ყოველ წელს მედალოსანი მოსწავლეები - უდის N2 საჯარო სკოლის ისტორია
06-08-2018
უდის N2 საჯარო სკოლა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ უდეში მდებარეობს. ის 1969 წელს დაარსდა. სკოლა იყო რვა წლიანი და 250 მოსწავლე სწავლობდა, 1976 წლიდან კი სკოლა გადაკეთდა როგორც - საშუალო.

სკოლის პირველი დირექტორი პეტრე გიქოშვილი გახლდათ, პირველი მასწავლებლები კი იყვნენ: შოთა მერაბიშვილი, სიმონ პეტაშვილი, შუშანა გიქოშვილი, გურამ მღებრიშვილი, იოსებ პეტაშვილი, ქრისტინე გიქოშვილი, მიხეილ გიგოლაშვილი, პეტრე გიქოშვილი, პეტრე თუმანიშვილი, ეთერი აფრიამაშვილი, ტარიელ მარტიაშვილი, ლილი თუმანიშვილი, ქრისტინე პეტაშვილი, ნინო გზირიშვილი, ციალა ობოლაშვილი, ნინო ბაღდოევი და ნონა მღებრიშვილი. 

1976 წელს სკოლა გახდა საშუალო, რომლის დირექტორიც ივანე ყულჯანიშვილი იყო. სკოლას არსებობის მანძილზე მოგებული აქვს არაერთი საგრანტო პროექტი, სკოლის მოსწავლეები კი მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადებში. სკოლას თითქმის ყოველ წელს  მედალოსანი მოსწავლეები ჰყავს.

უდის N2 საჯარო სკოლა პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელსაც  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სთავაზობს. სკოლამ გასულ წელს ღვაწლმოსილ პედაგოგს, გურამ მღებრიშვილს, რომელიც სკოლის დაარსების დღიდან აქ მუშაობს, ვარსკვლავი გაუხსნა. ასევე, სკოლამ აღზარდა არაერთი გამორჩეული მოსწავლე, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ. სკოლის კურსდამთავრებულები ანტონ გელაძე და გოჩა ობოლაშვილი გმირულად დაეცნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ანტონ გელაძემ 1980 წელს დაამთავრა უდის N2 საშუალო სკოლა, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22-ე ბატალიონში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში 1993 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ შრომაში დაიღუპა. გოჩა ობოლაშვილი - 1985 წელს დაამთავრა უდის N2 საშუალო სკოლა, 1993 წლიდან იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, რა დროსაც უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

დღეის მდგომარეობით სკოლაში 22 მასწავლებელი და ადმინისტრაციის 9 წევრი მუშაობს; სკოლაში 116 მოსწავლე სწავლობს, რომელთაგან მიმდინარე წელს რამდენიმე წარჩინებული და მედალოსანი გახდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203