ხანგრძლივი და დამღლელი დღის შემდეგ ტელევიზორთან ჯდომა და საყვარელი ფილმების ყურება განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. Etaloni.ge გთავაზობთ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორების კომენტარებს, სადაც ისინი თავიანთ საყვარელ ქართულ ფილმებს ასახელებენ:
მელეს საჯარო სკოლის დირექტორი ვასო ავალიანი: „ზოგადად, ქართული ფილმები ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი მსახიობია ოთარ მეღვინეთუხუცესი. ძალიან მომწონს მისი შესრულებული დათა თუთაშხია და სწორედ ამ ფილმების სერიას დავასახელებ ჩემს საყვარელ ფილმად“.
ქვემო აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან პატარაია: „ჩემი საყვარელი პერსონაჟია დათა თუთაშხია და ფილმიც, შესაბამისად. ძალიან დიდი სიბრძნეა ამ ფილმში. გამორჩეულად მიყვარს ელდარ შენგელაია და მისი „ცისფერი მთები“. სიამოვნებით ვუყურებ ყოველთვის ქართულ ფილმებს.“
აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიჭინავა: „ჩემი საყვარელი რეჟისორი ელდარ შენგელაია, ფილმი „დათა თუთაშხია“ და „მონანიება“, ხოლო მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი. თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ ქართულ ფილმებს ვუყურო. არასდროს მბეზრდება ლეგანდარული და დაუვიწყარი ფილმების ნახვა.“
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კილაძე: „ძალიან მიყვარს „დიდოსტატის მარჯვენა“, ფილმიც და წიგნიც, ჩემი საყვარელი პერსონაჟია მეფე გიორგი, საყვარელი ფილმი კი „ფესვები“. გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, ვცდილობ ვუყურო ქართულ ფილმებს. ეს დიდი განტვირთვაა.“
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორი კლარა ზედგენიძე: „ძალიან ხშირად ვუყურებ „მონანიებას“ და „დათა თუთაშხიას“. არასდროს მბეზრდება ეს ფილმები. ჩემი საყვარელი რეჟისორი კი რეზო ჩხეიძეა. ეს ადამიანი შედევრებს ქმნიდა.“
ჩარდახის საჯარო სკოლის დირექტორი მანია ქასოშვილი:
„ჩემი საყვარელი ფილმია თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“, ხოლო მსახიობი კახი კავსაძე, რომელმაც ამ ფილმში შესრულებული იორამის როლით დამამახსოვრა თავი. საოცარი სცენები და კადრებია ფილმში.“
კოხნარის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ახალაძე: „ჩემი საყვარელი ფილმებია „მონანიება“, „დათა თუთაშხია“. ამ ფილმებს თავიანთი სიბრძნით გამოვარჩევდი. საყვარელი პერსონაჟია მარიტა, საყვარელი მსახიობები კი თენგიზ არჩვაძე და მედეა ჯაფარიძე“.
ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კორაშვილი: „ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე და მისი ნაწარმოებები, შესაბამისად, ჩემი საყვარელი ფილმი, რომელსაც ყველგან და ყოველთვის ვუყურებ არის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. არასდროს მომბეზრდება ამ ფილმის ყურება.“
დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი ლია როსტიაშვილი: „საყვარელი მსახიობების ჩამოთვლით დავიწყებ, ესენი არიან: თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და მერაბ ნინიძე, საყვარელი ფილმი კი - „დათა თუთაშხიაა“. ზოგადად, გამორჩეულად მიყვარს ქართული ფილმები.“
უჯარმის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო დათუნაშვილი: „ძალიან ბევრი საყვარელი ფილმი და მსახიობი მყავს, მაგრამ გამორჩეულად მიყვარს „დიდოსტატის მარჯვენა“, „როცა აყვავდა ნუში“, „მანდარინები“. პერსონაჟებიდან მომწონს მეფე გიორგი და შორენა, ხოლო მსახიობებიდან ზურა და გიორგი ყიფშიძეები“.
მზისგულის(ბოგდანოვკის) საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ჩალათაშვილი: „ჩემი საყვარელი ფილმებია „ბაში-აჩუკი“ და „დათა თუთაშხია“, მსახიობები ოთარ მეღვინეთუხუცესი, ოთარ კობერიძე, თენგიზ არჩვაძე, ხოლო პერსონაჟებიდან განსაკუთრებულად მომწონს დათა თუთაშხია“.
დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ქიმაძე: „ჩემი საყვარელი ფილმებია „ცისფერი მთები“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და დათა თუთაშხია“, საყვარელი მსახიობი კი - ოთარ მეღვინეთუხუცესი“. ქართული ფილმების ნახვა ნამდვილად დიდი განტვირთვაა.“
შილდის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან კანანაძე: „ძველი ფილმები მომწონს ძალიან, ძველი ქართული კინოს წარმომადგენლებიდან კი განსაკუთრებით მიყვარს გივი ბერიკაშვილი, ხოლო ფილმებიდან „ბაში-აჩუკი“. ქართული ფილმების ყურება არასდროს მომბეზრდება.“
ვალეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა გოგოლაძე: „ჩემი საყვარელი ფილმი და პერსონაჟია „დათა თუთაშხია“. რატომღაც მგონია, რომ ამ გმირის პირით გაჟღერებული ფრაზები დიდი სიბრძნეა, ის ყველაზე კარგად აფასებს სიტუაციას, მსჯელობს აქტუალურ თემებზე, რომლებიც ახლაც გვაწუხებს და თავისი ხალხის ყოფისა და ცხოვრების გამოსწორებას ცდილობს“.