თბილისის N32 საჯარო სკოლის 8 წარჩინებული მოსწავლე ლეპტოპებით დაჯილდოვდა
27-09-2018
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ახორციელებს. 

პროგრამის ფარგლებში, თბილისის N32 საჯარო სკოლაში ის მოსწავლეები დააჯილდოვეს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. 

სკოლამ გლდანი-ნაძალადევის რაიონის საბაზო საფეხურის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლა. 

ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა, რომელიც ამ დღისთვის სპეციალურად მოირთო. 

ღონისძიებას გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ლოდია და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილი ესწრებოდნენ. 

გიორგი შალუტაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა: 

„მე, როგორც თქვენს უფროს მეგობარს, მინდა გირჩიოთ, რომ ცოდნა არის ის უტყუარი და უერთგულესი ლამპარი, რომელიც ნებისმიერ დროს გაგინათებთ გზას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მიღწეულ წარმატებას და გისურვებთ ეს ლეპტოპები წლების მერე სხვადასხვა სინჯის მედლებით შეგეცვალოთ“. 

სტუმრებმა სკოლის დირექტორ, ნინო კაშიასთან ერთად დააჯილდოვეს მოსწავლეები. 

წელს გლდანი-ნაძალდევის რაიონის საჯარო სკოლების 153 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა, მათ შორის 8 მოსწავლე თბილისის N32 საჯარო სკოლიდან იყო.

ბექა მათიაშვილი, მოსწავლე: 

„ 10 წელი გავიდა, რაც ამ სკოლაში ვსწავლობ. სიმართლე გითხრათ ველოდი ამ საჩუქარს, ამით სამინისტრომ დაგვიფასა ჩვენი შრომა და ამისთვის დიდი მადლობა მას. ეს ჩვენთვის ერთგვარი მოტივაცია იქნება, რომ მომავალში უფრო უკეთ ვისწავლოთ. დიდი მადლობას ვუხდი ასევე ჩემს სკოლას, დირექტორს და მასწავლებლებს“. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორმა, ნინო კაშიამაც ისაუბრა: 

„დღეს თბილისის N32 საჯარო სკოლას წილად ხვდა პატივი, გამასპინძლებოდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის 153 მეორე საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ეს დღე დაუვიწყარი და კიდევ ბევრი წარმატების საწინდარი  ყოფილიყო თითოეული მოსწავლისთვის.   

ვფიქრობ, რომ გუნდთან ერთად, რომელიც ამ სკოლაში მუშაობს, ჩვენ ეს შევძელით. შეფასება კი მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის მომინდვია. 

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ დღესაა 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. მე მჯერა, რომ ასეთ წარმატებულ მოსწავლეებზე დგას ერის მომავალი და ისინი შეძლებენ ეს ტკივილი და იარა განკურნონ.  

კიდევ ერთხელ, ვულოცავ ჩვენი სკოლის იმ 8 წარმატებულ მოსწავლეს და ასევე მთელი საქართველოს მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებას და მომავალში წინსვლას ვუსურვებ“. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203