აკა მორჩილაძის ამაღელვებელი გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
10-10-2018
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პავილიონის გახსნაზე, მწერალი აკა მორჩილაძე სიტყვით გამოვიდა. 

მისი თქმით, საქართველოში მწერალი გამორჩეულ ფიგურად რჩება.

"...როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ, დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს, თავის შემოქმედებას ან რაღაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი, შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას რაღაცნაირად მოერიდოს. აი, ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხრათ, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, საქართველოში მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად. ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი",-განაცხადა მორჩილაძემ.

იხილეთ ვიდეო




2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters/ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა.

9-14 ოქტომბერს, საქართველოს პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე, 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები. პავილიონში ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე სივრცე, სადაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინონ ქართულ ხმოვანებას, დაათვალიერონ მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ, პავილიონში ასევე გამოფენილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა და უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.

​საქართველოს პავილიონი, პროექტის ძირითად კონცეფციაზე დაყრდნობით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა.

საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203