თბილისის N41 საჯარო სკოლაში პირველი ზარი Izrune.ge-სთან ერთად დაირეკა
17-09-2018
ფერადი ყვავილები, მომღიმარი სახეები, აქა-იქ ცრემლიც, დაბნეული და მორცხვი პირველკლასელები, მშობლებით და ახლობლებით სავსე სკოლის ეზო - დღეს ახალი 2018-19 სასწავლო წელი დაიწყო. 

ახალი სასწავლო წელი დაიწყო მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლაშიც, რომელიც ამ წელს სიახლეებით და დიდი იმედებით ხვდება. 

მოსწავლეები სკოლის ეზოში დილის რვა საათიდან იკრიბებოდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას პირველკლასელები იქცევდნენ, რომლებიც დღეს პირველად მიუსხდნენ მერხებს. ფერად-ფერადი თაიგულებით დახუნძლულ მოსწავლეებსა და მშობლებს ჯერ სკოლის დირექტორი მიესალმა, შემდეგ კი მასწავლებლები მათ თავიანთი საკლასო ოთახებისკენ გაუძღვნენ. 



პირველკლასელები წელს ოთხ კლასში გადანაწილდნენ, მათგან სამი კლასი პირველ ცვლაში ისწავლის, ერთი კი - მეორეში. სკოლის დირექტორის, რევაზ ჯავახიშვილის თქმით, სკოლამ წელს 74 პირველკლასელი მიიღო. 

„წელს ცოტათი უცნაური წელი გვაქვს. პირველ კლასში ოთხივე კლასი შეივსო და 8 ოქროს მედალოსანი მე-12 კლასელი მოსწავლე გვყავს. ეს წარმოუდგენლად კარგია ჩვენისთანა პატარა სკოლისთვის. ჩვენ ვართ ამაყები და ბედნიერები, რომ ჩვენმა ყველა მოსწავლემ ჩააბარა საატესტატო გამოცდები, ხოლო მათმა 78%-მა კი დაფინანსება მოიპოვა. 

ჩვენი სიახლეები ძირითადად გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან და წელს კიდევ ერთი რამ დაემატა ამას - წელს ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ „ეტალონთან“. ჩვენი სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი ჩაერთვება izrune.ge-ს პროექტში, რომელშიც მეც, არა როგორც სკოლის დირექტორი, არამედ როგორც მშობელიც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. 

ვულოცავ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას და პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას. ყველას ვეუბნები - რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა გიჭირდეს ან გატკინონ გული - ყოველთვის შეეცადეთ დარჩეთ ღირსეულები“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა რევაზ ჯავახიშვილმა. 

დირექტორმა მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის დაწყების მერეც მოინახულა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. 

პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ ჯენი სულთანიშვილმაც. 



ბოლოს კი საკლასო ოთახებში ანიმაციური ფილმების პერსონაჟები გამოჩნდნენ, რომლებმაც პატარები გაამხიარულეს და გაკვეთილიც სახალისოდ დაიწყო. 



პირველკლასელებისთვის პირველი ზარი უკვე დაირეკა. ახალი სასწავლი წელი მათ და სკოლის ყველა მოსწავლეს ბევრ სიახლეს და სიურპრიზს ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203