ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 2018-19 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა
19-09-2018
ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.
მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცეს საჯარო სკოლის დირექტორმა აკაკი ადეიშვილმა, სკოლის პედაგოგებმა და ადგილობრივი თვითმართველობისა და რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა.
საზეიმო ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ პირველი კლასის მოსწავლეები.
საზეიმო ვითარებაში, საქართველოს ჰიმნის შესრულების ფონზე აღიმართა ეროვნული დროშა, რომელიც ტრადიციისამებრ აღმართეს სკოლის დირექტორმა და პირველი კლასის მოსწავლემ.
სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული შეხვდა, როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ისე სასკოლო სახელმძღვანელოებით.
წელს სკოლამ ოთხი პირველკლასელი მიიღო, რომლებიც უხუცესმა პედაგოგმა ჟუჟუნა მექოშვილმა ჩაიბარა.
„გასული სასწავლო წელი ნაყოფიერი იყო ჩვენი სკოლისთვის. პედაგოგმა ასმათ ხაზალაშვილმა აიმაღლა სტატუსი და გახდა უფროსი მასწავლებელი. ამავე დროს, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის პედაგოგები და იმედი გვაქვს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ წელს გისურვებთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.