ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ზღაპარი ბავშვის აღზრდისთვის და სკოლამდელი განათლებისთვის უმნიშვნელოვანესია, ზღაპარი პატარებს ლიტერატურის სამყაროს აცნობს.
Etaloni.ge დაინტერესდა რომელ ქართულ ზღაპრებს გამოარჩევდნენ სკოლის დირექტორები და რას ურჩევდნენ მშობლებს.
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მიქავა:
„ჩვენი დროის ზღაპრები ყველა მოსაწონი იყო, გამოვარჩევდი ზღაპრებს - „ლომი და კურდღელი“, „გლეხი, დათვი და მელია“, „კოკროჭინა“, „კურდღელი და კუ“. მშობლებს კი ვურჩევდი ბავშვებს „ასფურცელა“ წაუკითხონ, კარგია „ამირანიც".
ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორი შაქრო ხიმშიაშვილი:
„გამორჩევა ძნელია, მაგრამ ბავშვებმა ზღაპრები აუცილებალად უნდა იკითხონ. ცნობიერების ამაღლებისთვის, გონების გახსნისთვის, აზროვნების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. მშობლებმა ბავშვებს წიგნი ზღაპრებით უნდა შეაყვარონ. განსაკუთრებულად აღვნიშნავდი „კომბლეს“.
რიყეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კოჩალიძე:
„ზღაპრები ძალიან კარგია, მაგრამ ვფიქრობ, ზღაპრის გმირები მისაბაძები უნდა იყვნენ და სიკეთეს ასწავლიდნენ. მშობლებს ვურჩევდი „ასფურცელას“, სადაც გმირობაა ასახული, გამჭრიახობით და გონიერებით კი „ნაცარქექიას“ გამოვარჩევდი.“
ძმაგულის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ მახარაძე:
„ბავშვობაში განსაკუთრებით მიყვარდა „ნაცარქექია“. მშობლებს ვურჩევდი, ბავშვებს ბევრი ზღაპარი წაუკითხონ, რითაც კითხვას, წერას და მოსმენის კულტურას შეაყვარებენ. მშობელი უნდა ცდილობდეს, რომ შვილი სასკოლო ასაკამდე დააინტერესოს წიგნით, კითხვა შეაყვაროს და მომავალში მათი შვილები უფრო კარგ განათლებას მიიღებენ“.
დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ძირკვაძე:
„ჩვენ და ჩვენი პაპები ქართულ ზღაპრებზე გავიზარდეთ, კარგი იქნება მშობლები ბავშვებს აღმზრდელობითი მნიშვნელობის ზღაპრებს ხშირად უკითხავდნენ, ვურჩევდი „ასფურცელას“.
მაწყვალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ ზოიძე:
„კარგია „კომბლე“, „სალამურა“ „ჩხიკვთა ქორწილი“, ქართული ზღაპრები ყველა კარგია, ცხოვრებისეულია და ბავშვთა აღზრდისთვის საუკეთესოა, ბავშვს ცხოვრებას, მეგობრის, მოყვასის სიყვარულს ასწავლის.“
ტყვირის საჯარო სკოლის დირექტორი გია მიგინეიშვილი:
„პედაგოგის ოჯახში გავიზარდე, დედა ქართულის მასწავლებელი იყო და შესაბამისად, ბევრ ზღაპარს მიკითხავდა. ვფიქრობ, ზღაპარი აუცილებელია ყველა ბავშვისთვის, მათი გონებრივი განვითარებისათვის, განსაკუთრებულად ავღნიშნავდი „წითელქუდას“, „ნაცარქექიას“.
ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი:
„ყველაზე მეტად „წითელქუდა“ დამამახსოვრდა და მშობლებს მას ვურჩევ, რა თქმა უნდა. დღეს ნამდვილად კარგი ზღაპრები გამოდის, ძალიან კარგი წიგნებია. მშობლები ზღაპრების კითხვით ბავშვს წიგნებისადმი ინტერესს გაუჩენენ და კითხვას შეაყვარებენ“.
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გურანდა საჯაია:
„პირველ რიგში გავიხსენებ ზღაპარს - „ხელმწიფე და სამი ვაჟი“, მშობლებს კი ვურჩევდი როგორც ქართული, ისე მსოფლიო ლიტერატურიდან წაუკითხონ ბავშვებს ზღაპრები“.
ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გოცაძე:
„გამოვარჩევდი „ასფურცელას“. აღვნიშნავ, რომ არის ოჯახები, სადაც არ აქვთ წიგნები, ამიტომ მშობლებს ვურჩევდი, ახლომდებარე სკოლას დაუახლოვდნენ ან ბიბლიოთეკაში მივიდნენ, ბავშვებისთვის წიგნები გაიტანონ და უკითხონ, ისინი განვითარდებიან და სკოლისთვისაც კარგი იქნება“.
ჯგალის თემის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა კვარაცხელია:
„მახსოვს ჩემი პირველი ზღაპრები, მათ შორის, „კომბლე“, „ნაცარქექია“, ზღაპარში ყოველთვის არის ბოროტებისა და სიკეთის ჭიდილი. ქართული ხალხური ზღაპრები ბავშვს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას ასწავლის და რწმენას უსახავს. მშობებს კი ვურჩევდი, უფრო ახლოს იყვნენ თავიანთ შვილებთან, მათთან ერთად გაიზიარონ ზღაპრების კითხვით მოგვრილი სიხარული, თვითონაც დაბრუნდნენ ბავშვობაში და როგორც მათთვის, ისე მათი შვილებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება“.
რევაზ მარგიანის სახელობის მუჟალის საჯარო სკოლის დირექტორი მარლენ მარგიანი:
„მე თითქმის ყველა ზღაპარი ერთნაირად მიყვარდა, მშობლებს კი ვურჩევდი, შვილებს ქართული ზღაპრები შეაყვარონ, რადგან ზღაპრები გონებას ავითარებს“.