როგორ შევაგუოთ პირველკლასელები სკოლას - რჩევები მშობლებს სკოლის წარმატებული დირექტორებისგან
03-09-2018
ახალი სასწავლო წლისთვის მზადება ყველა მშობლისთვის ამაღელვებელია, თუმცა განსაკუთრებით ისინი ნერვიულობენ, ვისაც შვილები პირველად მიჰყავს სკოლაში. 

როგორ ეგუებიან პირველკლასელები უცხო გარემოს, მასწავლებლებს და რა უნდა გააკეთონ ასეთ დროს მშობლებმა, რომ თავიანთი პატარები სწავლისთვის უფრო მომზადებულები მიიყვანონ -თემაზე Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორები ესაუბრნენ.
 
ლეღვას N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა მახარაძე: 

„მომავალი პირველკლასელები სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლაში მოვიწვიეთ, რომ შენობა დაეთვალიერებინათ და სასწავლო პროცესს გაცნობოდნენ. ამით ბავშვები შედარებით შევაჩვიეთ მათთვის უცხო გარემოს. დიდი ხანია ჩვენ სკოლაში პირველკლასელს სწავლასთან შეგუება არ გასჭირვებია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ გვქონდა შემთხვევა, როცა ბავშვი წუხდა ახალი გარემოს გამო და ამიტომ მის მშობელს ვთხოვეთ კლასში დარჩენილიყო. ბავშვს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდა, რომ სკოლას შეჩვეოდა. აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლე მანამდე ბაღში არ დადიოდა“. 

გორგაძეების საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა კონცელიძე:

„როგორც წესი, პირველკლასელებს არ უჭირთ სკოლასთან შეგუება, რადგან მანამდე ბაღში დადიოდნენ. შესაბამისად, მათ ამგვარ სისტემასთან შეხება უკვე აქვთ. თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც თუ ხდება, რომ ბავშვი ჭირვეულობს, მშობლებს ვეუბნებით, რომ ჩვენ, სკოლას მოგვანდონ. ასეთ შემთხვევაში, მასწავლებლები მოსწავლეს ფსიქოლოგიურად უდგებიან და ბავშვიც ადვილად ლახავს გაუცხოებას.“

ზემო ნატანების საჯარო სკოლა, დირექტორი ლაშა ბოლქვაძე:

„პირველკლასელისთვის სკოლა ახალი გარემოა და მშობლებისა თუ მასწავლებლების მხრიდან ყურადღება სჭირდებათ. თუმცა განსაკუთრებული სირთულეები ამ შემთხვევაში არ იკვეთება. საბოლოო ჯამში კი ბავშვებისთვის ახალი გარემო უფრო საინტერესო ხდება, ვიდრე -დისკომფორტის მომტანი. მშობლებს ვურჩევდი, რომ ინტენსიური კავშირი ჰქონდეთ  სკოლასთან, დამრიგებლებთან და ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ღიად ისაუბრონ, რომ ერთობლივად დაისახონ სამოქმედო გეგმა. პედაგოგები კი უნდა შეეცადონ, რომ არცერთი დეტალი არ აღმოჩნდეს ყურადღების მიღმა“.
 
სახალვაშოს საჯარო სკოლა, დირექტორი იაშა ცინცაძე:

„სხვათა შორის, მაშინ, როცა პირველ კლასში 5 წლის ბავშვის შეყვანა იყო შესაძლებელი, უფრო ხშირად იკვეთებოდა დასაწყისში სკოლასთან შეუგუებლობის პრობლემები. ბავშვი დედას არ სცილდებოდა, უჭირდა სწავლა, მით უმეტეს, სოფლის სკოლაში, სადაც ბაღი არ არის. ახლა, 6-წლიანებს უფრო უადვილდებათ შეჩვევა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ინგლისური ენა პირველი კლასიდან ამოიღეს. რა თქმა უნდა, ბავშვმა უცხო ენის სწავლა ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, მაგრამ პირველივე კლასიდან რთულია. პროფესიონალები თანდათან ყველაფერს გაითვალისწინებენ და სულ უფრო უკეთესი მდგომარეობა გვექნება. წინააღმდგეგი ვარ ბავშვს სკოლაში მოსვლამდე ასწავლო წერა-კითხვა, მაგრამ ოჯახში გარკვეული, ასაკის შესაბამისი პროგრამით რომ ისწავლოს, რომელიც ინტერნეტითაც ხელმისაწვდომია, ეს უკვე ჩვენც დაგვეხმარება და მშობლებსაც.“

აჭყვას საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო გათენაძე:

„პირველკლასელები სხვადასხვანაირად გამოხატავენ ემოციას. ზოგი თითქოს შეშინებული თვალებით გიყურებს, ან კარებისკენ აქვთ მზერა მიპყრობილი, რადგან მშობლებთან დაშორებას ვერ ეგუებიან. მშობლებს ვურჩევ, სანამ შვილებს სკოლის მერხზე დასვამენ, მანამდე მოიყვანონ სკოლაში, გააცნონ მასწავლებელი, საკლასო ოთახი, და შესაბამისად, ნაცნობი გარემო შეუქმნან. როგორც წესი, მასწავლებლები სახალისო თამაშებით, ვარჯიშით, შეჯიბრებებით ეხმარებიან პირველკლასელებს სკოლის პირველი დღეების დაძლევაში.“

