გოგი ცაბაძე - გულით დაწერილი სიმღერების კომპოზიტორი
24-08-2018
„შევიხედოთ რადიოკომიტეტის შენობაში, დღეს რადიომსმენელები ისმენენ კომპოზიტორ ცაბაძის ახალ სიმღერას“ - ამ სიტყვებით იწყება ჩანაწერი, რომელიც საზოგადოებას გოგი ცაბაძის ახალი სიმღერის შესახებ ამცნობს. 1956 წელი. კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“. ინსტრუმენტთან კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე ზის. სიმღერას „თუ ვიპოვნე“ ლილი გეგელია ასრულებს.
ბავშვობაში გოგი ცაბაძის ოცნება კომპოზიტორობა ნამდვილად არ ყოფილა. მომავალ მუსიკოსს ფეხბურთელობა სურდა, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ მისი მომავალი სულ სხვანაირად განსაზღვრა. მაშინ თბილისში ტრამვაიზე „შეხტომა“ ჩვეულებრივად ითვლებოდა და ერთ-ერთი ასეთი ტრიუკის დროს, პატარა გოგის კონდუქტორმა ქალმა ხელი ჰკრა. ტრამვაიდან გადმოვარდნილ გოგის მარცხენა ფეხი ბორბლებქვეშ მოჰყვა...
სწორედ აქედან დაიწყო მისი მუსიკალური ცხოვრება, ჯერ პიანინოთი, მერე მუსიკალური სკოლით. დაკვრასთან და სიმღერასთან ერთად მალე გოგი ცაბაძემ სიმღერების წერაც დაიწყო.
მისი პირველი სიმღერა იყო „მარი”. ამას მალევე მოჰყვა „მთაწმინდის მთვარე“, „თბილისის მუხამბაზი“, „ქუჩა-ქუჩა“, „პაწაწინა სამოთხე“, „მეფაიტონე“.
შემდეგ შეიქმნა მუსიკალური კომედიები, ოპერეტები, მიუზიკლები, გოგის სიმღერები გაჟღერდა ფილმებში და არ დარჩენილა საქართველოში არც ერთი მომღერალი თავის რეპერტუარში გოგი ცაბაძის სიმღერები რომ არ ჰქონოდა.
გოგი ცაბაძე 1986 წელს გარდაიცვალა. მან თავის საყვარელ ადგილზე, სცენაზე დალია სული და შეაბიჯა იმ მარადისობაში, სადაც არასდროს იგრძნობდა თავს „როგორც ჩიტი გალიაში“.