მარნეულის N6 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული დღეები გრძელდება
06-08-2018
მიუხედავად არდადეგებისა და ზაფხულის ცხელი დღეებისა, მარნეულის N6 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული დღეები გრძელდება.
„ახალგაზრდობის გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების გზით“ - საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის მიერ ინიცირებულ პროექტში რაიონის სამი სკოლა ალგეთის, ახალი დიოკნისის და მარნეულის N6 საჯარო სკოლები მონაწილეობენ.
ამ პროექტის მიზანია საქართველოს საზღვრისპირა რაიონების სკოლებისა და მოსაზღვრე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის სკოლების თანამშრომლობა, ტრენინგები, გაცნობა და დაახლოება აზერბაიჯანელ კოლეგებთან, მიმდინარე საინტერესო სიახლეები თუ პრობლემები, საერთო და ეროვნულ-კულტურული ღირებულებების გაცნობა-გაზიარება, არტეფაქტების გამოვლენა და პრეზენტაცია, სასკოლო სპორტული ღონისძიებები და ექსპედიციები.
„ამ აქტივობების ნაწილი უკვე განხორციელდა, მნიშვნელოვანი და საინტერესო კი წინაა. მომავალი გეგმების წარმატებით და სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭირო ვიდეოაპარატურაზე იზრუნა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ და სკოლას საჩუქრად გადმოეცა ფოტოაპარატი და დიქტაფონი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.