ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სვანეთს ექსკურსიით ესტუმრნენ
17-09-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სამშენებლო კომპანიამ AWARD-მა (დირექტორი ნიკოლოზ ჭკადუა) ოცნება აუხდინა და სვანეთში ექსკურსია მოუწყო. აღნიშნული პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელია კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი.
ექსკურსიის მიზანი და მსვლელობა მთლიანად ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს შეესაბამებოდა.
ექსკურსანტები სოფელ ლახამულას ესტუმრნენ, სადაც ხიდის წმ. გიორგის ეკლესია მოილოცეს (გზად პრომეთეს მღვიმეც მოინახულეს).
მოსწავლეები სოფლის ახალგაზრდებს შეხვდნენ და ფეხბურთში მეგობრული მატჩი გამართეს. მათ აგრეთვე ლახამულის სკოლის დირექტორის, ნაზი საბანიძის ოჯახში ქართული პოეზიის საღამო ექსპრომტად მოაწყვეს.
შემდეგ, მესტიაში სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მუზეუმის სახურავიდან პირდაპირი ჩართვაც ჰქონდათ. ასევე, ზურულდის მთაზე საბაგიროთი ავიდნენ და მესტიას გადმოხედეს.
მესტიელმა ბავშვებმა მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსის ელენე განაიას ხელმძღვანელობით სომეხ მოსწავლეებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. ახალგაზრდულ კლუბ „ბეთქილში“ მასპინძლები სომეხი ბავშვების წაკითხულ ლექსებს და სიმღერებს აღტაცებულები უსმენდნენ. საღამო ალაფურშეტით და დისკოთეკით დასრულდა.
მეორე დილით ლატალში მაცხოვრის ეკლესიის ეზოში ახალგაზრდა ლოტბარმა გოდერძი აფციაურმა მათ ლატალელი გოგონების მიერ შესრულებული უძველესი სვანური საგალობლები მოასმენინა.
შემდეგ, ექსკურსანტები ზუგდიდის გიმნაზიას ესტუმრნენ და ერთობლივი სამომავლო გეგმები დასახეს.
ექსკურსიაში მონაწილეობდა: საზაფხულო სკოლის 15 მოსწავლე, სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი, ისტორიის მასწავლებელი ლევონ გარიბიანი, ქართული ენის მასწავლებელი ნარინე ასატრიანი, მშობლიური ენის მასწავლებელი მანუკ მანუკიანი და ხელოვნების მასწავლებელი ანუშ ასატრიანი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაში მონაწილეობდა გიორგი კილაძე, რომელიც მოსწავლეებს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტების შესახებ ერთგვარ მინი ლექციებს უტარებდა, რაც არაქართველი ბავშვებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
აქვე გადაწყდა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა 300 სიტყვიან ქართულ-სომხურ ლექსიკონს გააკეთებს, რომლის შექმნაში მონაწილეობას მოსწავლეები მიიღებენ. პირველი 20 სიტყვა უკვე მიწოდებულია!
სკოლის დირექციის ცნობით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.