Etaloni.ge-ს მუდმივად საგანმანათლებლო ცხოვრების პულსზე უდევს ხელი და მის ირგვლივ არსებულ ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას განიხილავს. სიახლეებს ყველაზე კომპეტენტური ადამიანებისგან, სკოლის დირექტორებისგან ეცნობა და მათი თვალით დანახულ სასკოლო ცხოვრებასა და კონკრეტულ ხედვებს გთავაზობთ.
უნდა სწავლობდნენ თუ არა დაწყებითი და მაღალი კლასების მოსწავლეები ერთმანეთისაგან იზოლირებულად - სკოლის წარმატებული მენეჯერები საკუთარ ხედვებს გვიზიარებენ:
ჭუბერის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო სუბარი:
„გადაჭრით პასუხის თქმა, ვფიქრობ, არასწორია. ერთი მხრივ, მაღალკლასელები მისაბაძები არიან დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის და მათი ერთად სწავლა ინტეგრაციასა და დაახლოვებას უწყობს ხელს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გარკვეულ შემთხვევებში, პატარები იჩაგრებიან, მაგალითად, სპორტულ დარბაზში, სადაც მათი თამაშის ჯერი უფროსების გართობის შემდეგ დგება. სკოლაში მაქსიმალურად ვცდილობთ ამ და სხვა მსგავსი პროცესების დარეგულირებას.“
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუახევის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ბუღულაშვილი:
„დაწყებითი კლასის ბავშვებისა და უფროსკლასელების ერთმანეთისაგან იზოლირება, ვფქირობ, არასწორი იქნებოდა. თითქოს, იგივე დაყოფაა, როგორც ქალთა და ვაჟთა სკოლებისა. ჯანსაღი სასკოლო გარემოს შესაქმნელად მოსწავლეების ინტეგრაცია და ერთმანეთისაგან კარგი მაგალითის აღებაა აუცილებელი.“
ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ გოგოხია:
„მოსწავლეთა ერთმანეთისაგან იზოლირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. დაწყებითი კლასის ბავშვები და უფროსკლასელები სასკოლო გარემოში ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უპრობლემოდ უნდა ახერხებდნენ.“
ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯოხაძე:
„ჩვენს სკოლას ორი შენობა აქვს, დაწყებითი და მაღალი კლასების მოსწავლეები ერთმანეთისგანა იზოლირებულად სწავლობენ და მასწავლებლებიც ასაკისა და საჭიროებების მიხედვით მათთვის საუკეთესო გარემოს ვქმნით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი მოსწავლეთა ინტეგრაციას არ უშლის ხელს, პირიქით, საერთო სივრცეში შეხმატკბილებულად თამაშობენ და ერთამნეთზე ზრუნვითაც გამოირჩევიან.“
გუდრუხის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ მარაული:
„დაწყებითი თუ მაღალკლასების მოსწავლეები ადაპტირებული და ჯანსაღი სასკოლო გარემოს შესაქმნელად, ვფიქრობ, ერთად უნდა სწავლობდნენ. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ამ კუთხით პრობლემებს არ წავწყდომივართ, თუმცა მსგავსი გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილს იძლევა.“
დღნორისის საჯარო სკოლის დირექტორი გაიოზ ლომთაძე:
„უფროსკლასელები თავიანთი ქცევითა და სწავლით სამაგალითოები უნდა იყვნენ პატარებისთვის, დაწყებითი კლასის მოსწავლეები კი სილაღითა და სიბეჯითით გამოირჩეოდნენ. სასკოლო ოჯახის წევრები უნდა ზრუნავდნენ ერთამანეთზე და ჯანსაღ გარემოს ქმნიდნენ.“
ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბოლქვაძე:
„ჩვენთან სამივე საფეხურის მოსწავლეები ერთად სწავლობენ და არანაირი დისკომფორტი ან პრობლემა არ გვქონია ამ კუთხით. პირიქით, უფროსკლასელები მუდმივად ზრუნავენ და ყურადღებას აქცევენ პატარებს, დაწყებითი კლასის ბავშვები კი კარგ მაგალითს იღებენ მათგან.“
ცაიშის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა დაგარგულია:
„მოსწავლეთა ერთმანეთისგანა იზოლირება არასწორად მიმაჩნია, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ მათ ინტეგრირებასა და ჯანსაღ თანაცხოვრებას. უფროსკლასელები პატარებზე ზრუნვას სწავლობენ, დაწყებითი კლასის ბავშვები კი ქცევით მაგალითს იღებენ მათგან.“
ქვიტირის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ნიქაბაძე:
„მივესალმებოდი დაწყებითი კლასის ბავშვებისა და უფროსკლასელების იზოლირებულად სწავლებას. მათ განსხვავებული მიდგომები სჭირდებათ, ასე უკეთ შევძლებდით მოსწავლეთა ღირებულებებისა და საჭიროებების დაცვა-განმტკიცებას და ბულინგის საფრთხეების აცილებას.“
ნახახულევის საჯარო სკოლის დირექტორი ბონდო ტვილდიანი:
„ვფიქრობ, სკოლის კონტიგენტს გააჩნია. თუ სკოლა დიდია, დაწყებითი კლასის ბავშვებისა და მაღალკლასელების ერთმანეთისგანა განცაკლევება უსაფრთხოების მიზნით დასაშვებია, თუმცა არაა სრული იზოლირება. მათ საერთო საქმის კეთებისა და ინტეგრაციის საშუალება უნდა მივცეთ.“
კვახჭირის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ჩხიკვაძე:
„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ მოსწავლეთა ერთმანეთისაგან იზოლირება კომუნიკაციის მხრივ ძალიან ცუდ შედეგებზე გაგვიყვანს. არ ვიცი დიდ სკოლებში როგორაა, მაგრამ ჩვენთან უფროსკლასელები მზრუნველობითა და მეგობრულად ეკიდებიან პატარებს, ბავშვები კი სწორ მაგალითს იღებენ მათგან.“