„სპორტი საჭირო დისციპლინას უყალიბებს მოზარდს და მავნე ჩვევებისგან იცავს“ - დირექტორები სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესს ამკვიდრებენ
10-08-2018
Etaloni.ge-ს მუდმივად საგანმანათლებლო ცხოვრების პულსზე უდევს ხელი და მის ირგვლივ არსებულ ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას განიხილავს. რაც მთავარია, იმ რესპონდენტებისგან ეცნობა სიახლეებს, რომლებიც ყველაზე კომპეტენტურნი და გამოცდილნი არიან ამ საქმეში. ამჟამად ვგულისხმობთ დირექტორებს, რომელთა თვალით დანახული სასკოლო ცხოვრება და კონკრეტული ხედვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღის თემა სასკოლო ცხოვრებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. სკოლების წარმატებული მენეჯერებისგან ერთად გავიგოთ სპორტის რომელი სახეობითა და აქტივობებით არიან მოსწავლეები დაინტერესებულნი და რა წარმატებებს აღწევენ ამ მხრივ.

ქობულეთის საჩინოს საჯარო სკოლის დირექტორი მერი დიასამიძე:

„სკოლა მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით გამორჩეულადაა დაინტერესებული და სპორტულ აქტივობებსაც ხშირად ვაწყობთ მის წასახალისებლად. დარბაზი გვაქვს, მაგრამ არც თუ ისე დიდი. ძალიან კარგი სპორტის მასწავლებელი გვყავს, რომელიც სკოლათა შორის შეჯიბრებების გამართვას უზრუნველყოფს. ჩემს მოსწავლეებს განსაკუთრებით ფეხბურთი და რაგბი იტაცებთ. მათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირველი ღია პირველობის გამარჯვება მოგვიტანეს რაგბში.“

გვარას საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ გოგმაჩიძე:

„სპორტის გაკვეთილებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სკოლაში. ლოგიკურია, ყველა წარმატებული სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ სპორტი საჭირო დისციპლინას უყალიბებს მოზარდს და რაც მთავარია, მავნე ჩვევებისგან იცავს, მის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. სკოლაში გვაქვს აქტივობებისთვის განკუთვნილი როგორც ღია, ასევე დახურული სივრცე. მოსწავლეები თამაშობენ ფეხბურთს, რაგბს, კალათბურთსა და ფრემბურთს, ემზადებიან ფიზკულტურის საგნით განსაზღვრულ აქტივობებში და რეგიონულ შეჯიბრებებშიც საკმაოდ წარმატებულად იღებენ მონაწილეობას.“
 
ხელვაჩაურის აგარის საჯარო სკოლის დირექტორი გულნარი ბაკურიძე:


„იქიდან გამომდინარე რომ, მაღალმთიანი და მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, ჩვენთან პრიორიტეტული სპორტის სახეობა კალათბურთია, თოვლიანობის დროს დახურულ სივრცეში ვარჯიში პრაქტიკულია. სპორტული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფილნი ვართ, გვაქვს დარბაზი, სადაც სხვადასხვა აქტივობასა და შეჯიბრს ვაწყობთ. ამასთან, ვმონაწილეობთ პროექტებში. თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან, წარმატებებსაც აღწევენ და სიგელებითაც ვახალისებთ.“

ხელვაჩაურის ახალშენის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ გორაძე:

„ჩვენი სკოლა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზებას სისტემურად უდგება. ფუნქციონირებს მოსწავლეთა კლუბი „ანუბისი“- ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომლის ფარგლებშიც ბავშვები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას აგროვებენ, აწყობენ ლაშქრობებს, შეჯიბრებებს, იმარჯვებენ სხვადასხვა პროექტში და დიდ წარმატებებს აღწევენ ამ მხრივ.“

მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორი რამინ შავაძე:

„ჩვენს სკოლაში თვე არ გავა რაიმე სახის სპორტული აქტივობა რომ არ ჩატარდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. გვაქვს დარბაზი, სადაც მოსწავლეები აქტიურად ვარჯიშობენ. დაწყებით კლასებში განსაკუთრებული პოპულარობით ფეხბურთი სარგებლობს, მესამე საფეხურზე - კალათბურთი. ჩვენთან ჭადრაკია პრიორიტეტული და დიდ წარმატებებსაც ვაღწევთ ამ მხრივ. მოსწავლეები აქტიურად იღებენ მხიარულ სტარტებსა და სხვადასხვა სახის სპორტულ თუ შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობას.“

ზემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა თურმანიძე:

„ჩვენი კურსდამთავრებული რამაზ თურმანიძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ჭიდაობაში, რაც ძალიან ეამაყება სკოლას. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იღებენ რაიონულ შეჯიბრებებში მონაწილეობას, ჩვენთან ფეხბურთი, კალათბურთი და ფრემბურთი სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით. ასევე ბავშვები დიდ ინტერესს იჩენენ ჭადრაკის მიმართ. აქამდე სპორტული დარბაზი არ გვქონდა, ახლა აგვიშენეს და დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი მონდომებითა და წარმატებით ივარჯიშებენ მოსწავლეები.“ 

ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე:

