ნინი, ნია და ვიოლეტა - ბიძაშვილები ერთი სოფლიდან, სკოლიდან, კლასიდან 100%-იანი გრანტით
12-09-2018
ნინი, ნია და ვიოლეტა შაქარიშვილები ერთდროულად თანასოფლელები, მეზობლები, სკოლელები, კლასელები და ბიძაშვილები არიან. გოგონებმა წელს ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა დაამთავრეს. ისინი უკვე სტუდენტები არიან და სამივე მათგანმა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანასება მოიპოვა. 

ნინი კავკასიის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. მომავალი არქიტექტორი ბავშვობიდანვე კარგად ხატავს და მისი ეს არჩევანიც ამან განაპირობა. 

„თავიდან აქ ჩაბარებას არ ვაპირებდი. ჯერ სამედიცინო მინდოდა, მერე ბიზნესის ადმინისტრირება და ბოლოს არქიტექტურა გადავწყვიტე, რადგან მივხვდი, რომ აქ ყველაზე კომფორტულაად ვიგრძნობდი თავს“. 

თავისუფალი დრო თითქმის არასდროს ჰქონია. მისი თქმით, სულ სწავლობდა, კითხულობდა და ბავშვობა ამაში გაილია. აბიტურიენტობამ კიდევ თავისი ქნა, თუმცა შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა. 

„მე-12 კლასში ვემზადებოდი. ერთიანი ეროვნული გამოცდები არც ისე მარტივია, ამიტომ მთელი ყურადღება სწავლას დავუთმე. აბიტურიენტებსაც ამას ვურჩევ, თუ სურთ მაქსიმალური შედეგის მიღწევა, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იმეცადინონ. დაფინანსების მოპოვებას კი ბევრი მონდომება და შრომა სჭირდება“. 

ნინი სწავლის გაგრძელებას გერმანიაში აპირებს. 

ვიოლეტა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალს ისწავლის. 

„იურისტობა ბავშვობიდანვე მინდოდა. გარდა ამისა, ეს არჩევანი სხვადასხვა მიზეზმაც განაპირობა. არის რაღაცები, რისი გამოსწორებაც მინდა ამ სფეროში“.  

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგად სწავლობდა გრანტის მისაღებად მომზადება მაინც დასჭირდა. 

„აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე იმუშაოს და მაქსიმალური ყურადღება სწავლას დაუთმოს. მე პირადად გართობისთვის დრო არ მქონია“. 


გოგონას სამართლის გარდა კიდევ ერთი გატაცება - ფეხბურთი აქვს. ის წლების მანძილზე საქართველოს გოგონათა ნაკრებშიც თამაშობდა. 

ვიოლეტას, ნინის მსგავსად, სწავლის გერმანიაში გაგრძელება სურს. 

ნია თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ის საერთაშორისო ურთიერთობებზე ისწავლის და სამომავლოდ დიპლომატიურ სამსახურში მუშაობაზე ოცნებობს. 

„პირველ ეტაპზე მინდა ჩინეთში წავიდე ელჩად, რადგან ძალიან მომწონს ჩინური კულტურა. დიდი ხანია მაინტერესებს ეს ქვეყანა. ზოგადად, აღმოსავლეთი მაინტერესებს“. 


ნიაც, ვიოლეტასთან ერთად, ფეხბურთით არის გატაცებული. გოგონები ნაკრებშიც ერთად თამაშობდნენ და 2012 წელს, აშშ-ში დისნეის მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203