ხალას საჯარო სკოლაში მასშტაბური პროექტი „აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140-ე წელი“ გაიმართა
28-09-2018
სეიდ გვარიშვილის სახელობის ხალას საჯარო სკოლაში პროექტი „აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140-ე წელი“ ჩატარდა. 

პროექტის მიზანი საქართველოს ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობისა და იმ დიდი ადამიანების ღვაწლის გააზრება იყო, რომლებმაც აჭარა საქართველოს დაუბრუნა. 

პროექტი მოამზადა და განახორციელა ხალას საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, გუგული ჟორდანიამ. 

პროექტში, რომელიც 3 თვის მანძილზე (2018 წლის მარტი, აპრილი, მაისი) მიმდინარეობდა, მთელი სასკოლო საზოგადოება იყო ჩართული. 

პროექტის „აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140-ე წელი“ ფარგლებში: 

მოეწყო საგანმანათლებლო კუთხე ბიბლიოთეკაში „აჭარა_140“; საინფორმაციო გამოფენები სკოლის დერეფნებში; მოსწავლეებმა მოამზადეს და გამოსცეს ხელნაწერი ბუკლეტები და გაზეთები თემატიკით: 1875-76 წლების მღელვარება აჭარაში, ხიხანი, სელიმის მიმართვა მტერს, მ.აბაშიძის მიმართვა მტერს, ს.ხიმშიაშვილი, მუჰაჯირობა, ბათუმი ევროპის საზღვაო რუკებზე, გზა ჩოლოქიდან ბათუმამდე, გ.კაიკაციშვილი, ქობულეთი ომის წინ, სან-სტეფანო, ბერლინის კონგრესი; ჩატარდა კლასის საათები თემაზე  „აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნება“, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ და კონფერენცია „აჭარა თურქ-ოსმალთა უღელქვეშ“. 

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა (ნინო კონცელიძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ნინო ჯიჯავაძე, სოფიკო გოგიტიძე) წარმოადგინეს ნაშრომები თემებზე: „საქართველოსთან აჭარის და სხვა სამხრეთ-დასავლეთ ტერიტოერიების შეერთება და კონსოლიდაცია“, „მუჰჯირობის პროპაგანდა“, „ქართველთა ზეიმი და აღტაცება (შეხვედრა მუხრაბ ბატონის სასახლეში)“, „80-იანი წლების ბათუმი“, „ს. ხიმშიაშვილი“, „გ.კაიკაციშვილი“, „ხ.თხილაიშვილი“.

მოეწყო ნახატების გამოფენა „ჩვენი აჭარა“ და ექსკურსია „ჩოლოქიდან ბათუმამდე“ - მოსწავლეებმა გაიარეს ის გზა ჩოლოქიდან ბათუმამდე, რომელიც რუს-ქართველთა ჯარმა 1878 წელს გაიარა.

V-XII კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელმა, გუგული ჟორდანიამ და სკოლის დირექტორმა, ლეილა ლორთქიფანიძემ 24 მაისს ის ადგილები მოინახულეს, სადაც მნიშვნელოვანი ბრძოლები მიმდინარეობდა, მათ ხუცუბნის ძმათა სასაფლაოზე ამ ბრძოლებში დაღუპულ გმირებს მიაგეს პატივი. 

ასევე, მოინახულეს ქობულეთის მუზეუმი, პეტრას ციხე, ბათუმის ციხე, ბათუმის ეთნოგრაფიული მუზეუმი, „ბორჯღალო“ და ბათუმის თავისუფლების მოედანი.

„ფასდაუდებელი მუშაობა გასწია მასწავლებელმა გუგული ჟორდანიამ, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში უახლოეს წარსულსა და დღევანდელობის ურთიერთკავშირის დანახვას და ეროვნული გრძნობების გაღვივებას“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ლეილა ლორთქიფანიძემ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203