ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება. სკოლის დირექტორებმაც ახალი სასწავლო წლისთვის მზადება უკვე დაიწყეს.
Etaloni.ge დაინტერესდა როგორ ხვდებიან ახალ სასწავლო წელს სხვადასხვა სკოლები, აქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია, რა ღონისძიებები იმართება სწავლის პირველ დღეს და რას ფიქრობენ სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.
შოთა ხურციძის სახელობის საპრასიის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ხურციძე:
„სწავლის პირველ დღეს სკოლაში მისასალმებელი ღონისძიება გაიმართება, ფრიადოსნებს წავახალისებთ, დავაჯილდოვებთ და სამომავლო ამოცანებს დავსახავთ. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღის, დღესაც 1-ელ სექტემბერს რომ იწყებოდეს ძალიან კარგი იქნება, სკოლაში სწავლის დაწყების დღეს დღესაც პირველ სექტემბერს ვეძახით“.
თბილისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ჭელიძე:
„პირველ დღეს პირველკლასელებისთვის ღონისძიებას ვაწყობთ ხოლმე. სწავლის დაწყების დღეს რაც შეეხება, 1-ელ სექტემბერს რომ იწყებოდეს და მაისის ბოლოს სრულდებოდეს უფრო კარგი იქნებოდა“.
ციხისფერდის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნადირიძე:
„სწავლის პირველ დღეს სკოლის ეზოში 45-წუთიანი ძალიან ლამაზი კონცერტი გვექნება, პატარა გამოფენაც გვინდა გავმართოთ. 2 სექტემბრიდან, როდესაც მასწავლებლები შვებულებიდან გამოვლენ, რეპეტიციები დაიწყება. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში უფრო სტანდარტული ღონისძიებები იყო, ძირითადად ლექსებს ვამბობდით, კარგი მოსწავლეები ვინც ვიყავით ლექსის სწავლას გვავალებდნენ.
სწავლის დაწყების თარიღს რაც შეეხება, თავიდან როცა რაიმე იცვლება, გადართვა ძნელია, შემდეგ კი ეჩვევი. ჩემთვის მაგალითად არანაირ დისკომპფორტს არ წარმოადგენს, 15 სექტემბერს რომ იწყება“.
ორმეთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გადახაბაძე:
„მოსწავლეებს საზეიმო განწყობით ვხვდებით, პატარა ღონისძიება იმართება. სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ავღნიშნავ, რომ მე, მაგალითად, ახლა რომ იყოს კენჭისყრა, ხმას 1-ელ სექტემბერს მივცემდი და სწავლას 25 მაისს დავამთავრებდი. შემდეგ სიცხეებია, სიცხეში სიარული, მუშაობა და სწავლა ჭირს. ეს სოფელია, ზოგი მასწავლებელი 3-4 კილომეტრს გადის ფეხით. ამიტომ მივესალმები სწავლა 1-ელში დაიწყოს და 24-25-ში დამთავრდეს, ჩვენ მაინც ვასწრებთ სასწავლო პროგრამას“.
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მენაბდე:
„მასშტაბურ ღონისძიებას ვაკეთებთ, სიტყვით გამოვდივარ, ჰიმნი ჟღერს, წარმატებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმოვაჩენთ, მადლობებს ვუხდით, სიგელებით ვაჯილდოვებთ. წლის საუკეთესო აქტოვობებს ავღნიშნავთ. მე საკურორტო ქალაქში ვცხოვრობ და საკურორტო ქალაქისთვის სწორედ რომ მისადაგებულია 15 სექტემბერს დაწყება“.
გორის №6 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ნუცუბიძე:
„სწავლის პირველ დღეს საზეიმო გახსნა გვაქვს, სადაც სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ნომრებს ასრულებენ. ასე ვულოცავთ პირველკლასელებს სწავლის დაწყების დღეს. პირველკლასელებს აქვთ ხოლმე ლექსების თქმის სურვილი, მასწავლებლები კი მისასალმებელ სიტყვას ამბობენ, სიტყვის თქმის საშუალება აქვთ ასევე მშობელებს. წინა წლის მედალოსნებს საზეიმო ვითარებაში გადავცემთ ხოლმე მედლებს. ადგილობრივ მერიას აქვს ხოლმე ასევე დაგეგმილი ღონისძიებები. გორის ახალ ბაღში მიდიან ხოლმე დამრიგებლები ბავშვებთან ერთად.
რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, სექტემბერში ისევ იმდენად ცხელა, რომ ვფიქრობ კარგია ცოტა გადაწეული რომ არის, უფრო სწავლისუნარიანები არიან ბავშვები“.
სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის №54 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური:
„მინდა გითხრათ, რომ სკოლაში არაფორმალური განათლების კუთხით დიდ აქცენტებს ვაკეთებთ და უხვად გვაქვს სხვადასხვა ღონისძიება. განსაკუთრებულად აღნიშნავთ, რა თქმა უნდა, სწავლის პირველ დღეს, მოგეხსენებათ, პირველკლასელებისთვის ეს ის დღეა, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვებათ. ამიტომ მათ საზეიმო ვითარებაში ვხვდებით ხოლმე. პირველკლასელებს მე-12 კლასის მოსწავლეები ხვდებიან, მათ სუვენირებს ვუმზადებთ, გარდა იმისა რომ სახელმწიფოსგან სასკოლო მერხთან კომპიუტერები და სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ხვდებათ, სკოლა თავისი სახსრებით დიზაინით გამორჩეულ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებს ყიდულობს და პატარებს მერხზე ვახვედრებთ. პირველკლასებელს ხვდებიან, რა თქმა უნდა, დამრიგებლები. ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩაბმული მე-12 და მე-11 კლასელები. ისინი 1-ელ და მეორეკლასელებს ხვდებიან და და საკლასო ოთახებში აცილებენ.
რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, ნორმალურად მიმაჩნია, ამ პერიოდიდან უკვე გრილდება და დასვენების პერიოდიც სრულად მთავრდება, დადებითი დამოკიდებულება მაქვს“.
ბერბუკის საჯარო სკოლის დირექტორი ამალია საური:
„ჩვენი სახსრებით სკოლა კაპიტალურად გავარემონტეთ და ახალ გარემოში ვხდებით მოსწავლეებს, უფროსკლასელები ღონისძიებას მართავენ და პირველკლასელებს ცეკვით, სიმღერითა და ლექსებით ხვდებიან. სწავლის თარიღს რაც შეეხება, მივეჩვიეთ და დისკომფორტს არ გვიქმნის“.