გამოცდები თუ ტრენინგები - რომელი უფრო მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის
23-08-2018
თანამედროვე განათლების სისტემა ბევრ მოთხოვნაზეა დაფუძნებული. რამდენიმე მათგანი უკვე წლებია საქართველოშიც დაინერგა. გამოცდები თუ გადამზადება - რომელი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის და რეალურად რომელი აძლევს მასწავლებელს საშუალებას, რომ მოსწავლეებს მაქსიმალურად კარგად ასწავლოს. 

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ თემაზე საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორები. მათ Etaloni.ge-ს კითხვებს უპასუხეს. 

ბადიაურის საჯარო სკოლის დირექტორი ციური გიქორაშვილი: 


„რა თქმა უნდა, ტრენინგები ბევრის მომცემია, რადგან იქ მასწავლებლები სწავლობენ ბევრ რამეს, თეორიულად და პრაქტიკულად მეცადინეობენ და შემდეგ ამ ცოდნას გაკვეთილებზე იყენებენ, მაგრამ ვთვლი, რომ გამოცდები უფრო მნიშვნელოვანია. გამოცდები განსაზღვრავს პედაგოგის ცოდნის დონეს და აუცილებელია, რომ ყველა მასწავლებელი თავისი საგნის უბადლო მცოდნე და სპეციალისტი იყოს“. 

გომბორის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქისტაური: 

„გამოცდები კარგია და აბარებენ კიდეც პედაგოგები, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალურია, ზოგი ნერვიულობს და ვერ აბარებს, ზოგი არ გადის საერთოდ. პირადად მე, მხოლოდ უნარები მაქვს ჩაბარებული და საგნის გამოცდაზე სუბიექტური მიზეზების გამო ვთქვი უარი. ჩემთან სკოლაში ასწავლიან ისეთი პედაგოგები, რომლებსაც გამოცდა არ ჩაუბარებიათ, მაგრამ მათი ბავშვები ჯერ არც ერთ გამოცდაზე არ ჩაჭრილან, ასწავლიან ასევე სერტიფიცირებული პედაგოგებიც. ჯობია ისევ ტრენინგები იყოს, რომელიც პედაგოგებს მართლა, დიდ ცოდნას აძლევს“. 

ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის ტიბაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ათანელაშვილი: 

„ორივე ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, იმ სახით როგორც ახლა არსებობს. გამოცდები ცოდნის დონეს ადგენს და განსაზღვრავს, ტრენინგები კი მასწავლებლებს ახალ ცოდნას და გამოცდილებას აძლევს. რა თქმა უნდა, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ცოდნა, რომ მან გამოცდები ჩააბაროს და ტრენინგების დროს მას ვერ ასწავლი იმას, რაც მანამდე უნდა სცოდნოდა. საუბარი მაქვს საგნობრივ ცოდნაზე, თორემ მიდგომები და სწავლების მეთოდები ყველას განსხვავებული აქვს, რა თქმა უნდა“. 

ძველი ანაგის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ღვედაშვილი: 

„ჯერ საჭიროა გადამზადება, რომლის შემდეგაც მასწავლებლები ჩააბარებენ გამოცდებს. გამოცდებისთვის ისინი ერთად უყრიან თავს მთელ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას და ეს მოქმედებს მათ განვითარებაზე. მით უმეტეს, რომ ამ გამოცდების ჩაბარების შემდეგ მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ, რაც თავისთავად მოტივაციის ზრდასაც იწვევს“. 

გვიმრიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბურკაძე: 

„მე მაქვს 38 წლიანი მუშაობის სტაჟი და მიმაჩნია, რომ ტრენინგები და გადამზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის. ვფიქრობ, რომ საჭიროა ჯერ გადამზადება და მერე გამოცდების ჩაბარება. გარდა იმისა, რომ ეს გამოცდები მასწავლებელს აძლევს მოტივაციას ჩაბარების შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოს, ასწავლის ბევრს რამეს, თუნდაც ეხმარება უკეთ მუშაობაში და გაკვეთილის დაგეგმვაში“. 

აფენის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჯიღაური: 

„ორივე მათგანს თავისი დანიშნულება აქვს და ამიტომ, ორივე მათგანი მნიშვნელოვანია. ტრენინგები მასწავლებლებს კვალიფიკაციას უმაღლებს, ხოლო გამოცდები მათ კომპეტენციას ადასტურებს. ამიტომ, ორივე მათგანი სასკოლო განათლებისთვის და მასწავლებლებისთვის საჭიროა“. 

კუჭატნის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მელიქიშვილი: 


„ვფიქრობ, რომ ტრენინგები და გადამზადება უფრო მნიშვნელოვანია პედაგოგისთვის. მე, მაგალითად, 30 წლის წინ მივიღე ცოდნა, რომელიც მაქვს და გამოცდაზე რამდენჯერაც არ უნდა გავიდე, თუ გადამზადება არ მაქვს გავლილი, იქ სასურველ შედეგს ვერ მივაღწევ. ტრენინგებზე ვიგებთ სიახლეებს და ვიძენთ ახალ ცოდნას, რომელსაც მერე გაკვეთილებზე ვიყენებთ“. 

ყვარლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ქოჩორაშვილი: 

„გადამზადება და ტრენინგები უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გამოცდების ჩაბარებით პედაგოგი გარკვეულ შედეგს იღებს, მაგრამ ჯერ აუცილებლად უნდა მოხდეს პედაგოგთა გადამზადება, ეს არის აუცილებელი და შემდეგ აქ მიღებული ცოდნის გამოცდაზე შემოწმება“. 

ჭიკაანის საჯარო სკოლის დირექტორი ევა ბეგაშვილი: 

„ტრენინგები მასწავლებლებს ცოდნას უმაღლებს და რა თქმა უნდა, ეს უკეთესია, მაგრამ ისინი გამოცდებისთვისაც ემზადებიან და ბევრს მეცადინეობენ. ცალკე გამოცდებს რაც შეეხება, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გარდა, მგონი სხვას არაფერს აძლევს პედაგოგს“.

ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ბოჭორიშვილი: 


„მე ვფიქრობ, რომ თუ პედაგოგმა გამოცდები ერთხელ ჩააბარა და აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, აღარაა საჭირო მეორედ გასვლა და ახალი გამოცდების ჩაბარება. გადამზადება კი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ახალ მიდგომებს და მეთოდებს სწავლობს პედაგოგი, რომელიც მას შესაძლოა, წარსულში არ უსწავლია. ამრიგად, საჭიროა უფრო მეტი ყურადღება ტრენინგებს მიექცეს და პედაგოგებმა გადამზადება გაიარონ, ვიდრე სულ გამოცდები აბარონ“. 

ფშაველის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი ხაჩიძე: 

„უპირატესი იქნება ტრენინგები და გადამზადება, რადგან გამოცდებს მაინც აქვთ დამთრგუნველი შედეგი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პედაგოგი ვერ ლახავს ბარიერს. ტრენინგების დროს კი პედაგოგები სიახლეებს ეცნობიან, ახალ ცოდნას იძენენ და ამ ყველაფერს შემდეგ, გაკვეთილებზე იყენებენ. პიროვნული ზრდის თვალსაზრისით, ტრენინგები უფრო მეტს აძლევს პედაგოგს, ვიდრე გამოცდები“. 

ვანთის საჯარო სკოლის დირექტორი გია კირვალიძე: 

„ორივე მნიშვნელოვანია, როგორც გადამზადება, ასევე გამოცდები. თუმცა სასურველია ჯერ გადამზადდეს მასწავლებლები, გაეცნონ სიახლეებს, ახალი ცოდნა მიიღონ და შემდეგ ჩააბარონ გამოცდები. გამოცდების შედეგად ისინი იღებენ კვალიფიკაციას, ხარისხს და ეზრდებათ ანაზღაურება, რაც დამატებითი მოტივაციაა მათთვის“. 

ვაზიანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ დათუაშვილი: 

„ვფიქრობ, რომ მასწავლებლების გადამზადება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. რა თქმა უნდა, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ისინი უფრო თავდაჯერებულები არიან, აქვთ სურვილი მეტს მიაღწიონ და აქვთ დიდი მოტივაცია, მაგრამ ტრენინგები აძლევს მათ საშუალებას იმუშაონ საკუთარ თავზე, გაეცნონ სიახლეებს და ასწავლონ მოსწავლეებს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ვფიქრობ, რომ თუ ტრენინგები და გადამზადება მეტი იქნება, უფრო უკეთესი იქნება მათთვის, ვიდრე გამოცდების დროს სტრესული გარემო და ნერვიულობა“. 

წინუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა გოზალიშვილი: 

„ჩემი აზრით, გადამზადება უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან ამ დროს პედაგოგი სწავლობს ბევრ რამეს, სწავლობს იმას, რაც სჭირდება და გამოადგება, იმეცნებს ახალ მეთოდებს და მიდგომებს, ხოლო გამოცდების დროს კი ის მხოლოდ საკუთარ ცოდნას აფიქსირებს“. 

ერკეთის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ოსეფაიშვილი: 


„ორივე ერთად, გამოცდებიც და ტრენინგებიც მასწავლებლისთვის საჭიროა. ტრენინგებზე მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ისინი აბარებენ გამოცდებს. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ მათ იქ მიღებული ცოდნის რეალურად გამოყენების საშუალება ექნებათ. ბევრჯერ ხდება, რომ მასწავლებელს სკოლაში არ აქვს შესაბამისი ტექნოლოგია, აპარატურა ან გაკვეთილის ფორმატი არ აძლევს საშუალებას მიღებული ცოდნა გამოიყენოს. თუ ეს ყველაფერი მოგვარდება, მაშინ ორივე მეთოდს გამართლებულად ჩავთვლი“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203