლოგიაც,  ქიმიაც, გეოგრაფიაც. სპორტულ შეჯიბრებეზეც გამოვდიოდი და ფეხბურთში წარმატებაც მქონია“.

ლუხვანოს საჯარო სკოლის დირექტორი მურთაზ მანდარია:

„სკოლაში 1959-ში შევედი, იმ პერიოდის ბავშვები, ვფიქრობ, ცელქები დიდად არ იყვნენ. მასწავლებლებს რაც შეეხება, ნამდვილად კარგი მასწავლებლები მყავდა, განათლებულები, პატიოსნები, წესიერები, ზრდილობიანები, ზედმეტს არაფერს გვკადრებდნენ, 8 წელი მშობლიური სოფლის სკოლაში ვსწავლობდი, მე-9- მე-10 კლასები კი ქუთაისის N6 სკოლაში გავატარე, სადაც ადრე გალაქტიონ ტაბიძე და აკაკი შანიძე სწავლობდნენ, სკოლა კი ბაგრატის ტაძრის გვერდით მდებარეობდა, საოცარი გარემო იყო“. 

დაგარახლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხორბალაძე:

„საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი, ზოგადად ჩემი კლასის მოსწავლეები იყვნენ ცელქები. ხშირად ვიპარებოდით „შატალოებზე“ და მასწავლებლებს ვაბრაზებდით. ჩემი საყვარელი პედაგოგი ქართულის მასწავლებელი ნათელა ქრისტესიაშვილი იყო, რომელმაც სწავლა შემაყვარა და ინტერესი გამიღვივა. მან მთლიანად შეცვალა ჩემი სკოლის ცხოვრება, მე-6 კლასში შემოვიდა ჩვენს კლასში და მას შემდეგ დავიწყე სერიოზულად სწავლა. მეგობრული, შეკრული, კლასი მყავდა. ერთი გუნდი ვიყავით და ორგანიზებულად ვმოქმედებდით. მაღალ კლასებში ტრადიცია გვქონდა, ძირითადად გოგონები ვიყავით და იმ დღით, როდესაც რომელიმე გოგო არ მოვიდოდა, ბოლო გაკვეთილიდან ვიპარებოდით და მასთან ყავის დასალევად მივდიოდით მერე კი სახლში დროულად ვბრუნდებოდით, რომ მშობლებს არაფერი გაეგოთ, სკოლა ძალიან კარგად მახსენდება“.

მაშავერას საჯარო სკოლის დირექტორი დალი ასლანიშვილი:

„უფრო ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, ქართული იყო უსაყვარლესი, ისტორიასა და ტექნიკურში ცოტა მოვიკოჭლებდი, მაგრამ, ვერ ვიტყოდი რომ არ ვსწავლობდი, საკმაოდ წარმატებული მოსწავლე ვიყავი. განსაკუთრებით მიყვარდა ქართულის პედაგოგი. ვიყავი საკმაოდ მოწესრიგებული ბავშვი. მხატვრული კითხვა მიყვარდა ძალიან და ზეიმი არ ჩატარებულა ჩემს გარეშე“. 

ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი ივანე თურქიაშვილი:

„სკოლაში 1970 წელში შევედი, კომუნისტების პერიოდია, მოგეხსენებათ ყველაფერი დაგეგმილად მიდიოდა, ვიყავი ძალიან ძლიერი, ჭკვიანი ბავშვი, დამჯერი მასწავლებლებისთვისაც და მშობლებისთვისაც. საყვარელი საგნები 10 წლის განმავლობაში იცვლებოდა, იყო პერიოდი ისტორია მიყვარდა, იყო პერიოდი მათემატიკა, შემდეგ ფიზიკას ვანიჭებდი უპირატესობას და ა.შ. სპორტსაც მივს

დევდი, სწრაფად დავრბოდი, მოგვიანებით ჭიდაობაც ვცადე, დიდი წარმატებები არ მქონია, მაგრამ ოსტატობის კანდიდატამდე ავედი, ძალიან მიყვარდა მათემატიკის მასწავლებელი ჟუჟუნა არუთინოვა“. 

