მეწარმე ნიკა რატიანი - მესტიის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელი მოსწავლე, რომელიც საოჯახო სასტუმროს მართავს
მესტიის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა რატიანი უკვე საკუთარი საოჯახო სასტუმროს მფლობელია. იდეა, დაპროექტება, დიზაინი, სტუმრების მოწვევა თუ გაცილება კი მთლიანად ნიკამ ითავა და მე-12 კლასელი მოსწავლე აღნიშნულ საქმიანობას თავს წარმატებით ართმევს. ის ტურისტებს ტურებსაც უგეგმავს და სამომავლოდ, ფერმერობაზე ფიქრობს.
ახალგაზრდა, მაგრამ უკვე წარმატებული მეწარმის შესახებ,
Etaloni.ge-ს ნიკას დედა, მარიანა ფალიანი ესაუბრა.
- ქალბატონო მარიანა, რას საქმიანობს ნიკა და რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ? - სამომავლოდ მას ფერმერობა აქვს დაგეგმილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ საოჯახო სასტუმრო გვაქვს, შესაბამისად, ნიკა ტურიზმზეა გადართული. მთლიანად თვითონ უწევს სასტუმროს მუშაობას კოორდინირებას, მათ შორის, ტურისტებს ტურებს უგეგმავს. ამავდროულად, სასტუმროს გაუმჯობესებაზე ზრუნვას არ წყვეტს, დეტალებს თავისი ხელით მატებს და სურს უახლოეს მომავალში პატარა ბარიც დაამატოს.
- საოჯახო სასტუმროს პარალელურად ნიკამ ფერმერობაც გადაწყვიტა...- როგორც თავად ამბობს, სვანეთში ტურიზმი იმდენად გავრცელებულია, რომ მალე ამ მხრივ რესურსი ამოიწურება. შესაბამისად, ფიქრობს რა იქნება აქტუალური. მისი აზრით, ფერმერობა საინტერესო და მომგებიანი საქმიანობაა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლამდე ნატურალური პროდუქტის მიტანა შეეძლება.
- საოჯახო სასტუმროს იდეა ნიკამ მოგაწოდათ? - დიახ, თავად გვთხოვა სახლი სასტუმროდ გადაგვეკეთებინა. მანამდე საერთო სახლი გვქონდა, სადაც დიდი ოჯახი-ნიკას ბიძები, ბიძაშვილები და ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. შემდეგ უკვე ჩვენ ჩვენი სახლი ავიშენეთ და მაშინვე გვითხრა ნიკამ, რომ სასტუმროდ გვექცია. რაც შესაძლებელია ბავშვმა ამ ასაკში აკეთოს, არ დაიზარა და ფაქტობრივად, ყველაფერი საკუთარი ხელით შექმნა. მუშებსაც თავად კურირებდა, ოთახებსაც აპროექტებდა, ფერებსაც არჩევდა და ასე გახსნა სასტუმრო. ჩვენგან მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდა.
- სასტუმროს მართვას უცხო ენებიც სჭირდება...- დიახ, ჩვენს სასტუმროში გაჩერებულ უცხოელებს ინგლისურად ეკონტაქტება. რაც მთავარია, ამ ენას სულ უფრო ხვეწს. უკვე ერთი წელია რაც ამ სასტუმროს ვამუშავებთ და უცხო ენის კომპლექსიც გადალახა.
- სტუმრების მოყვანაზეც თავად ხომ არ ზრუნავს? - რა თქმა უნდა, თავად დარეგისტრირდა რამდენიმე საიტზე, რომელიც სასტუმროებს ვიზიტორებით ამარაგებს. სოციალურ ქსელებშიც გვერდები გააკეთა. ამას გარდა, სტუმრების განთავსება-გაცილებასა და ბუღალტერიაში მეხმარება. სტუმრებისთვის მაგიდების გაწყობა-ალაგებაც არ ეზარება.
- სწავლას და საქმიანობას როგორ უთავსებს ერთმანეთს?- ძირითადი სეზონი მაინც ზაფხულია, რა დროსაც სკოლა არ აქვს, აქედან გამომდინარე, სწავლაში ხელი არ ეშლება. ჩემთვისაც, პირველ რიგში სწავლაა პრიორიტეტული და შემდეგ-ყველაფერი დანარჩენი. აქედან გამომდინარე, ნიკა ძალიან კარგად სწავლობს და მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ტურისტებთან ურთიერთობითაც დამატებით ინფორმაციას და ცოდნას იღებს. ნიკას ორი უმცროსი ძმა ჰყავს, რომლებზეც ასევე ზრუნავს. მათაც აქვთ უკვე მეწარმეობის მიმართ ინტერესი.
- როგორ უნდა დავაინტერესოთ ბავშვი მეწამრეობით? - მე ნამდვილად არ დამიგეგმავს ამ მხრივ ბავშვების განვითარება. თავად დადგა ასეთი მოცემულობა. 2010 წლიდან ტურისტებთან ურთიერთობით ვარ დაკავებული-მყავს მეგობარი, რომელიც ჯგუფებს მიგზავნიდა და მათ ტურებს ვუგეგმავდი. ბავშვები რომ პატარები იყვნენ, ვუთხარი, თუ მცირე დახმარებას გამიწევდნენ, რაც მათ შეეძლოთ, ასაკიდან გამომდინარე, ხელფასს დავუნიშნავდი. ეს მათთვის ძალიან საინტერესო იყო. დიდი სტიმული მიეცათ, საკუთარი შრომის ანაზღაურება დაინახეს და ნელ-ნელა ასე განვითარდა მათი აზროვნება. ახლა უკვე საკუთარ მომავალზე ფიქრობენ და სურთ უკეთესი ცხოვრება შეიქმნან. სწორედ ამიტომ მაგულიანებდნენ, რომ საოჯახო სასტუმრო გაგვეხსნა.
იხილეთ ფოტოები