„ჩვენ ბიბლიოთეკებში უფრო მეტ დროს ვატარებდით“ - საჯარო სკოლების დირექტორები ორ ეპოქას ერთმანეთს ადარებენ (ნაწილი I)
14-08-2018
ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, თქვა ერთხელ ეგზიუპერმა და სწორადაც შენიშნა. თითოეული ჩვენგანის ბავშვობა განუმეორებელი დროა, რომლის დაბრუნებასაც ხშირად ვესწრაფვით. მერე ვიზრდებით და ვაფასებთ, ვადარებთ და ვპოულობთ განსხვავებებს ეპოქებს შორის. 

საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან თავიანთი ბავშვობა გაიხსენეს, ერთმანეთს შეადარეს ორი ეპოქა და იმ თავისებურებებზე ისაუბრეს, რომელიც ამ ორ დროს ერთმანეთისგან ყველაზე მეტად ასხვავებს. 

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ოთარაშვილი: 


„საზოგადოებაში ეს აზრი ფიქსირდება, რომ ახლა ბავშვები წიგნებს დაშორდნენ და უფრო ნაკლებს კითხულობენ. რა თქმა უნდა, ამას ყველაზე ვერ ვიტყვით. ტექნიკა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ დოზირებულად უნდა მიეწოდოს ბავშვს. ჩემს ბავშვობას თუ შევადარებთ, მაშინ ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით მხატვრულ ლიტერატურასთან, ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ვის უფრო მეტი წიგნი ჰქონდა წაკითხული და ახალი წიგნების გამოსვლას მოუთმენლად ველოდებოდით, შემდეგ კი ერთმანეთს ცოდნას ვუზიარებდით“. 

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი იაკობაშვილ-ჩერქეზიშვილი: 

„განსხვავება, რა თქმა უნდა, არის. ჩვენ უფრო ვიყავით წიგნებთან მიჯაჭვული თაობა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციაც ნორმალურად მიმაჩნია. სამყარო ვითარდება, ტექნიკური პროგრესი წინ მიიწევს და ამას ფეხი უნდა აუწყოს ყველამ, მოსწავლეებმა პირველ რიგში. რასაკვირველია, ამან ბავშვები წიგნებს არ უნდა მოწყვიტოს“. 

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხუნაშვილი: 

„თანამედროვე ბავშვები ძალიან მომზადებულები მოდიან სკოლაში, განვითარებული აქვთ სხვადასხვა უნარი და ამაში უდიდესი წვლილი ტექნიკას მიუძღვის. ისინი დაშორდნენ წიგნს და ურჩევნიათ, მაგალითად, ფილმებს უყურონ. ამის გარდა, ისინი ძალიან მიეჩვივნენ სოციალურ ქსელებს და გართობას. ამ ყველაფრის შედეგად კი მოსწავლეები უფრო მეტი უნარებით არიან „აღჭურვილნი“, ვიდრე მასწავლებლები და მათთვის სტანდარტული გაკვეთილები მოსაწყენი ხდება. კარგავენ სწავლისა და კითხვის მოტივაციას, რადგან ამ ყველაფერს ინტერნეტი მარტივად სთავაზობს მათ“. 

სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ვარლამ თაგოშვილი: 

„ჩვენ მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რა იყო მობილური. 70-80-იან წლებში რომ ქალაქებში ტელეფონები შემოვიდა, ეგეც კი რამდენი წლის მერე ვნახეთ პირველად. მაშინ სხვა დრო იყო, საბჭოთა კავშირი. ახლა კი პატარა ბავშვებმა და მოსწავლეებმა ყველაფერი იციან. 5 წლის ბავშვმაც კი იცის ტელეფონის გამოყენება. მაშინ წიგნები თუ ხელმისაწვდომი იყო, რა თქმა უნდა, ვკითხულობდით. მე სკოლა-ინტერნატში გავიზარდე და იქ ხელმისაწვდომი იყო მხატვრული ლიტერატურა და ამ მხრივ გამიმართლა. დღეს კი ეს თაობა ნელ-ნელა წიგნებს შორდება“. 

ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია აისიანი:
 

„ძალიან დიდი სხვაობაა და ეს რა თქმა უნდა, ტექნიკურ პროგრესთანაა დაკავშირებული. ჩვენს დროს თანამედროვე ტექნოლოგიები არც კი ვიცოდით რა იყო, სამაგიეროდ ვკითხულობდით ბევრს და გვქონდა ნამდვილი ბავშვობა სხვადასხვა თამაშობებით. დედაჩემი საზაფხულოდ ჩამომიწერდა ხოლმე წიგნებს წასაკითხად და მეც ვკითხულობდი. ასე მგონია, მაშინ მეტ ცოდნას ვიძენდით. ახლა ახალგაზრდებმა უფრო მეტი იციან და განათლების მხრივაც განათლებულები არიან, მაგრამ მხატვრულ ლიტერატურას ნაკლებად კითხულობენ. რომ ვაკვირდები, მოზარდი თაობა გარეთ იშვიათად გამოდის. ჩვენ არდადაგებზე ვერთობოდით, ვთამაშობდით, ასე თუ ისე, ბავშვობა გვქონდა, ახლა კი, მათ ასეთი გართობა ნაკლებად აინტერესებთ. კი, ძალიან მარტივია, საძიებო სისტემაში ჩაწერ და ისიც ამოგიგდებს ყველაფერს, მაგრამ კითხვა და შემეცნება ძალიან მნიშვნელოვანია“. 

ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კვიციანი: 


„ჩემი ბავშვობიდან დღემდე 35 წელი და გავიდა და ვფიქრობ, რომ ამ პერიოდების შედარება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ახლანდელი ახალგაზრდების ბავშვობა ბევრად გაუმჯობესებულია. ჩვენ მაშინ არჩევანის უფლება არ გვქონდა, ვერ ვირჩევდით სახელმძღვანელოებს, კლასგარეშე ლიტერატურას, მხოლოდ საბჭოთა ლიტერატურა უნდა გამოგვეყენებინა და შესაბამისად, ვწერდით არასწორ ინფორმაციას. ჩვენ დროს არ იყო ტელეკომუნიკაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მაგრამ სწავლის მოტივაცია გვქონდა. ბიბლიოთეკებში უფრო მეტ დროს ვატარებდით, ვიდრე ახლა ატარებენ მოსწავლეები“. 

რუსთავის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ბულია-მელქაძე: 

„განსხვავება საკმაოდ დიდია, იმდენად, რამდენადაც საუკუნეშია სხვაობა. დღეს უფრო მეტადაა განვითარებული ინოვაციური ტექნიკა, იბეჭდება ფერადი და ლამაზყდიანი წიგნები. წიგნის სიყვარული, ვფიქრობ, რომ თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული. არიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ტექნიკასაც ფლობენ და წიგნებსაც კითხულობენ. ეს ადამიანის უნარი და შესაძლებლობაა და ამას ეპოქა ვერაფერს უზამს. დღეს გავრცელებულია აზრი, რომ 21 საუკუნემ ახალი ტექნოლოგიებით წიგნი ჩაანაცვლა, რომელიც გარკვეულწილად სწორია, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წიგნიერების დონე ავამაღლოთ მოსწავლეებში და მათ წიგნები შევაყვაროთ“. 

ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ ბიბინიძე: 


„უმთავრეს განსხვავებას ვხედავ იმას, რომ ახლა ცხოვრება უფრო გახალისდა, ახალგაზრდები გააქტიურდნენ, ინოვაციური ტექნოლოგიები დამკვიდრდა, მაგრამ პირადი ურთიერთობები და კომუნიკაცია გაიშვიათდა. ჩემს დროს უფრო მეტად ურთიერთობდა ხალხი ერთმანეთთან, ახლა ეს ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით ხდება. წიგნები მაშინ ინფორმაციის მიღების წყარო იყო, ვკითხულობდით ისტორიულ წიგნებს, დეტექტივებს, ახლა ეს ყველაფერი ინტერნეტმა მოიცვა და მოსწავლეები წიგნებს „დაშორდნენ“, გაკვეთილებზეც კი ინტერნეტიდან მოძიებულ მასალებს კითხულობენ და სწავლობენ“. 

რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კიზმარიშვილი: 

„განსხვავებას უფრო მეტად განაპირობებს ტექნოლოგიები, ვიდრე წიგნები. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინტერნეტის ხშირი მომხმარებლები არიან. თანამედროვე ახალგაზრდები ჩვენგან თავისუფლების ხარისხით განსხვავდებიან, ისინი უფრო კრიტიკულად მოაზროვნეები არიან. ჩემი ძმისშვილი როცა გამოცდებს აბარებდა, სულ ტელეფონში იყურებოდა და ამაზე ვუბრაზდებოდი. მერე კი, როცა გამოცდები მაღალ ქულებზე ჩააბარა, მითხრა, რომ ტელეფონში და ინტერნეტში კითხულობდა, სწავლობდა. მივხვდი, რომ ისინი ამ ტექნოლოგიებიდან განათლებასაც იღებენ და მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს მათ მიმართ“. 

რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი არსენა დემეტრაშვილი: 

„ვერ ვიტყვი, რომ დიდი, თუმცა, განსხვავება რა თქმა უნდა, არის. ტექნიკურ პროგრესს რაც შეეხება, აქ ორი საკითხია. ვინც ადრე ინფორმაციას წიგნებიდან იღებდა, ახლა ეს ინფორმაცია ინტერნეტშია მოცემული და იქ კითხულობს. მართალია, იმდენად ხშირად აღარ კითხულობენ წიგნებს და ამის გამო შეიძლება მათ შინაგანი განვითარება მოაკლდათ, მაგრამ ძირეულ განსხვავებებს მაინც ვერ ვხედავ. ემოციურად და ფსიქოლოგიურად ბავშვები ისეთივე განვითარებულები არიან, როგორც ჩემს დროს“. 

დისველის საჯარო სკოლის დირექტორი ჯანსულ შაინიძე: 


„ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არის ცნობიერება. ახლა ბავშვები ბაღის ასაკიდან ერკვევიან სხვადასხვა საკითხში, რაც დიდწილად ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა. დღევანდელი ბავშვების განვითარება ძალიან აღემატება ჩემი თაობის ბავშვების განვითარებას. რაც შეეხება წიგნებს, ვიტყვი, რომ წიგნები ჩაანაცვლა ტექნოლოგიამ და მოსწავლეები და მოზარდები უფრო ნაკლებად კითხულობენ ლიტერატურას.“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203