გალავნის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის კლუბი „მართვე“ აქტიურად მუშაობს
21-09-2018
გალავნის საჯარო სკოლაში მეორე წელია გარემოს დაცვის კლუბი „მართვე“ მუშაობს.
კლუბის მიზანია თემში გარემოს დაცვაზე ცნობიერების ამაღლება.
გასული წელი კლუბმა წარმატებით დაამთავრა, შევიდა საქართველოს მასშტაბით კლუბების მოწინავე ასეულში.
მიუხედავად ცხელი ზაფხულისა კლუბი არდადაგებზეც აქტიურად მუშაობდა.
კლუბი აქტიურად ჩაერთო „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“ კონკურსში, კლუბის წევრებმა მოაწყვეს დასუფთავების აქციები სკოლის და თემის ტერიტორიაზე, თანამშრომლობდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შექმნეს და სოფლებში დაარიგეს ბუკლეტები, სადაც აღწერილი იყო ის საშიშროებები, რაც ბუნების დაბინძურებით არის გამოწვეული, ჰქონდათ შეხვედრები დაბა აბასთუმნის და ბიწმენდის სკოლებთან, აჩვენეს მათივე შექმნილი კლიპი „ბუნება საფრთხეშია“, გამართეს დისკუსია, ისაუბრეს ანტროპოგენურ ფაქტორებზე, მის მიერ გამოწვეული საფრთხის პრევენციის გზებზე. საქართველოს ეკოსისტემების გაცნობის მიზნით მოაწყვეს ექსკურსიები: ბორჯომის ხეობაში, მარტვილში, მოინახულეს მარტვილისა და ოკაცეს კანიონი, აბასთუმნის ობსერვატორია და გაეცნენ ადგილობრივ ეკოსისტემებს.
გარდა ამისა, კლუბის წევრები პარალელურად აწყობდნენ დასუფთავების აქციებს, აწესრიგებდნენ საკუთარ და ვიზიტორების მიერ დაყრილ ნარჩენებს.
„ჩვენ გვინდა საკუთარი მაგალითით დავანახოთ ყველას, რომ ბუნება ჩვენი სახლია და ჩვენც ისევე უნდა ვიზრუნოთ მასზე როგორც ის ზრუნავს ჩვენზე. ამ მიზნით დაამზადეს და თემის „საშიშ“ ადგილებზე გააკრეს ნარჩენების მართვასთან გაკავშირებული ამკრძალავი ნიშნები. ატარებენ საუბრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამჟამად პარალელურად მუშაობენ პროექტზე „აღმოაჩინე საქართველო შენს მხარეში“, რომლის ფარგლებშიც ეცნობიან ადგილობრივი ისტორიული ძეგლების ისტორიას, აკეთებენ ჩანაწერებს, აგროვებენ ფოტო და ვიდეომასალას ვიზიტორებისათვის ახალი ტურისტული მარშრუტების შესაქმნელად, რაც დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა ციცინო რომელაშვილმა.
იხილეთ ფოტოები