„ბევრი რამ ვისწავლე“-ანის საჯარო სკოლის მოსწავლე მანავის საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდს აღწერს
03-09-2018
ანის საჯარო სკოლის მოსწავლე მზია კაპანაძე მანავის საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდს აღწერს:

„ჩემთვის ბანაკი არის თვითგანვითარების, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება. აღმოვაჩინე, რომ ბანაკი მოწესრიგებული, კარგად ორგანიზებული დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეების უფლებებსა და მოვალეობებს დიდი ყურადღება ექცევა.      

4 ივლისი  იყო ის დღე, როდესაც უამრავ ბავშვს კახეთში, კერძოდ კი მანავში გვაცილებდა პოლიცია და ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავდა. გრძელი და დამღლელი გზის შემდეგ მანავში ჩავედით. მანავზე და ზოგადად ბანაკზე რასაკვირველია მქონდა ჩემი წარმოდგენები. იქ ჩასულს დამხვდა ულამაზესი ბუნება, თვალუწვდენელი მთები... პირველ დღეს გავიცანი ჩემი თანაგუნდელები და ჩვენი ლიდერი. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე თუ რით ვიყავით გატაცებული, რა იყო ჩვენი ჰობი. ამ წუთიდან დაიწყო ჩვენი ცხოვრება ბანაკში, სადაც მე პირადად ბევრი რამ ვისწავლე.

გაკვეთილი პირველი:       

გავეცანით სხვადასხვა ქვეყანას, მათ წეს-ჩვეულებებს, ჩაცმულობას, ტრადიციებსა და სხვა საინტერესო ინფორმაციას. ამ ლექციამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით კი იაპონია მომეწონა. მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ახლა უფრო ბევრი რამ ვიცი და დავრწმუნდი, რომ იაპონელები მართლაც შესანიშნავი ხალხია. მათში მომეწონა ის, რომ ძველ ტრადიციებს არ კარგავენ იმის მიუხედავად, რომ ძალიან პროგრესული ქვეყანაა.

გაკვეთილი მეორე:      

უცხო ქვეყნების გარდა, ასევე გავეცანი საქართველოს კუთხეებს, მათ ადრინდელ კულტურას, ჩაცმის სტილსა და ტრადიციებს. ამ დღეს ყველაზე მეტად ველოდი, რადგან უნდა გამეცნო ჩვენი  ხალხი, ჩვენი საქართველო, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა, მუხლჩაუხრელად ებრძოდა მტერს. მართალია დავკარგეთ აფხაზეთი, სოხუმი, საინგილო, მაგრამ ჩვენი ენა, ტრადიცია არ დაკარგულა. ძველი ტრადიციები ძირითადად ქართულ სამზარეულოში ვლინდება ხოლმე.

გაკვეთილი მესამე:     

ვისწავლე თუ როგორ უნდა დავიცვა თავი სხვადასხვა ექსტრემალურ პირობებში. ტრენინგი სამხედრო ოფიცრებმა  ჩაგვიტარეს. ძალიან საინტერესო იყო. გვქონდა ასევე კონცერტი კოცონთან, სადაც ვიმღერეთ, ვიცეკვეთ და ლექსები წავიკითხეთ. მთელი ამ ხნის განმრავლობაში ყველაზე საინტერესო ჩემს გუნდელებთან ერთად ღონისძიებისათვის მზადება იყო-ძირითადი ცოდნა, რაც მე შევიძინე ამ დროის მანძილზე. ერთმანეთს ვუზიარებდით ამა თუ იმ თემაზე ჩვენს გამოცდილებას. მათთან ერთად ბევრი რამ ვისწავლე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, მათი დამსახურებაა, რომ ზაფხულის ეს დღეები ასე საინტერესოდ გავატარე”.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203