„სულ არ მაინტერესებს, ბავშვი პირველ კლასში წერა-კითხვას ისწავლის თუ არა...“ - ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე სასკოლო მზაობაზე საუბრობს
19-08-2018
სასექტემბროდ მზადება უკვე დაწყებულია და ახალ სასწავლო წელს პირველკლასელები და მათი მშობლები განსაკუთრებით ელიან. Etaloni.ge გთავაზობთ ამონარიდს ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ერთერთი საჯარო ლექციიდან, სადაც ის ბავშვის სკოლისათვის მზაობაზე საუბრობს: 

„სკოლის პერიოდი ეს არის ყველაზე რთული. მართალია, ბავშვს საბავშვო ბაღში უკვე აჩვევენ წერას, კითხვას, მაგრამ ამ ბავშვს თამაში ურჩევნია. ბავშვის წამყვანი აქტივობა 6 წლამდე არის თამაში და მიბაძვა.

ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რომელიც ისწავლება საბავშვო ბაღში. ამის გარეშე სასკოლო მზაობა არ არის. სასკოლო მზაობა არ არის, რომ ბავშვმა წერა-კითხვა იცის. არა! ახლა ჩვენ გვყავს ბაშვები, რომლებმაც 2 წლის ასაკში იციან ასოები, წერა-კითხვა, ციფრები, მაგრამ რად გინდა? კომუნიკაცია არ შეუძლიათ...

სკოლისათვის მზაობა არის მითითების შესრულება, ჯგუფის წესების მიყოლა, მოთხოვნის შესრულება. მე რომ მინდა და ისე ვაკეთებ და მე რომ არ მინდა და მაინც ვაკეთებ, აი ეს არის ის ნახტომი, რომელიც არის სკოლასა და საბავშვო ბაღს შორის. საბავშვო ბაღში ჩვენ თამაშით გვასწავლიან და ასეც უნდა იყოს, სკოლაში პირველ ხანებში შეიძლება თამაშის ტიპის აქტივობები, მაგრამ ნელ-ნელა მე მოთხოვნით უნდა ვაკეთებდე რაღაცებს. მე უკვე ჩემს ქცევაზე მაქვს პასუხისმგებლობა და მაინტერესებს, მასწავლებელი თუ მშობელი რას იფიქრებს ჩემს მიღწევებზე. 

სწავლაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. სულ არ მაინტერესებს, ბავშვი პირველ კლასში წერა-კითხვას ისწავლის თუ არა. მე, როგორც ფსიქოლოგს, მაინტერესებს ამ წერა-კითხვისადმი და მათემატიკისადმი რა დამოკიდებულება ექნება ამ ბავშვს. იქნება თუ არა ის მოტივირებული, შეცდომაზე არ დაიწყებს ტირილს, არ ამოხევს ფურცელს, ისტერიკებს არ დაიმართებს წერის დროს. როცა დგება უსიამოვნო პროცესი, ბავშვი ვერ სწავლობს. ამ დროს მნიშვნელოვანია, როგორ აღვიქვამთ ჩვენ ჩვენი შვილის შეცდომებს”, – განმარტა თამარ გაგოშიძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203