დღეიდან სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ახალი ეტაპი იწყება
08-10-2018

დღეიდან, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროფესიული საგანმანათლებლო  დაწესებულებები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ არის შერჩეული. მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართულია 29 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება 33 ტერიტორიულ ერთეულზე.

მსურველთა გადამზადება 17 მოთხოვნად პროფესიაში მოხდება. სასწავლო პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. მიმდინარე წელს, უკვე მეორე ნაკადის მიღება განხორციელდება.

პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და ერთვებიან მომზადება-გადამზადების მოკლევადიან სასწავლო კურსში.

სწავლის ვაუჩერის მისაღებად, სამუშაოს მაძიებელი პირადად უნდა გამოცხადდეს 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს: 

პირადობის და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი.

პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, პრობაციონერებს, ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. სახელმწიფო მსურველებს ეხმარება, მოკლე დროში, მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მოკლევადიანი კურსებით სამუშაოს მაძიებლები: პრაქტიკოსი ექთანის, სარეკლამო აგენტის, სტილისტის, შემდუღებლის, ელექტრიკოსის, კომპიუტერული ქსელების, სისტემების ტექნიკოსის, მზარეულის, ფილადმწყობის, სავალი ნაწილის ტექნიკოსის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალიტის და ზეინკალ-სანტექნიკოსის და სხვა მოთხოვნად პროფესიებში გადამზადდებიან.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა 2-დან 4 თვემდე გაგრძელდება. სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე ერთი ვაუჩერი გაიცემა, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისათვის შეადგენს 1 500 ლარს, ხოლო სხვა პირებზე – 1 000 ლარს.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 15 05, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203