„კერძო სკოლის თვალსაჩინო უპირატესობებია - სწავლების უკეთესი ხარისხი, დისციპლინა და უსაფრთხოება“
15-08-2018
კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა სულ უფრო პოპულარული ხდება. მშობლებისთვის ის უსაფრთხოების მაღალ დონესთან, სწავლების განსხვავებულ მეთოდთან, კლასში მოსწავლეების მცირე რაოდენობასა და სხვა დადებით ფაქტორებთან ასოცირდება. საინტერესოა, თავად დირექტორები როგორ აფასებენ კერძო სკოლებს და რა უპირატესობას ხედავენ მათ მიერ მოწოდებულ სერვისებს შორის.
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ დირექტორი მამუკა მესხიშვილი (თბილისი): კერძო სკოლა დაინტერსებულია საბოლოო შედეგით. მოსწავლის მიზანს, რისი განხორციელებაც სურს, მეტი ყურადღება ექცევა. ჩვენთან სწავლა იმ დრომდე გრძელდება, სანამ ბავშვები ეროვნულ გამოცდებს არ ჩაბარებენ. სწორედ ამიტომ აქვთ მაღალი შედეგები. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს დამატებით რეპეტიტორის აყვანა არ სჭირდებათ. შედეგზე ორიენტირება მხოლოდ უმაღლესში ჩაბარებას არ გულისხმობს, აქ შედის ფიზიკური და სულიერი განვითარებაც. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი წრე, მათ შორის ჩოგბურთის. ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში მუდმივად იმარჯვებენ. რაც მთავრია, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველა კლასში ვიდეოთვალი გვიყენია. გვყავს მანდატურებიც და ბუნებრივია, ეს დამატებით უსაფრთხოებას ქმნის.
კერძო სკოლა „ორნატის“ დირექტორი ლამზირა ბიწაძე (ზესტაფონი): კერძო სკოლის თვალსაჩინო უპირატესობებია - სწავლების უკეთესი ხარისხი, დისციპლინა და უსაფრთხოება. აქვე ვამზადებთ გაკვეთილებს I-VI კლასებში, შესაბამისად, ოჯახში აღარ უწევთ ამაზე ზრუნვა. გაძლიერებული სწავლება გვაქვს. მაგალითად, საჯარო სკოლაში ინგლისური ენა კვირაში ერთხელ ან ორჯერ ტარდება, ჩვენთან კი ეს ყოველდღიური გაკვეთილია. ასევე, სხვადასხვა საგნის საათები გვაქვს დამატებული, შესაბამისად, უკეთესი შედეგებია. ჩვენი სკოლის მაგალითზე ვიტყვი-ყველა მოსწავლე საატესტატო გამოცდას აბარებს და ეროვნულ გამოცდებზეც კარგი შედეგები აქვთ. ძირითადად, სკოლაში მიღებული ცოდნით ხდება ეს, თუმცა არსებობენ მშობლები, რომლებსაც შვილები რეპეტიტორებთან მაინც დაჰყავთ. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე კი, ვინც მარტო ჩვენთან მიღებულ ცოდნას ეყრდნობა, უკეთეს შედეგს იღებენ, ვიდრე რეპეტიტორთან სიარულით. ასევე, ევროპის ხუთ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას ვიღებთ. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, მოლდოვა, უკარინა, ლატვია და სლოვაკეთი.
კერძო სკოლა „არილის“ დირექტორი ინგა მაჩიტიძე (ბათუმი): გარემო დაცულია, მოსწავლე აბსოლუტურად უსაფრთხოდ სწავლობს. სწავლის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვთა რაოდენობა კლასებში მცირეა. ეს უსაფრთხოებაზე ახდენს დიდ ზეგავლენას, რადგან პედაგოგს თითოეულთან ინდივიდუალური ურთიერთობა აქვს, მის ბუნებას ბოლომდე იცნობს და ხასიათს უკეთ სწავლობს. შესაბამისად, კონფლიქტური სიტუაციები თუ იქმნება, მათი განმუხტვა ადვილია. ამავდროულად, თუ ბავშვი ჩვენთან პირველი საფეხურიდან სწავლობს, იმ ბავშვს რეპეტიტორი არ სჭირდება. თუ მოსწავლე მე-11 კლასში შემოგვემატა, ასეთ შემთხვევაში დახმარება შესაძლებელია დასჭირდეს, თუმცა ვცდილობთ, ეს დანაკლისიც ჩვენმა პედაგოგმა შეავსოს.
კერძო სკოლა „ხერხემის“ დირექტორი ბელა კაპანაძე (ახალციხე): აღსანიშნავია უსაფრთხო გარემო და კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა. ასევე, ადამიანური რესურსი, რაც გულისხმობს საუკეთესო პედაგოგებს. ამის შემდეგ კი მატერიალური რესურსი - ინფრასტრუქტურა. უსაფრთხო გარემოს პედაგოგთა და მოსწავლეთა დამოკიდებულება განაპირობებს, მასწავლებელთა განსაკუთრებული მუშაობა, მორიგეობა სართულების მიხედვით და მოტივირება მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ბავშვებმა იციან, რომ კერძო სკოლაში მოსვლით რეპეტიტორთან სირბილი აღარ დასჭირდებათ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ სასწავლო საათების რაოდენობა მეტი გვაქვს, დამატებითი გაკვეთილები ტარდება, სწორედ ამიტომ უკეთესი შედეგებია. ასევე, მათ, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადიან, დამატებითი საათებს ვუთმობთ იმ საგნებში, რომელსაც აბარებენ.
კერძო სკოლა „მილენიუმის“ დირექტორი ელზა ლეკვეიშვილი (რუსთავი): გამომდინარე იქიდან, რომ კერძო სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტის სიმცირეა, მეტი დაცულობაა. მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირე სწავლის მეტ ხარისხსაც გულისხმობს. ასევე, მინიმუმამდეა დაყვანილი რეპეტიტორების დამატებით დაქირავების აუცილებლობა. არ ვამბობ, რომ არცერთი მოსწავლე არ საჭიროებს მასწავლებელთან ცალკე სიარულს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ადგილზევე ხდება ბავშვების ცოდნის განტკიცება. მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ დამატებითი საათები დავუთმოთ მოსწავლეებისთვის ცოდნის მეტად მიწოდებას. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს ვთავაზობთ ყველას, ასევე, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებაც გვაქვს.