„ჩვენი სკოლა შეძლებისდაგვარად ცდილობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას. ბავშვები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას, საკმაოდ წარმატებულადაც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით, მათ შესაბამის პირობებს ვერ ვუქმნით, გვაქვს დარბაზი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობას საჭიროებს. ამდენად, მოსწავლეების აქტივობა დაბალია, კლასიდან საშუალოდ 10%-ია სპორტულ ღონისძიებებში ჩართული, არადა ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველასათვის აუცილებელია. სკოლაში განსაკუთრებული პოპულარობით ჭიდაობა სარგებლობს, ჩვენი მოსწავლე გახდა საქართველოს ჩემპიონი. ასევე გვყავს გოგონათა ფეხბურთის გუნდი, საკმაოდ წარმატებული.“

სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე:

„სკოლაში სამი პრიორიტეტული სპორტის სახეობა გვაქვს არჩეული: მაგიდის ტენისი, ჭადრაკი და ფეხბურთი. მოსწავლეები შიდასასკოლო თუ რეგიონული მასშტაბის შეჯიბრებებში აქტიურად და წარმატებით ასპარეზობენ. გასულ წელს, ჩვენი მოსწავლე ზურა აბაშიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა მძლეოსნობაში და მსოფლიო რეკორდი დაამყარა შტანგის აწევაში. ვფიქრობ, წარმატებული თაობა მოდის, მათ ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდებათ სავარჯიშოდ.“

კაპრეშუმის საჯარო სკოლის დირექტორი იამზე თურმანიძე:

„ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში გვაქვს სპორტული დარბაზი, სადაც მოსწავლეებს აქტიური ფიზკულტურის გაკვეთილები უტარდებათ. სკოლაში აწყობენ მხიარულ სტარტებს, წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა სახის რაიონულ შეჯიბრშიც. ბავშვები ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ინტერესდებიან სპორტით და ამ მხრივ, კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ.“

მარადიდის საჯარო სკოლის დირექტორი ესმა ჯაფარიძე:

„სკოლაში სპორტული დარბაზი არა, მაგრამ ღია მოედანი გვაქვს, სადაც მოსწავლეები კარგ ამინდში, ფეხბურთსა და კალათბურთს თამაშობენ. ზამთარში აქტივობებით დატვირთული ფიზკულტურის გაკვეთილების ჩატარება რთულდება, ამიტომ პრიორიტეტულ სახეობად ჭადრაკი გვაქვს არჩეული და მოსწავლეები საკუთარ საკლასო ოთახებში სწავლობენ და აწყობენ შეჯიბრებებს.“

ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი შაკიკაძე:

„რა თქმა უნდა, ყველა სკოლის ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაა. ჩვენთან ახალგაზრდები აქტიურად მიჰყვებიან მინი ფეხბურთსა და ფრემბურთს, წარმატებებსაც აღწევენ. ასევე ვმონაწილეობთ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში. აქამდე ჩვენს სკოლას დარბაზი არ ჰქონდა, ახლა იწყება მშენებლობა და ბავშვებს ყველანაირ პირობას შევუქმნით სპორტული მოტივაციის ამაღლებისა და მეტი წინსვლისთვის.“  

ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნაირა ღონიაძე:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და სპორტულ შეჯიბრებებში განსაკუთრებული აქტივობით ვერ გამოვირჩევით, მაგრამ გვაქვს დარბაზი ტენისის, მაგიდის ჩოგბურთისა და ფეხბურთის სათამაშოდ, ამ მხრივ გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ ბავშვები. ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და საჭიროება მოსწავლეებს კარგად აქვთ შეცნობილი, თამამად ვამბობ, რომ ჩემს ბავშვებში მავნე ჩვევების ტენდენცია არ შეინიშნება.“

სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შუშანა კონცელიძე:

„სპორტული დარბაზი წელს გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლაში მოსწავლეებს ჭიდაობის, ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთისა და ჭადრაკის შესწავლა შეუძლიათ. მონაწილეობას ვიღებთ და წარმატებით ვასპარეზობთ ყველა სასკოლო თუ რეგიონალურ შეჯიბრებაში. ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ჩვენი სკოლის ერთერთი პრიორიტეტია.“ 

უხუთის საჯარო სკოლის დირექტორი თინა დიაკონიძე:


„სამწუხაროდ, სკოლაში სპორტული დარბაზი არ გვაქვს. ამიტომ, ფიზკულტურის გაკვეთილზე მოსწავლეთა აქტივობები ამინდზეა დამოკიდებული. თბილ დღეებში ბავშვები მოედანზე თამაშობენ ფეხბურთს, ფრენბურთსა და კალათბურთს, ასრულებენ სხვადასხვა ვარჯიშს, ცივ პერიოდში კი საკლასო ოთახებში ჭადრაკს სწავლობენ. აქტიურად ვიღებთ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობას და წარმატებითაც ვასპარეზობთ.“

დუცხუნის საჯარო სკოლის დირექტორი თეა თვალაბეიშვილი:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, სულ 7 მოსწავლით. რაოდენობიდან გამომდინარე ისეთ სპორტულ სახეობებს, როგორიც ფეხბურთი და გუნდური თამაშებია, ვერ მივსდევთ. უფრო გამამხნევებელი ვარჯიშებით, სირბილში შეჯიბრითა და ჭადრაკით არიან ბავშვები დაკავებულნი. სპორტული დარბაზი არ გვაქვს, სკოლასთან არის ღია მოედანი და კარგ ამინდში იქ ვარჯიშობენ ბავშვები.“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203