გურჯანიის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან მამულაშვილი-პაპუაშვილი:

„თითქმის ყველა საგანი ერთნაირად მიყვარდა, მაგრამ ალბათ, განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა, იმიტომ რომ, ჩემთვის საყვარელი მასწავლებელი თინა ჩალაძე მასწავლიდა. ცელქი მოსწავლე არ ვიყავი, მაგრამ, ამვდროულად, ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, ვიყავი სანიმუშო მოსწავლე, ვმონაწილეობდი კლასგარეშე ღონისძიებებში, ზაფხულის პერიოდში კი ორგანიზებას ვუწევდი ზაფხულის ბანაკებს, ლაშქრობებს ვაწყობდი, მხიარული სტარტებს ვმართავდი და ა.შ.“.

შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თვალიაშვილი:

„ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად ვსწავლობდი, აქტიური ვიყავი, საყვარელი საგნები იყო - ქიმია და სპორტი. მძლეოსანი ვიყავი - სიმაღლეზე მხტომელი, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში ვერ გამოვიყენე. სკოლის პერიოდში შეჯიბრებებში აქტიურად ვმონაწილეობდი. მაშინ მეგობრობა ძალიან ფასობდა, ძალიან თავისუფალი დამოკიდებულება გვქონდა და მეგობრულები ვიყავით, იმ დროს ახლაც სიამოვნებით ვიხსენებ“.

ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილი:

„1987 წელს დავამთავრე სკოლა, მაშინ საშუალო სკოლა იყო, კარგად ვსწავლობდი, ვიყავი კომკავშირის მდივანი და მართლაც, რომ მორჩილი, კანონმორჩილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ის თავისუფლება, ის რაც დღეს აქვთ ბავშვებს, სიტყვის თავისუფლება, დღევანდელი გადასახედიდან, შეზღუდული იყო. ის მიდგომები რაც დღეს არის, ჩემი სკოლის პერიოდში გვაკლდა, დანაშაულად ითვლებოდა, მასწავლებელს არ პატიობდნენ ასეთ მიდგომებს, თუმცა, მასწავლებელბის მიმართ სიყვარული, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო გამაჩნია. იმ პერიოდშიც იყვნენ გმირი მასწავლებლები, ვინც დღესაც აგრძელებენ მუშაობას წარმატებით, მათ არ გაუჭირდათ დღევანდელ რეალობას მორგებოდნენ. მიუხედავად მათი ასაკისა.

კარგი მოსწავლე ვიყავი და კარგადაც ვსწავლობდი. საყვარელი მასწავლებლები მყავდა, ისინი ისევ ახაშნის საჯარო სკოლაში ასწავლიან და დღეს მათი ხელმძღვანელი ვარ. დღესაც მოწიწებით და სიყვარულით ვარ მათ მიმართ განწყობილი, დღეს მე მათთან ისევ ბავშვი ვარ. ავღნიშნავდი, რომ სკოლაში სამუშაოდ მიმიღო, სწორედ იმ დირექტრომა, ვის ხელშიც სკოლა დავამთავრე, არაჩვეულებრივმა ადამიანმა ოთარ თარხნიშვილმა, 1995 წელს დავიწყე მუშაობა, როცა მართლა ყველაზე მეტად ჭირდა სამსახურის დაწყება, თვითონ დამიძახა. რაღაც სასწაულად მოხდა მაშინ ეს ყველაფერი“. 

ითხვისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ომარ ფალავანდიშვილი:

„1973 წელს დავამთავრე სკოლა, ჩემი საყვარელი პედაგოგები იყვნენ ელიკო ჭეიშვილი და ფილოლოგი რობერტი ღამბაშიძე. სწორედ ბატონმა რობერტიმ მიბიძგა, რომ გავმხდარიყავი ფილოლოგი. ძლიერი კლასი მყავდა 17 მოსწავლე ვიყავით და მათგან 15 უმაღლესი განათლებით ვართ. როგორც უკვე ავღნიშნე, საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იყო, ასევე მიყვარდა საქართველოს ისტორია. 1983 წლიდან სკოლის დირექტორი, გამოცდილებით მემგონი რეკორდი მაქვს მოხსნილი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203