''მე მიყვარს დედამიწა'' - ახალციხის №5 სკოლის წარმატებული პროექტი
23-12-2016

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა რიგით მეორე სამეცნიერო კონფერენცია ,,მოსწავლის თვალით დანახული აგრარული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“. 

კონფერენცია დაგეგმა და განახორციელა უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა.

კონფერენციის გახსნაზე, რომელიც გაიმართა უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ახალციხის №5 სკოლის პედაგოგმა მაია თათეშვილმა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით წარმოადგინა სკოლის პატარა მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეორგოლი ,,მე მიყვარს დედამიწა“, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაში ემოციური მუხტი შეიტანა და  დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

კონფერენციამ მუშაობა განაგრძო სამ სექციად. მესამე, აგროეკოლოგიის სექციაში მომხსენებლებად მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქ. ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეებმა: მარიამ ბერიძემ (ხელმძღვანელი ნაზი ტორიაშვილი), სოფიო თედორაძემ (ხელმძღვანელი ლია ფეიქრიშვილი), მედეა ლომიძემ (ხელმძღვანელი ირინა ლაბაძე) და ხატია ლომიძემ (ხელმძღვანელი თამარ ჯინჭველაძე).

კონფერენციის დასასრულს მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილოვეს, ხოლო გამორჩეული ხუთი მოხსენების ავტორი, მათ შორის ახალციხის მე-5 სკოლის მოსწავლე მარიამ ბერიძე, დასაჩუქრდა ფასიანი საჩუქრითა და სერტიფიკატით უნივერსიტეტის სტუმრის,  „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა ლომოურის მიერ, მან გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობისთვის მზაობა და სურვილი, რომ მიიღონ თანამონაწილეობა შემდგომ კონფერენციაზე.

ახალციხის №5 სკოლის დირექცია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა და მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღნიშნული კონფერენციით მოსწავლე-ახალგაზრდობის აგროეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესებისა და კვლევებში აქტიური ჩართვისათვის.  

მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლის დაახლოებას, მოსწავლეთათვის სამეცნიერო მუშაობის სწავლებას და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას!

პრეზენტაციის ბმული: https://www.edu.buncee.com/buncee/v2/853477 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203