ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
04-10-2018
ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი: გაზიარების ხელოვნება“, სადაც ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამერიკელ მასწავლებელ Cate Stackhouse-სთან ერთად მონაწილეობდნენ.
სკოლა რამდენიმე წელია აქტიურად ჩართულია და თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნებთან „ითვინინგ“ პორტალის საშუალებით.
„ითვინინგ“ პორტალი წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ყველა სკოლას თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენებით.
ამ პროექტის ფარგლებში, ვარდისუბნის საჯარო სკოლა სხვადასხვა სასკოლო პროექტს ახორციელებს.
„ვაცნობთ საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდროებებს, ტრადიციებს, საკუთარ სკოლას და ღირშესანიშნავ დღეებს. წარმოვადგინეთ ჩვენი ურთიერთობის და დამეგობრების თბილი კადრები, მიღებული საჩუქრები, და ამ ურთიერთობების ამსახველი ვიდეო. ასევე, მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა თემაზე „ჩემი თვალით დანახული ევროპა“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ამის გარდა, ღონისძიებაზე გაიმართა მუზეუმის ხელმძღვანელის, დავით ყვავაძის ლექცია თემაზე „მატერიალური კულტურული ძეგლების დაცვა და მუზეუმის უახლესი არქეოლოგიური გათხრები“.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კოორდინატორები, სკოლის პედაგოგები: ოლეგ გრიგალაშვილი, ხათუნი ასანიძე და მადონა კაპანაძე.
ვარდისუბნის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მათ და წარმატებებს უსურვებს.