„მშობლების ჩართულობის გარეშე სკოლის მიზნები ნაკლებად მიიღწევა“ - რა მნიშვნელობა აქვს მშობელთა კრებას და რა თემები განიხილება საერთო შეხვედრებზე
31-08-2018
მშობელთა კრება სკოლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც სასწავლო პროცესში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. იყო პერიოდი, როცა ამგვარ საერთო შეხვედრებზე მოსწავლეთა ნიშნებსა და ყოფა-ქცევაზეც საუბრობდნენ, თუმცა თანამედროვე სტანდარტები სკოლაში დისკრიმინაციულ და ბულინგის საფრთხის შემცველ მოქმედებებს აკონტროლებს, შესაბამისად, მსგავსი თემები ინდივიდუალურად, პირისპირ შეხვედრის დროს ჟღერდება.

რა მნიშვნელობა აქვს მშობელთა კრებას და სასკოლო შეკრებებზე დედები უფრო აქტიურობენ თუ მამები? - ამ და სხვა კითხვებზე საჯარო სკოლის დირექტორები გვპასუხობენ. 

კუხის საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი ბარაბაძე

„მშობელთა კრებას, შესაბამისად, ჩართულობას, სკოლისთვის ძირითადი და მთავარი როლი აქვს. თუ მშობელი არ იქნება ინფორმირებული, ჩვენგან არ გაიგებს ცნობებს მოსწავლის შესახებ, უკურეაქცია ვერ შედგება. ჩვენი სკოლის მოსწავლეების ოჯახის წევრების 70% ჩართულია ყველა საკითხში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლების 40% საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული, ამიტომ კრებებს ბებიები, ხანდახან ბაბუებიც ესწრებიან. მამები იშვიათად დადიან კრებებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაღალ კლასებში გოგოს მშობელი მამები უფრო აქტიურობენ და მათ შორის მშობელთა კრებებსაც ესწრებიან. ეს მოსწავლე გოგონები კი მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. ამგვარ კრებებზე ნიშნებსა და მოსწავლეთა ყოფა-ქცევაზე არ ვსაუბრობთ, ეს ინდივიდუალურად, ცალკე განიხილება ხოლმე.“

ჭოღას თემის საჯარო სკოლა, დირექტორი ჯემალ შენგელია: 

„საკლასო კრებები თვეში ერთხელ ტარდება, საერთო კრება კი - წელიწადში 3-ჯერ. არ გვყავს მშობლები, რომლებიც კრებებზე უარს ამბობენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მამები უფრო იშვიათად ესწრებიან. არადა, მამის დასწრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მშობელს სკოლასთან აქტიური კავშირი უნდა ჰქონდეს და ერთ-ერთი გზა სწორედ კრებებია. აღსანიშნავია, რომ კრებებზე არ განიხილება (არცერთ სკოლაში) მოსწავლეთა ნიშნები ან ყოფა-ქცევა პერსონიფიცირებულად, ეს დაუშვებელია. მსგავსი საკითხებისთვის თითოეულ მშობელთან ინდივიდუალური შეხვედრა ეწყობა ხოლმე.“ 

ახუთის თემის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი თენგიზ ჯალაღონია: 

„კრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ სკოლაში მშობლები არ აცდენენ ამ შეხვედრებს. უმეტესად დედები ესწრებიან, არადა, სასურველია მამებმა იარონ, რადგან დედები, როგორც წესი, უფრო ლმობიერები არიან. კრებაზე ნიშნები და ყოფა-ქცევაც განიხილება, თუმცა მხოლოდ ზოგადად, კონკრეტული მოსწავლის დასახელების გარეშე. მოსწავლის ყოფა-ქცევასა თუ ნიშნებზე მშობელთან შეხვედრა ცალკე, ინდივიდუალურად ეწყობა.“

პატარა ონის საჯარო სკოლა, დირექტორი ლევან ჭელიძე: 

„მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს. კრებებიც ერთ-ერთი ამგვარი აქტივობაა. მშობელთა კრება უმეტესად შედეგიანი და ეფექტურია, ეს მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზეც აღინიშნება. ძირითადად, დედები აქტიურობენ ამ მხრივ, თუმცა ხანდახან მამებიც გვესწრებიან ხოლმე.“

თაიას საჯარო სკოლა, დირექტორი ლონგინოზ თოდუა

„მშობელთა საერთო კრება წელიწადში სამჯერ ტარდება, თუმცა დამრიგებლები ცალკე, თავიანთი კლასებისთვის, საჭიროების მიხედვით იწვევენ მშობლებს. ამ დროს განიხილება ორგანიზაციული საკითხები, წიგნებით მომარაგება, სემესტრული შედეგები და ა.შ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მშობლების ინიციატივით ბევრი რამ კეთდება. რა თქმა უნდა, არიან მშობლებიც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სიარულს ვერ ახერხებენ, თუმცა საბოლოო ჯამში მათთან კომუნიკაციაც ხერხდება.“

ჟანივრის საჯარო სკოლა, დირექტორი დარეჯან ტაკიძე: 

„მშობელთა კრება საჭიროების შესაბამისად ტარდება, თვეში ორჯერ, ან მეტჯერ. საერთო კრებას არ ვატარებთ, დამრიგებლები თავიანთი კლასის მშობლებს ხვდებიან. კრებაზე სასწავლო მოსწრების შესახებ ვმსჯელობთ, დისციპლინური დარღვევები, როგორც წესი, სკოლაში არ შეიმჩნევა. კრებას თითქმის ყველა მშობელი ესწრება. მშობელთა ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესისთვის, რადგან ამ შემთხვევაში დასახული მიზნები მეტად მიიღწევა.“

ნაკიანის თემის საჯარო სკოლა, დირექტორი ზურაბ ქარჩავა: 

