როგორ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს სკოლებში - წარმატებული დირექტორები საკუთარ მიდგომებს გვიზიარებენ
მოსწავლეთათვის კარგი განათლების მიცემისა და მათი სრულყოფილ და კონკურენტუნარიან პიროვნებებად ჩამოყალიბების გარდა, სკოლა ბავშვებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ზრუნავს.
Etaloni.ge სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფით დაინტერესდა და საკითხს სკოლის წარმატებული დირექტორებისგან გაეცნო:
სარუსოს საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კოჭლამაზაშვილი:„სკოლაში სანიტარული ნორმების დაცვას მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენთან წელიწადში ორჯერ ტარდება გეგმიური სადეზინფექციო სამუშაოები, ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები და დერეფანი, ვიყენებთ ქლორს სველი წერტილების დასამუშავებლად.“
სორის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან მეტრეველი:„ჩვენი სკოლა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით მართლაც სამაგალითოა. ჩვენთან ყველა სტანდარტი დაცულია, მოსწავლეები თხევად საპონსა და თანამედროვე ხელსაშრობს იყენებენ. არაჩვეულებრივი დამლაგებელი მყავს, რომელიც სამ დღეში ერთხელ დაქლორვით სამუშაოებს ატარებს, ყოველდღიურად ალაგებს საკლასო ოთახებსა და სველ წერტილებს.“
ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა მუკბანიანი:„სკოლის დამლაგებელი მთელი დღის განმავლობაში ზრუნავს საკლასო ოთახების, დერეფნისა და სველი წერტილების სისუფთავეზე. სანიტარული ნორმების დასაცავად, ყოველთვიურად ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს, ჰიგიენური ნორმები და სტანდარტები ჩვენთან უმაღლეს დონეზეა დაცული.“
შილდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაირა არევაძე:„საგაკვეთილო პროცესის პარალელურად სკოლაში მუდმივად ტარდება დასუფთავებითი სამუშაოები. 4 არაჩვეულებრივი დამლაგებელი მყავს, რომლებიც სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნავენ. წელიწადში ორჯერ ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს, როგორც ვირუსების, ასევე ქვეწარმავლების წინააღმდეგ.“
ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი:„სანიტარულ-ჰოგიენური ნორმების დასაცავად ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული შესაბამისი ხსნარებით მომწოდებელ კომპანიასთან. 6 დამლაგებელი მყავს, რომელიც მუდმივად ზრუნავენ სკოლის სისუფთავეზე. რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, ვატარებთ საჭიროებიდან გამომდინარე, წელიწადში საშუალოდ 4-5-ჯერ.“
ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორი ილია ვადაჭკორია:„სკოლაში სისუფთავის დაცვას მოსწავლეები და მთელი კოლექტივი ერთობლივად ვცდილობთ, ვუფრთხილდებით და ვასუფთავებთ გარემოს, სადაც დღის დიდ ნაწილს ვატარებთ. დამლაგებლები გაკვეთილების შემდეგ ამუშავებენ შენობას სველი წესით, სადეზინფექციო ღონისძიებები კი წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.“
ფერსის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ტაბატაძე:„სკოლაში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვასთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს გვქონია. სტანდარტული პროცედურებით უზრუნველყოფთ მოსწავლეებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. დამლაგებლები ყოველდღიურად აწესრიგებენ შენობას, სკოლა სპეციალური ხსნარებით გენერალურად ყოველკვირეულად მუშავდება.“
თამარიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია მაძღარაშვილი:„სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ყოველდღიურად ვზუნავთ, დამლაგებლები გაკვეთილების პარალელურად ასუფთავებენ შენობას. რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, ქვეწარმავლებზე სეზონურად ხორციელდება, ვირუსებისა და ბაქტერიების წაინააღმდეგ კი - თვეში ორჯერ.“
თეთრიწყლების საჯარო სკოლის დირექტორი ასმათი არაბული:„პატარა სკოლა ვართ და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პრობლემა არასდროს გვქონია. ყოველთვის ვახერხებთ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას ჩვენი მოსწავლეებისთვის. სეზონურად ვატარებთ დეზინფექციას მღრღნელებზე, ისე კი საჭირო ხსნარებით შენობა ყოველთვიურად მუშავდება.“
აცანის საჯარო სკოლის დირექტორი ანდრო ქინქლაძე:„კლასის დამრიგებლები მუდმივად ატარებენ ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვასთან დაკავშირებით საინფორმაციო გაკვეთილებს. ერთობლივი ძალებით ვცდილობთ სკოლაში სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას. მოგეხსენებათ, ფაროსანა შემოგვეჩვია და მასთან გამკლავება ზეთოვანი ხსნარებით გვიწევს, დარჩენილი ლაქები საკმაოდ რთული გასაწმენდია. თანაც, საგაკვეთილო პროცესის პარალელურად ძლიერ ნივთიერებებს ვერ ვიყენებთ, თუმცა ყოველ კვირა ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სტანდარტების დაცვით.“
ზემოსურების საჯარო სკოლის დირექტორი გელა ეზიეშვილი:„სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და მოსწავლეთათვის სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნა მნიშვნელოვანი მოვალეობაა. ჩვენთან ყოველდღიურად ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფანი და სველი წერტილები. ამ მხრივ გართულება და რაიმე სახის პრობლემები არასდროს გვქონია.“