ძიმითის საჯარო სკოლასთან არსებული კოხას დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულდა
03-10-2018
ძიმითის საჯარო სკოლის დაქვემდებარებული კოხას დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულდა. დაწყებითი სკოლა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ააშენა. მშენებლობის ბიუჯეტმა 750 000 ლარი შეადგინა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კეთილმოწობილი კოხას დაწყებითი სკოლის შენობა 25 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა აღჭურვილია პანდუსით, სველი წერტილებით, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ტუალეტით, გარდერობით (მოსწავლეთა ინდივიდუალური კარადები).
შენობა თბება დენის რადიატორებით. ორი საკლასო ოთახი ერთმანეთისაგან გაყოფილია ასაკეცი ტიხარით. საკლასო ოთახებში დამონტაჟებულია ორი თანამედროვე პროექტორი, საკმაოდ დიდი ეკრანებით.
სპორტულ ოთახში განთავსებულია ტრენაჟორები და სპორტული ლეიბები. სკოლაში განთავსებულია წყლის დისპენსერი ცხელი და ცივი წყლისათვის. შენობაშივეა ელექტრო ზარი. არის ასევე ბიბლიოთეკისთვის მოწყობილი უჯრედი.
სამასწავლებლოში განთავსებულია ორი თანამედროვე ტიპის საოფისე კარადა და ექვსი მაგიდა თავისი ტუმბოებით. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ალუმინის კარ-ფანჯრებით. სკოლის უკანა ეზოში მოთავსებულია 55 კვტ-იანი დენის გენერატორი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ირთვება ცენტრალური მაგისტრალის გათიშვის შემთხვევაში.
ეზოშივეა განთავსებული წყლის რეზერვუარი, რომელშიც გროვდება წყალი და ე.წ. ჭკვიანი ძრავით აღჭურვილი ტუმბოთი ხდება შენობაში მიწოდება. სკოლის ეზო შემოღობილია და მოკირწყლულია.