„ეტალონელი“ 100%-იანი გრანტის მფლობელია - ქსოვრისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის წარმატებაზე
ქსოვრისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და „2015-2016 სასწავლო წლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ ნატო გაბარაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა.
Etaloni.ge მოხარულია ნატოს წარმატებით და მის გამოცდილებას უზიარებს ერთგულ მკითხველს:
- აბიტურიენტობის პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული და სტრესული იყო, ძალიან კარგად მახსენდება. ალბათ, იმიტომ, რომ შედეგით ვარ კმაყოფილი და ეს ემოცია ფარავს იმ სირთულეებს, რაც ამ წელს ახლდა თან.
- თქვენი წარმატების ფორმულა რომ გაგვიმხილოთ...- მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე და დასახული მიზნის მისაღწევად ვიღწვი. „ეტალონი“ მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც აზრობრივი გარდატეხა ხდებოდა ჩემში, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობამ თავდაჯერებულობა შემმატა და დროის ეფექტური გამოყენება მასწავლა, რაც აბიტურიენტობის გადატვირთულ გრაფიკსა და სტრესულ საგამოცდო გარემოში ძალიან გამომადგა. სიმართლე გითხრათ, ცოტა ვღელავდი, რადგან რეპეტიტორებთან არ ვემზადებოდი, მაგრამ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნის საფუძველზე და თავდაუზოგავი შრომით ამ შედეგზე გასვლა შევძელი.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?- ვაპირებ, უნივერსიტეტში მაქსიმალურად დავიხარჯო, ახალი შემართებითა და მონდომებით შევუდგე თვითგანვითარებისა და წარმატების გზას, დიპლომატობა მინდა და ყველაფერს გავაკეთებ მიზნის მისაღწევად.