მწერალი ანა ლაშხელ ონიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა - უკანასკნელი სტატუსი „ფეისბუქიდან“
08-10-2018
„მე დავწერ წიგნს - მე დავამარცხე კიბო“ - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ქართველი მწერალი ანა ლაშხელ ონიანი ამქვეყნიურ სამყაროს. 

32 წლის მწერალს კუჭის სიმსივნე დაუდგინეს. ის თურქეთში მკურნალობდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაუტარდა. მიუხედავად ამისა, ანა უკურნებელმა სენმა მაინც იმსხვერპლა. 

„მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია. დილას 5 საათზე ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ დაძინებულს, ჩემ გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს. ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს, ქუჩებს და ზოგადად დედამიწას, სანამდეც თვალი მიმიწვდება ყველას გამარჯობას ვეუბნები. 

ადამიანებს ყველას ჩვენ ჩევენი საქმე გვაქვს, ისინი დადიან და ნაგავს ყრიან, მე ამ ნაგავს ვაგროვებ, ურნაში ვყრი და თან გულში მეღიმება, არასოდეს არ დაყრის მენაგვის შვილი ძირს ნაგავს, შვილს გეფიცებით. ხეები დგანან და ბოდიშს მიხდიან თავდახრილები, რა მათი ბრალია სიბერეში ხელიდან რომ უვარდებათ ყველაფერი, მიპატიებია, ერთადერთი ხეებისთვის მიპატიებია ეს ფოთოლცვენა... 

ქუჩაში ძაღლადაც არავინ მაგდებს, მეზობელმა რომ ჩამიაროს, არაფრით გამარჯობას არ იტყვის, ზოგს ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმელი აშინებს, ზოგს ჩემი ბინძური ცოცხი, ზოგს წვერი, ამ წვერის გამო კი ჩემმა ხუთი წლის შვილმა თოვლის ბაბუასავით მამიკო შემარქვა... ვაგროვებ ნაგავს და ვფიქრობ ლოგინში დატოვებულ შვილზე, მოხუც დედაზე და ცხრა საათზე, მოასწრეს თუ არა ბაღისთვის მომზადება. წესით მენაგვის შვილები არ უნდა იგვიანებდნენ ბაღში და სკოლაში... ვისაც არ უნდა შეხედო ყველას სიბრალულის ან ზიზღის გამოხატვა შეუძლია ჩემს მიმართ, სითბოს ვერავის შენიშნავ თვალებში, მარტო ქუჩის ძაღლები მილოკავენ ჩექმებს, ისიც სანაგვეზე გადაგდებული საკბილო თუ გავუწილადე... 

მე მეეზოვე ვარ... მეეზოვეს ქართულად მენაგვეს უძახიან და ნაგავის სუნი ასდის... მე კიდევ ხუთი წლის წინ სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია და მე ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს რომ ადამიანებს შვილის გადაგდებაც  შეუძლიათ სანაგვეზე...“
 

საზოგადოებამ ანა ლაშხელ ონიანი ამ პოსტით გაიცნო. ჩანახატმა მეეზოვეზე საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია და ასე გახდა შავგრემანი გოგონა ყველას მეგობარი, მწერალი, პოეტი და დარდების გამზიარებელი. 

ანა სვანეთში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისში ერთდროულად ორ ფაკულტეტზე - ფილოლოგიურზე და ინგლისურ ენასა და ლიტერატურაზე სწავლობდა. ქუთაისის შემდეგ ანა თბილისში გადავიდა და ჟურნალისტიკაც დაამთავრა. 

ახალგაზრდა მწერალმა ხელოვანთა გაერთიანება „თბილი სამყარო“ დაარსა, რომლის საშუალებითაც ის და მისი მეგობრები მიუსაფარ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველებს ეხმარებოდნენ. ანა იყო სატელევიზიო პროექტის „იმედის გმირის“ მონაწილეც. 

ის ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, ოღონდ გამორჩეულად ჩვეულებრივი. ძალიან უყვარდა ცხენები და მტრედები. თბილისში ყველაზე კარგად თავს მშრალ ხიდზე გრძნობდა, სადაც ყველაფერს ხელოვნების სუნი ასდიოდა, თვითონ კი მტრედებს მზესუმზირით აპურებდა. მისი საყვარელი სიტყვა „იმედი“ იყო, იმედი იმისა, რომ აუცილებლად ექნებოდა ვარდისფერი „იმედის სახლი“ და დაწერდა წიგნს „მე დავამარცხე კიბო“... 

ანა ლაშხელ ონიანი ავტორია კრებულების: „მთვარის სევდა“,  „მეოცე გაზაფხული“ და „თეთრი და შავი“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203