ლელოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ
13-08-2018
„ნიკო კეცხოველის პრემია 2018“-ის ფინალურ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ფინალისტი სკოლის მოსწავლეებს საუკეთესო სურპრიზი გაუკეთა.
კერძოდ, თითოეული სკოლიდან 10 მოსწავლე საზაფხულო ბანაკში მიიწვია. ლელოვანის სკოლის მოსწავლეები 30 ივლისიდან 5 აგვისტომდე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო ბაზაზე არსებულ „რობოტექნიკის“ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
საზეიმო გახსნისა და გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა ელექტრონიკისა და რობოტექნიკის მოდულები გაიარეს. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრი მოაწყეს: ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში. ყოველი დღე დატვირთული იყო შემეცნებითი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით.
მოსწავლეები საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ლექცია-სემინარებს ისმენდნენ, სამხედრო ელემენტებისაგან შემდგარი დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში ეჯიბრებოდნენ. ფიზიკური აქტივობებით დატვირთული დღის ბოლოს ინტელექტუალური თამაშები იმართებოდა. არც ხელოვნების საკითხი დარჩენილა ყურადღების მიღმა, მოსწავლეთა გუნდებმა ფილმები გადაიღეს და მათი ჩვენება მოაწყვეს.
ბანაკში გატარებული დღეები თითოეული მოსწავლისათვის დაუვიწყარი იყო. მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს“ CENN-ის მთელ გუნდს საინტერესო პროექტებისა და წახალისებისთვის.