შემოდგომის პერიოდში ვირუსული ფონი გაძლიერებულია. პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა სიმპტომურ გამოვლინებას (დიარეა, ფაღარათი, სისუსტე, გრიპის ნიშნები) უჩივიან, სულ უფრო იმატებს. მათ შორის, არასრულწლოვანებიც შედიან. როგორც
Etaloni.ge-სთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
პაატა იმნაძე აცხადებს, მიმდინარე პროცესი სეზონისთვის დამახასიათებელი და ბუნებრივია. ასევე, მისი განმარტებით, მოსახლეობის ნაწილი ყველა სახის ვირუსს ენტეროვირუსს უწოდებს, რაც შეცდომაა:
„მოსახლეობის ნაწილი ვირუსებს შეცდომით ენტეროვირუსებს უწოდებს. ენტეროვირუსები ნერვული სისტემის დაავადებებს იწვევენ. ვირუსს, რომელიც ფაღარათს იწვევს, ენტეროვირუსი არ ჰქვია. უამრავი სახის ვირუსს შეუძლია მსგავსი სიმპტომების გამოწვევა (დიარეა, ფაღარათი, სისუსტე, გრიპის ნიშნები) და მათი ხანგრძლივობა ერთიდან რამდენიმე დღემდე მერყეობს. ნებისმიერი ვირუსი ყურადღებას საჭიროებს. მათი თავიდან არიდებისთვის აუცილებელია მარტივი ჰიგიენური პროცედურის დაცვა-ხელების დაბანა. ნებისმიერი დაავადება, რაც ბავშვს შეიძლება დაემართოს, სახიფათოა და ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია“-აღნიშნავს პაატა იმნაძე.