ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ჯვარის №1 საჯარო სკოლის 7 მასწავლებელს 2018-2019 სასწავლო წელს სტატუსი შეეცვალა.
პედაგოგებმა - ნაირა ქარდავამ, ნანა მეგრელიძემ, ფატიმა გერგედავამ, ირმა არქანიამ, თინათინ მიქავამ, ეკატერინე შამუგიამ და მარინე კვარაცხელიამ უფროსი მასწავლებელის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის პედაგოგები დღენიადაგ ზრუნავენ პროფესიული და საგნობრივი კომპეტენციების ამაღლებაზე.
„მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემაში, ეფექტურად იყენებენ სხვადასხვა ტრენინგებზე მიღებულ გამოცდილებას და ნერგავენ საგაკვეთილო პროცესში. ყოველივე ეს დადებითად აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე. 2010 წლიდან დღემდე სკოლაში საქმიანობდა 14 უფროსი მასწავლებელი და გვიხარია, რომ წელს მათ რიცხვს 7 უფროსი მასწავლებელი შეემატა, მათ სტატუსის ამაღლებას ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი გააგრძელებს საკუთარი პრაქტიკის ეფექტიანად წარმართვას მოსწავლეთა შედეგების ასამაღლებლად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.