„კრება წლის განმავლობაში 3-4-ჯერ ტარდება. ამ დროს მთავარ საკითხებად სწავლა, მოსწავლეთა ქცევა და სხვა თემები განიხილება, თუმცა ამას ზოგადი ფონი აქვს და პერსონიფიცირება არ ხდება. მშობელთა კრებები აუცილებელია, ამ დროს მასწავლებლები და მშობლები ერთმანეთს აზრს უზიარებენ. საბედნიეროდ, სკოლაში არ გვყავს მშობლები, რომელთაც დასწრება არ სურთ ხოლმე.“

ზუმის საჯარო სკოლა, დირექტორი ნონა ფირცხელავა: 

„მშობელთა გაერთიანებული კრება სემესტრულად ტარდება. ამ დროს სკოლის სიახლეები განიხილება, ასევე-დასახული მიზნები და გამოწვევები. ნამდვილად ეფექტურია, რადგან მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია. კრებაზე გაგვაქვს ყველა ის საკითხი, რაც გვაინტერესებს. მშობლის გარეშე სკოლის მიზნები ნაკლებად მიიღწევა. თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მშობელთა ნაწილი კრებებს აცდენს.“
 
ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლა, დირექტორი თენგიზ ნაჭყებია: 

„მშობელთა კრება ჩვენთან წელიწადში სამჯერ ტარდება, ხოლო კლასებში ინდივიდუალურად - 2 თვეში ერთხელ. კრებებზე სკოლისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის შინაგანაწესს, მოსწავლეთა უფლება-მოვალეობებს, მშობლის ჩართულობის გაზრდას და ა.შ. არიან მშობლები, რომლებიც აცდენენ კრებებს, თუმცა მათი სია გვაქვს და წერილობით ვიბარებთ. მშობელთან საუბარი აუცილებელია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სკოლას აცდენს, ეგრევე მშობელს ვუკავშირდებით. ამის გამო გაცდენების რაოდენობა შემცირდა. სწორედ ასეთი, თვალსაჩინო ეფექტი აქვს მშობლის ჩართულობას სკოლაში.“ 

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა სარალიძე: 

„მშობელთა კრებები სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამით მათი ჩართულობა იზრდება. ძირითადად, დედები აქტიურობენ. თუ მოსწავლის მშობელი საზღვარგარეთაა წასული, ამ დროს კრებას ბებია ან ბაბუა ესწრება. განვიხილავთ სკოლისთვის საჭირო ყველა თემას, რის შემდეგაც ერთობლივად ვმუშაობთ დასახულ მიზნებზე. მოსწავლეთა ყოფა-ქცევისა და ნიშნებისთვის კი ცალკე, ინდივიდუალური შეხვედრები გვაქვს მშობლებთან.“

ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლა, დირექტორი მერაბ ძაძამია: 

„მშობელთა კრება საჭიროების მიხედვით იმართება, თუმცა საერთო კრება - წელიწადში ორჯერ მაინც. ამ დროს მიმდინარე და აქტუალურ თემებს განვიხილავთ. როგორც წესი, კრებებზე დედები უფრო აქტიურობენ, მამები კი მიზეზად მოუცლელობას ასახელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა სკოლისთვის. სხვანაირად, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ.“

დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ნონა თოდუა:

„ცალკე კლასების კრებები ტარდება, რომელსაც უფრო ხშირი სახე აქვს, საერთო კრება კი-წელიწადში ორ-სამჯერ. ამ დროს პრობლემებზე, საჭიროებებზე, აქტუალურ თემებზე ვსაუბრობთ. გვყავს ძალიან აქტიური მშობლები, რომლებიც ყველა კრებას ესწრებიან და, ბუნებრივია, გვყავს შედარებით პასიური მშობლებიც, რომლებიც იმდენად არ ინტერესდებიან, როგორც საჭიროა. ამ შემთხვევაში, ვცდილობთ მაინც გვქონდეს მათთან კომუნიკაცია. რაც მთავარია, ყველა კრებაზე ვაცხადებთ, რომ სასურველია, მამებიც დაესწრნონ. თუმცა, ალბათ როგორც ყველგან, ჩვენთანაც მამები იშვიათად ერთვებიან.“

ქვედა ჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლა, დირექტორი ზურაბ ბარამია: 

„მშობელთა საერთო კრება ჩვენთან წელიწადში ორჯერ მაინც იმართება, რა დროსაც სკოლისთვის მნიშვნელოვან ყველა თემას განვიხილავთ. ამასთან, ინდივიდუალურადაც ვხვდებით მშობლებს, სადაც მოსწავლეთა ყოფა-ქცევასა და აკადემიურ მოსწრებას განვიხილავთ.“

ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი რუსუდან ლაშხია

„მშობელთა საერთო კრება წელიწადში ორჯერ, კლასებისთვის კი ორ-სამ თვეში ერთხელ ტარდება. უმეტესად სახელმძღვანელოებზე, სასწავლო პროცესის საჭიროებებზე, აქტუალურ თემებზე ვსაუბრობთ. მოსწავლეთა ნიშნებსა თუ ყოფა-ქცევაზე ინდივიდუალურად, ცალკე ვხვდებით მშობლებს. მშობელთა საერთო კრება სკოლის განვითარებისთვის აუცილებელია. ამ დროს ჩანს, რომ მშობელი სასწავლო პროცესში ჩართულია.“

ახუთის თემის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი სულხან ჯიჯელავა: 

„კრებაზე, ძირითადად, სასკოლო პრობლემები, მოსწავლეთა თუ მშობელთა ჩართულობა განიხილება. მშობლებს თავიანთი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციას ინდივიდუალურ შეხვედრებზე ვაცნობთ. მშობელთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე აისახება.“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203