რა მეთოდებით ებრძვიან საქართველოს სკოლებში ბულინგს და როგორ ხდება მისი პრევენცია - სკოლების დირექტორები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ
31-08-2018
ბულინგი სკოლებში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია აქტუალური. ბულინგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევი მოვლენაა, თუმცა ამ პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.

საინტერესოა, რა მეთოდებით ებრძვიან საქართველოს სკოლებში ბულინგს, როგორ ხდება მისი პრევენცია და რა ღონისძიებები ტარდება ბავშვთა შორის ძალადობის აღმოსაფხვრელად - Etaloni.ge-ს კითხვებს საჯარო სკოლების დირექტორები პასუხობენ. 

კურსების საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ზარნაძე: 


„სკოლაში ბულინგის შემთხვევა არ გვქონია. ჩემს ბავშვობაში საერთოდ არც კი ვიცოდით ძალადობა და ბულინგი რა იყო, ისეთი უდარდელი და ლაღი ბავშვობა გვქონდა. ახლა კი საჭიროა ამ თემაზე საუბარი და ბავშვებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები და ზოგადად, რა არის ბულინგი. დიდი ხანია ამ თემაზე ფსიქოლოგის მოწვევა გვინდა სკოლაში, მაგრამ არ გამოგვივდა. კარგი იქნება, თუ ყველა სკოლაში იმუშავებს ფსიქოლოგი და ამ თემებზე მოსწავლეებს დაელაპარაკება“. 

სოჩხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ქიშვარდ გოჩელაშვილი: 

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ბულინგის შემთხვევები არ გვქონია, თუმცა პრევენციისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ გვყავს პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ევალება მოაგვაროს მოსწავლეებში მსგავსი სიტუაციები და ყველა მას აწვდის ინფორმაციას. ასევე ხშირად ვმართავთ სკოლაში საუბრებს, შეხვედრებს, სპეციალურ გაკვეთილებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად“. 

ძიროვნის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა სოფრომაძე: 


„ამ დრომდე სკოლაში ბულინგის შემთხვევები არ გვქონია. სკოლა ისედაც მცირეკონტიგენტიანია და მოსწავლეები ძალიან მეგობრულები არიან. მსგავსი შემთხვევების კონტროლი არ გვიჭირს და ხშირად ვესაუბრებით მოსწავლეებს ამ საკითხზე. რაც შეეხება, ჩემს ბავშვობას, იყო რამდენიმე ფაქტი, მაგრამ ერთიანი ძალისხმევითა და მონდომებით ყველაფერი მოგვარდა“. 

დაბაძველის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ქარქაშაძე: 


„ამ თემაზე ბავშვებს ხშირად ვესაუბრებით, ხან ცალკე, ხან მშობლებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ბულინგის შემთხვევები სკოლაში არ გვქონია. ჩემს ბავშვობას რომ შევადარო, არც მაშინ იყო ეს თემა აქტუალური. ეზოში ან თამაშის დროს თუ იკინკლავებდნენ მოსწავლეები, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომელიც ბავშვებს ზოგადად ახასიათებთ. მათ სჩვევიათ პატარებს დიდებად მოაჩვენონ თავი, თუმცა ეს ზედმეტობაში არასდროს გადასვლიათ. საერთოდ, მაშინ უფრო იყო სიყვარული და გაგება, სულ ამას ვამბობ და აღვნიშნავ“. 

ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი ინა ბიწაძე: 


„საქართველოში არ მეგულება სკოლა, სადაც ეს პრობლემა არ დგას დღის წესრიგში, იქნება ეს ფარული, აშკარა თუ კიბერბულინგი. ჩვენს სკოლაში მკვეთრად გამოხატული ბულინგის შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ პატარა-პატარა ფაქტები შეგვიმჩნევია. პრევენციისთვის ბევრ რამეს ვაკეთებთ, ვატარებთ შეხვედრებს, ღონისძიებებს, დამრიგებელთა პროგრამაშიც ჩავსვით ეს საკითხი, ორ ენაზე ვაჩვენეთ ფილმები. გარდა ამისა, ჩვენი სკოლა ჩართულია სასკოლო ქსელში, სადაც 6 სკოლაა გაერთიანებული და დავგეგმეთ ერთობლივი ღონისძიება „არა ძალადობას“. რაც მთავარია, მშობლებს ვესაუბრებით ხშირად, ვუყვებით ბულინგის შესახებ, მოგვყავს მაგალითები და ვურჩევთ შვილებთან ხშირ და ახლო კონტაქტს“. 

სამტრედიის N9 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ჭანტურია: 

„ბულინგი თანამედროვე სამყაროს დიდი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მსგავსი პრობლემა არ გვქონია, მაინც დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ თემას. ყველა გზითა და ხერხით ვცდილობთ მის პრევენციას და მგონი ვახერხებთ კიდეც. გამოვუშვით გაზეთი, ვაჩვენეთ ვიდეოფილმი და ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას. ეს იმდენად გლობალური პრობლემაა, რომ მოსწავლეებმა მასზე ბევრი უნდა იცოდნენ, თუნდაც არ გვქონდეს ასეთი შემთხვევები სკოლაში“. 

ნიგორზღვის საჯარო სკოლის დირექტორი გრიგოლ კიკვაძე: 

„ბულინგის შემთხვევები ჩემს სკოლაში არ დაფიქსირებულა. ზოგადად, სოფლის სკოლებში ეს ნაკლებადაა, თუმცა ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, არის. პრევენციისთვის ვატარებთ ღონისძიებებს, ვაჩვენებთ ფილმებს, ვესაუბრებით მოსწავლეებს. ეს ისეთი პრობლემაა, მოსწავლეს მასზე ინფორმაცია მაინც უნდა ჰქონდეს. ჩემს ბავშვობასთან შედარებით, მგონია, რომ ასეთმა ფაქტებმა იმატა და ბავშვებმა ამის შესახებ მეტი უნდა იცოდნენ“. 

კორმაღლის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ზაქაიძე: 

„სკოლაში ბულინგის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, პრევენციისთვის ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ. სწავლის პერიოდში სამტრედიის პროკურატურიდან იყო წარმომადგენელი მოსული, იგი მოსწავლეებს ბულინგზე ესაუბრა. ამის შემდეგ კი თითოეული კლასის ხელმძღვანელმა ჩაატარა ცალ-ცალკე ღონისძიება ბულინგზე და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“. 

ცუცხვათის საჯარო სკოლის დირექტორი დავით კუპრაშვილი: 

„ამ თემაზე სკოლის დირექტორებს ტრენინგი ჩაგვიტარდა და ახლა მასწავლებლებიც გადიან ამ კურსებს. ვინაიდან ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ბულინგის შემთხვევა არ გვქონია. მიუხედავად ამისა, მაინც ყურადღებას ვაქცევთ, რომ არ მოხდეს რამე კონფლიქტი სკოლაში. ამ საკითხზე პოლიციის რწმუნებულიც იყო მოსული და ბავშვებს ესაუბრა.“

ჯვარისის საჯარო სკოლის დირექტორი იროდ გიორგაძე: 


„სკოლაში ბულინგისა და ძალადობის შემთხვევები არ გვქონია. პრევენციის მიზნით, ხშირად ვატარებთ ღონისძიებებს, გამოვუშვით კედლის გაზეთი, რომელიც სკოლაში გავაკარით. ამ თემაზე ვესაუბრებით მოსწავლეებსა და მშობლებს“. 

ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო მოდებაძე: 

„ბულინგის შესახებ ხშირად ვატარებთ შეხვედრებს მოსწავლეებთან და მშობლებთან. ამ თემაზე გავლილი გვაქვს ტრენინგები და ვიცით, როგორ და რა კუთხით ვიმუშაოთ. კლასის საათებსაც ხშირად ვატარებთ ამ საკითხზე, რადგან აქტუალურია. სკოლაში კი ბულინგის შემთხვევები არ გვქონია და იმედია, არც მომავალში შეიცვლება რაიმე ამ კუთხით“. 

რგანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია მეგრელი: 


„სკოლაში ბულინგის შემთხვევები გამოკვეთილად არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მისი პრევენციისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ვატარებთ მინი-ლექციებს, კლასის საათებს, ველაპარაკებით მშობლებსა და მოსწავლეებს, დავარიგეთ ბროშურები. გასულ სასწავლო წელს ეს თემა ძალიან აქტუალური იყო და ამიტომ, ჩვენც ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდიდით მოსწავლეებს. საერთოდ, სოფლისა და რაიონის სკოლებში ეს პრობლება ნაკლებადაა. აქ ძალიან თბილი და მეგობრული გარემოა, მაგრამ პრევენციის მიზნით ღონისძიებებს მაინც ვატარებთ“. 

ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ასანიძე: 

„ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ტრენინგი ტარდება, რომელშიც აქტიურად ვმონაწილეობთ. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ეს პრობლემა ჯერჯერობით არ გვქონია. შეიძლება რაღაც ლოკალური კონფლიქტები იყო მოსწავლეებს შორის, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. კლასის დამრიგებლები ხშირად მართავენ შეხვედრებს მშობლებთან, მოსწავლეებთან და ესაუბრებიან ამ თემაზე. გვქონდა გამოკითხვებიც, ფილმის ჩვენებებიც, რომელსაც კინოს სახლის წარმომადგენლები აწყობდნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ კი იმართება დისკუსია ამ თემაზე და ეს უფრო ეხმარება ბავშვებს ბულინგით გამოწვეული შედეგების გააზრებასა და გაცნობიერებაში“. 

უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ პაპიძე: 

„სკოლაში ბულინგის შემთხვევები არ გვქონია. მიუხედავად ამისა, ვატარებთ ღონისძიებებს, პლაკატებს ვამზადებთ, ფილმებს ვაჩვენებთ, ყველაფერს ვაკეთებთ პრევენციისთვის. სკოლაში მეგობრული გარემოა, მოსწავლეები ერთმანეთთან ახლოს არიან და ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ მათ ხელს“. 

რცხილათის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნი გამეზარდაშვილი: 


„ამ თემასთან დაკავშირებით სკოლაში ხშირად ვმართავთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს. მოსწავლეებს ესაუბრებიან, როგორც დამრიგებლები, ასევე პედაგოგები და პირადად მეც. სკოლაში ბულინგის შემთხვევები არ გვქონია, მიუხედავად ამისა, პრევენციისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩემი მოსწავლეობის პერიოდს რომ შევადაროთ, ამ მხრივ სიტუაცია ნამდვილად უკეთესობისკენაა შეცვლილი“. 

წყალშავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მჭედლიძე: 


„ამ საკითხზე მოსწავლეებს აქტიურად ვესაუბრებით, ასევე გვყავს სპეციალურ პირი, რომელსაც ამ თემასთან დაკავშირებული ამბების მოგვარება ევალება. საუბრებს ვმართავთ არა მხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მშობლებთანაც, რადგან მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობით ხდება ასეთი საკითხების მოგვარება. აუცილებელია, მათაც გაამახვილონ ყურადღება და მოგვაწოდონ ინფორმაცია. გარდა ამისა, სკოლაში ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა“. 

გეზრულის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა შეყილაძე: 

„ზოგადად, მიმაჩნია, რომ სოფლის სკოლებში ბულინგის შემთხვევები ნაკლებად შეინიშნება. აქ უფრო მეგობრული გარემოა და მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთთან ახლოს არიან. ჩემს სკოლაში ბულინგის შემთხვევა არ ყოფილა, მიუხედავად ამისა, პრევენციისთვის მაინც ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას“. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203