ლეღვას N1 საჯარო სკოლა, დირექტორი მანონი მამულაიშვილი:

„რადგან პირველკლასელები ბოლო წლებია ბაღიდან მოდიან, სკოლასთან შეგუება აღარ უჭირთ. ადრე რომ ტიროდნენ ბავშვები და მშობლები საკლასო ოთახებს ვერ ტოვებდნენ, ახლა ასე აღარ ხდება. მაგრამ თუ მაინც ხდება მსგავსი რამ, ის ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით მიჯაჭვულნი არიან მშობლებთან, უფრო ნერვიულობენ, თუ იციან, რომ დედა, ან მამა სკოლის ეზოშია, სწორედ ამიტომ მათ ვეუბნებით, რომ ბავშვები დამოუკიდებლობას მიაჩვიონ, დატოვონ სკოლაში და ასე გაუადვილონ შვილებს უცხო გარემოსთან შეგუება. ამ დროს მასწავლებლები ერთვებიან  აქტიურად, ბავშვებს სკოლის ეზოში ათამაშებენ, ბიბლიოთეკას ათვალიერებინებენ,  უცხო გარემოს აჩვევენ, - სხვადასხვა სახალისო აქტივობას ახორციელებენ.“

აჭარისაღმართის საჯარო სკოლა, დირექტორი ზურაბ ნაგერვაძე:

„განსაკუთრებით იმათ უჭირთ, ვისაც სკოლამდელი დაწესებულებაში - ბაღში არ უვლია. მაინც უცხო გარემოა მათთვის. მშობლებს ვურჩევდი, რომ წინასწარ ესაუბრონ შვილებს სკოლის შესახებ. თავიანთი მაგალითები გაუზიარონ - როგორ სწავლობდნენ და ა.შ.“

ქვედა სამების საჯარო სკოლა, დირექტორი ეთერ ნაკაიძე:

„წინა წლებში უფრო უჭირდათ. ახლა ასე აღარ არის, ადვილად ეგუებიან. ვერ ვიტყვი, რომ ეს ბაღის ბრალია. ზოგი ბაღში არ დადის, მაგრამ მაინც ადვილად ეჩვევიან სკოლას. მშობლებს ვურჩევ, რომ ბავშვები თავიდანვე მიაჩვიონ დამოუკიდებლობას, ესაუბრონ სკოლის შესახებ, აუხსნან იქ არსებული სიტუაცია და რაც მთავარია, დააინტერესონ.“

ჯიხანჯურის საჯარო სკოლა, დირექტორი მიხეილ ხალვაში:

„პირველი სამი კვირა მართლა უჭირთ ბავშვებს სკოლასთან, ახალ გარემოსთან შეგუება. განსაკუთრებით მათ, ვისაც ბაღი არ გაუვლია. შემდეგ უკვე ეჩვევიან. მშობლებმა დამოუკიდებლობას უნდა მიაჩვიონ შვილები, განსაკუთრებით ოთხი წლიდან უნდა ესაუბრონ სკოლის შესახებ. ბაღს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, აუცილებელია ყველა ბავშვმა იაროს ბაღში. შესაბამისად, ყველა სოფელში, სადაც ამის დეფიციტი არსებობს, ეს უნდა აღმოიფხვრას.“

კვირიკეს N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ხალვაში:

„ბაღიდან მოსული პირველკლასელები უცხო გარემოს, მასწავლებლებსა და სკოლის პირობებს შეგუებულნი არიან. ამიტომ აუცილებელია პატარების ბაღში სიარული. ჩვენ არც გვქონია ისეთი შემთხვევა, რომ პირველკლასელს პრობლემა შექმნოდეს. თუ მაინც მსგავს შემთხვევაზე ვისაუბრებთ, მშობლებს ვურჩევდი რომ შვილებს დამოუკიდებლობა მიაჩვიონ, არ ჰყავდეთ „მიწებებული.“

ყოროლისთავის საჯარო სკოლა, დირექტორი სოსო ბაკურიძე:

„ფაქტობრივად, მსგავსი შემთხვევები მას შემდეგ აღარ არსებობს, რაც ბაღში დადიან ბავშვები. ადრე, როცა ბაღში არ დადიოდნენ, სკოლას ვერ ეგუებოდნენ და დედასთან ყოფნა სურდათ. თუმცა, თუ მაინც იქნება ისეთი სიტუაცია, რომ ბაღის მიუხედავად ბავშვი სკოლას დასაწყისში ვერ მიეჩვევა, ყველას, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც ვურჩევ, რომ ბავშვებთან ისეთი ურთიერთობა დაიჭირონ, როგორც უფროსებთან.  ანუ სერიოზული, მეგობრული და ამით ნდობას და დამოუკიდებლობას მოიპოვებენ.“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203